ზაზა თვარაძე (1957-2007) _ პოეტი, პროზაიკოსი. დაამთავრა ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ ”ბალავერის” მთავარი რედაქტორი და ჟურნალ ”არილის” პროზის განყოფილების რედაქტორი. სიცოცხლეშივე გამოსცა ორი პოეტური და ორი პროზაული კრებული.
როდესაც ოციოდე გვერდის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ შედევრთან მქონდა საქმე, გადავწყვიტე ,,ლიცენზონენბურგი" მხოლოდ მეტროთი მგზავრობისას წამეკითხა, რასაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტი თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მიჰყვება (Pun intended). სიზმარნარევი 90-იანების ჰიპერრეალიზმის დამსახურებით გეჩვენება, თითქოს ყველა მოთხრობაში ცხრა აპრილის დღეებია, ბნელა და ცდილობ ტყვიებს და ხელკეტებს მეტროს უკანასკნელ ვაგონში შეუსწრო, სადაც ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებები გელოდებიან. ასეთი მწერალია ზაზა თვარაძე, ერთხელ წაიკითხავ და სრულიად სხვა კუთხით დაგანახებს თბილისს. ჩაივლი ზოოპარკის წინ და სკამზე ზაზა დაგხვდება გორილასთან ერთად, თავისუფლების მოედნის სადგურთან ზაზა იჯდება და უფილტრო სიგარეტს მოგყიდის, როდესაც ვაგზლიდან მარჯანიშვილისკენ გადახვალ რელსზე, იქვე, სათადარიგო სადგურზე ზაზა იდგება წიგნით ხელში თხასთან ერთად. ყველაფერთან ერთად ეკრანიზაციების მომხიბლავი პერსპექტივა იკარგება, მაგრამ ვის შევჩივლო... ბუნუელი მკვდარია.
ზაზა თვარაძე, რომ არაჩვეულებრივი პოეტი იყო, ერთი წლის წინ გავიგე. სრულიად არაჩვეულებრივი ლექსები აქვს, დამიწებული ლექსები. დამიწებული ლექსის განმარტება შეგიძლიათ მისსავე ლექსში ამოიკითხოთ, ამავე სათაურის ქვეშ. წავიკითხე თუ არა ლექსები, პროზაული გამოცემების ძებნაც დავიწყე, თუმცა ვერ ჩავიგდე ხელში, ამ დრომდე. ეს დღეები ვკითხულობ მოცემულ კრებულს და გაოცებული დავდივარ, ყველას ზაზაზე ველაპრაკები, ვუსმენ ყველაფერს რაც კი მასზე უთქვამთ. ვცდილობ ვიპოვო სხვა წიგნებიც და ა.შ. ამ კრებულის საფუძველზეც კი შემიძლია ვთქვა რომ ზაზა იყო ძალიან დიდი პროზაიკოსი და ძალიან დიდი ადამიანი. ადამიანი, რომელიც გრძნობდა სიტყვებს, ადამიანებსა და ემოციებს, ცხოვრებას გრძნობდა, არსებობას გრძნობდა და ამ ყველაფერს არაჩვეულებრივი ენით გვაგრძნობინებს ჩვენც. ძალიან დიდი კაცია, ძალიან დიდი პოეტი და პროზაიკოსი. ამ კრებულის წაკითხვასაც უსიკვდილოდ გირჩევთ.
რაც ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, 2024-2026 წლები რომ ჰქვია, ხშირად მიპყრობს ნოსტალგია საქართველოსადმი, განსაკუთრებით თბილისისადმი. უცნაური განცდაა - იყო აქ და გენატრებოდეს აქაურობა. გქონდეს განცდა რომ შორიდან შენატრი იმ სივრცეს, რომელშიც ფიზიკურად ხარ ახლა.
ზუსტად ამ შეგრძნებამ მიმიყვანა ზაზა თვარაძის მოთხრობების კრებულამდე, რომელიც მე, თითქოს დროში დაკარგულ ემიგრანტს, თბილისის მონატრებას მაძლებინებს. ადამიანებით, ქოფაკებით, ქუჩებით, მეტროსადგურებით, ტაძრებით, ლამპიონებით, ხეებით, ხმებით თუ უხმობით. თითქმის ყველა მოთხრობა მცდელობაა თბილისის გასაფერადებელი რვეულის გაფერადებისა. ზიხარ და ზაზასთან ერთად არჩევ ფლომასტრის ფერებს. რომ იქნებ, რამენაირად, შენი მშობლიური ქალაქის მბჟუტავ კონტურებს ისევ დაუბრუნო ციმციმი და ელვარება.
წიგნი 91-94 წლებში დაწერილი ტექსტებით არის შედგენილი. დიდი ეროვნული უბედურების ჟამს. და მეფიქრება: იქნებ ეს კაციც დევნილად გრძნობდა თავს საკუთარ ქალაქში და იმავე მონატრების განცდით წერდა მოთხრობებს, რომლითაც მე ახლა მათ ვკითხულობ? და ნუთუ ეს არის თაობებზე გადმოცემული წყევლა — მუდამ ხუჭავდე თვალებს და ქმნიდე სახლის ახალ ვერსიებს, რადგან ძველი შენს თვალწინ ბოლოჯერ დგას და მუცელში დანაჩაცემული ახალგაზრდა კაცივით საკუთარ დაკარგულ სიცოცხლეს დასტირის?
მე აღარ მინდა ვიყო ამის გადამცემი. საკმარისია!
“ესეც — სენტიმენტ! მას შენ გიძღვნი, ჩემო დესპინე, ჩემო ერთგულო მეგობარო ამ ორგულ დღეთა, მე ვიპრუტუნებ, როგორც ჭკვაზედ მცდარი მესტვირე რადგან გარშემო მხოლოდ უგვან სიცხადეს ვხედავ”.