სანამ რომანის კითხვას დავიწყებდი ოთხი მეგობრის აზრი მქონდა უკვე მოსმენილი, 3-ის დადებითი, 1-საც უარყოფითი. წინასწარი განწყობა ძალიან კარგი მქონდა, ბევრი მიზეზის გამო; ველოდი, რომ ძალიან მომეწონებოდა! ფაქტია, ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, პირველივეს ამას ვეცი და ღამის ძილიც შევწირე.
ამ პატარა რევიუში მომიწევს დაგასპოილეროთ, ასე რომ თუ არ გინდათ დასასრული იცოდეთ, კითხვა შეწყვიტეთ :)
წიგნს აქვს თავისი ღირსებებიც და ნაკლებიც:
მთავარი ღირსება ის იდეაა, რის გარშემოც ავტორი სიუჟეტს აწყობს: ყველანი ფანჯრიდან, ცხვირწინ, განათებულ სივრცეში ვუყურებთ ჩვენს გარშემო არსებულ დანაშაულს და მერე ჩვენივე უსუსურობით, სოციალური თუ ეკონომიკური კომფორტის გამო, ტრაგედიას არა თუ ვებრძვით, არამედ მის კვალსაც ვაქრობთ ხოლმე. ასე იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი, რომლის მონათხრობსაც ამ რომანის ნახევარი უკავია.
ზურას პერსონაჟი ერთადერთი დასრულებული სახეა მთელ წიგნში. ხასიათი დაჭერილია, ტიპაჟიც კარგადაა შექმნილი, თუმცა მომეჩვენა, რომ მისი მეტყველე��აა ცოტა დაუბალანსებელი. ზოგჯერ მზრუველი წაჰიფსტერო მამიკო იჩითება, ზოგჯერაც რიგითი ცხოვრებაზე გულაცრუებული ბაბულიკა. თუმცა, ესაა მისი გაორებული თუ სიცრუით გაჯერებული ბუნება; სტანდარტული ჰომოფობი, შაბლონური, მასისგან ათვისებული დამოკიდებულება და ა.შ. ჰოდა, სწორედ იმის გამო, რომ ზურას პორტრეტი კარგადაა შექმნილი, წიგნის პირველი ნახევარი გაცილებით კარგია, ვიდრე მეორე.
სხვა სიტუაციაა მერაბის პერსონაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო; ძალიან განუვითრებელი გმირია. მიუხედავად მისი სულ რაღაც 10-15 გვერდიანი მონოლოგისა, მაინც იყო ეს სივრცე საკმარისი იმისთვის, რომ ყველაზე სახასიათო სახე შექმნილიყო, მაგრამ ვერ შეიქმნა. შესანიშნავი იყო მისი უკუთვლა და წინასწარი შემზადება დასასრულისთვის, მაგრამ ეს იყო და მორჩა. რაც ყველაზე დაუმუშვებელი მეჩვენა იყო მისი ასაკი; 62 წლისაა და თხრობისას მეგონა 30 წლის იყო. მერაბის თავი რომ დასრულდა, ხელახლა გადავამოწმე მისი წლოვანება, ვიფიქრე არასწორად ხომ არ მახსოვს ასაკი-მეთქი.
დაუმუშვებელია თინას პერსონაჟიც, რომლისადმი არანაირი ემპათია არ ჩნდება (და ეს ალბათ ამ წიგნის ყველაზე დიდი მინუსია), მაშინაც კი, როცა ლილისთან მიდის და უსიტყვოდ ეხუტება. აშკარაა, რომ არ არის ჩაფიქრებული უარყოფით გმირად, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ კარგი იყოს - ბავშვებთან ერთად ნამცხვარს აცხობს, მუშაობს და ოჯახში “შემომტანია” და ა.შ. მოკლედ, როგორც იტყვიან, წელებზე ფეხს იდგამსო, მაგრამ ამ გოგოს საერთოდ ვერ ვიყვარებთ. როგორც თინა ირევა მას შემდეგ, რაც ერთ ცდუნებას ვერ უძლებს, ისევე ირევა მისი პორტრეტიც წიგნში.
არ მომწონა ისიც, რომ წიგნში არ არსებობს ქალაქი; მიუხედავად იმისა, რომ ერთ ეპიზოდში თინა ცენტრალური თბილისის დიდ ნაწილს გადასერავს, მაინც არ იქმნება ეს ურბანული (ზოგადად გეოგრაფიული) ატმოსფერო, რაც მომკალით და კარგი (განსაკუთრებით არაჟანრული) რომანისთვის საბაზისოდ აუცილებელი დეტალი მგონია. ის ადგილები, რომელსაც კვირაში ერთხელ თუ შვიდჯერ ჩავუვლი გვერდს, საერთოდ არანაირ განწყობას არ ქმნიან, ისე, ტყუილუბრალოდ არიან ნახსენები.
საბოლოო ჯამში, ტექსტს შევაფასებდი შემდეგნაირად, რომ არის კარგად ნაფიქრი (ამიტომაცაა, იდეურად გამართული), მაგრამ ნაჩქარევად დაწერილი.
თუმცა ეს ნაჩქარევობა არ გულისხმობს იმას, რომ რთულად წასაკითხი ნაწერია, პირიქით, ძალიან სხარტად იკითხება, ერთ გადაშლაზე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ველოდი ამ წიგნისგან. ტექსტის წერა რომ იცის გაბუნიამ, არაა ახალი ამბავი, ისედაც ვიცოდი.
რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს ველოდი, ავტორისგან, რომელსაც უკვე “საბა” აქვს აღებული, რომელსაც კარგი ლიტერატორის რეპუტაცია აქვს და რომელიც კარგ პიესებს წერს. ამასთანავე კარგი მთარგმნელიც არის.
მოკლედ, ასეთი ამბავია. თუმცა წაკითხვად ნამდვილად ღირდა.