ბექა ახალაიას წიგნი მათთვისაა, ვისაც ნამდვილი პოეზია ენატრება. ან, სულაც, აინტერესებს – როგორია ის, ნამდვილი, თვითმყოფადი, ერთადერთი(ც) სამყარო. მდგომარეობა, სადაც ადამიანი თავის თავს ყველაზე ძნელი და მიუდგომელი შეკითხვებით განიცდის.
კომპოზიციური სრულყოფილებით აწყობილი ეს კრებული ერთი გაბმული, მთლიანი ლიტურგიკული (საკრალური) ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლექსები კი სიმღერებს გვანან, რომლებიც სამყაროს ყველა სტიქიის, კოსმოსის ცხადი თუ ხილული წესრიგის ზღვარზე ამჟღავნებენ ადამიანურ ბედისწერას.
ავტორს ამ კრებულისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა. ნომინაცია – „წლის საუკეთესო დებიუტი“
"მახსოვს, ვიწექი. ბინდი იყო. სისხლი მდიოდა, მიჭირდა სუნთქვა, საღამო იყო. მე ვიწექი. სისხლი მდიოდა, და სისხლის სუნი აეღოთ აფთრებს, ამოიბზარა შეცხადება მოთბო სიოდან და ჩათვლემილი ყვავები დაფრთხნენ."
ლამაზია... არ ვიცი, რამდენად მართებულია ლექსების კრიტიკა. მე მგონია, რომ პოეზია, თუ მართლა გულწრფელია, აღარ ითვლება და იზომება. ან მისი არსი. და ჩარჩო, რომლითაც თავისი არსი და ლექსის არსი უნდა პოეტს რიმ გაასხეულოს, ის იზომება და თან-ძალიან. ჰოდა, ჩარჩო აქ არის სუსტი, მაგრამ არსი-ძალიან ლამაზი. და საბოლოო ჯამში, კარგია, მაგრამ არასრულყოფილების განცდას ტოვებს.