ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც თვალში მომხვდა თითოეული მოთხრობის კითხვისას, ის იყო, რომ თითქმის თითოეული მათგანის დასაწყისი მასპოილერებდა :დ მთავარი გმირი გადარჩა, ან მთავარი გმირი მოკვდა. უმეტეს შემთხვევაში ისტორიის ფინალი ყოველთვის ცნობილია. მაგრამ სახალისო და დამაფიქრებელი ფაქტი ის იყო, რომ, მიუხედავად წინასწარი ცოდნისა, მიუხედავად ერთგვარი საბოლოო გარკვეულობისა, მაინც საშინლად დაძაბული, აზარტში შესული და აღელვებული ვკითხულობდი თითოეულ ამბავს. ვფიქრობდი, ბიჭო, როგორ ახერხებს. როგორც წესი, ხომ ასეა. ამბის დასასრული თუ იცი, ინტერესი გეკარგება, მაგია ქრება, თავდაჯერებულობას და კმაყოფილებას ხომ არასდროს მიყავხარ რეალური განცდებისაკენ, ნერვიულობისკენ, მცირედი ფსიქიკური აშლილობისკენ (რომელიც ყველა კარგი ისტორიის კვალდაკავალ სიარულისას გარდაუვალია). მაშინ რანაირად? როგორ? ზუსტად ვცოდი, რომ ინსმუთში სახიფათო მოგზაურობის შემდეგაც კი მთავარი გმირი გადარჩა, ეს ხომ თავიდანვეა ნათქვამი. მაგრამ მაინც, ინსმუთიდან გამოღწევას რომ ცდილობდა, ერთი ბნელი ქუჩიდან მეორე ბნელ შესახვევში რომ გადადიოდა, მიტოვებულ ქოხებში იმალებოდა, ისტერიულად ვფურცლავდი გვერდებს, რომ, რაც შეიძლება მალე "გავსულიყავით" ქალაქიდან, "გადავრჩენილიყავით", დარწმუნებული არაფერში ვიყავი.
ჰოდა, როგორ?
ტრადიციული გაგებით ადამიანის ფსიქოლოგია ხომ ასე არ მოქმედებს. ავიღოთ, მაგალითად, მაკბეტის შემთხვევა. მაკბეტი დაუმარცხებელია, შეუვალია, ღმერთია ნებისმიერი ბრძოლის ველზე, იმიტომ, რომ დასპოილერებულია ჩვენი მაკბეტი :დ მან იცის, რომ ის არ და ვერ მოკვდება ქალისაგან ნაშობი ადამიანის ხელით, მაშასადამე, საერთოდაც ვერ მოკვდება. და რახან ეს ცოდნა აქვს, ფინალის ცოდნა, სრულყოფილი შემართება აქვს, სხეულის იდეალური გრაცია და აროგანტული მიმიკა სახეზე. და კარგავს ამ ჯოჯოხეთურ უდარდელობას და გულგრილობას მაშინვე, როგორც კი გაიგებს, რომ ისეთი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, რომელიც ქალს არ უშობია. წელში იხრება, სამყაროს ნეტო აწვება ხერხემალზე. განცვიფრება, აშლილობა, დაძაბულობა უბრუნდება მოძრაობაში და ფიქრებში. მოკლედ, ცოდნა მომაკვდინებელი იარაღია. თუ ფინალი იცი, ხელშეუხებელი ხარ, კლდე ხარ, ნერვი არ გიტოკდება, მკლავზე თმები ყალყზე არ გიდგება, შიში ვერ გეკარება.
ფსიქოანალიზის ტრადიციული სისტემაც ხომ ცოდნის, გაცნობიერების, გაანალიზების ელემენტს ემყარება. ტრავმის გადალახვა ხდება მხოლოდ შიშის მიზეზების რაციონალიზაციით. შიშს თავზე ხელი უნდა გადაუსვა, გამარჯობა უთხრა, მოიკითხო, მოიშინაურო. გარეულ შიშს ბასრი კბიილები აქვს, შინაური შიში კი კასტრირებული, ბუხრის პირას გაწოლილი ფისოსავითაა. ცოდნა, გაცნობიერება ემოციებისგან გვათავსიფულებს, მაღალ-ფუნქციურ, გაწონასწორებულ სოციოპათებად გვხვდის. ხსნას და შვებას აძლევს აკანკალებულ გულს.
მაშინ რატომ იყო, რომ ისტორიის დასასრული ვიცოდი, მაგრამ მაინც მიცივდებოდა ხელები, ვღელავდი, არ მქონდა კმაყოფილების, დასასრულის განცდა? და მერე მივხვდი, რომ, ჰაიტ, ადამიანო, სწორედ ამაშია ლავქრაფტისეული ჰორორის, გამოუვალი, გარდაუვალი საშინელების ხიბლი :დ იმ დროს, როცა ფროიდი ათასობით გატეხილ გულს და დაბეჩავებულ სულს ფსიქოანალიზის თეორიას უვლენს, როგორც წმინდა მანანას, ახალ, უფრო ეფექტურ, თანამედროვე და მოქმედ რელიგიას, რომელიც უმეცრებითა და რწმენით კი არა, ცოდნითა და რაციონალიზაციით გაგვათავისუფლებს, ჭრილობებზე წამლად დაგვედება, მისით ტკივილს მოვერევით. სიბნელეს დავამარცხებთ... სწორედ ამ დროს, ზუსტად ამ პერიოდში ლავქრაფტის საშინელებათა ისტორიებში ახალი ტიპის შიში ჩნდება, როგორც კონტრ-არგუმენტი, როგორც რივერს-იდეა იმის შესახებ, რომ ცოდნაც კი ვერ გვიხსნის. ვერ გვიშველის, ვერ მოგვიხსნის შიშებს და კომფორტული დივნიდან წამომდგარებს ერთხელ და სამუდამოდ არ გვექნება დამარცხებული ის, რაც ცნობიერების მიღმაა, ���ატერიის მიღმაა, შავი ხვრელების მიღმა რივერს-სამყაროებშია.
სხვათა შორის, ამას წინათ მოვისმინე სლავოი ჟიჟეკის რეპლიკა-კომენტარი იმის შესახებ, რომ თანამედროვეობაში ფსიქოანალიზის თეორია არ მუშაობს. იმიტომ, რომ ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით ჩვენ თავად ვახდენთ ჩვენი ტრავმების დიაგნოსტიკას. ვარკვევთ მიზეზებს, საფუძვლებს, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გარეშეც კი ვრეცეფცირებთ საკუთარ თავზე და საკუთარ კომპლექსებზე. მაგრამ ეს არ ცვლის ბუკვალურად არაფერს. გაცნობიერება არ ხსნის შიშს. ისტორიის სპოილერი არ გვათვალისუფლებს პროცესის საშინელებებისგან.
აწწ. აი ასე მუშაობს ლავქრაფტის ჰორორის ქარხანა. მე, მკითხველს, მქონდა აბსოლუტურად კარგვეული ცოდნა იმაზე, რომ მთავარ გმირთან ერთად მეც გადავრჩებოდი (ან მოვკვდებოდი), მაგრამ ეს ჩემს ემოციურ ფონზე არანაირად არ მოქმედებდა. და არ მოქმედებდა ერთი მიზეზის გამო. არაცნობიერზე პედალირებდა ეს გენიალური ნაბიჭვარი და ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ფაქტობრივ ცოდნას ყოველთვის გაძლევს. ინფორმაციას სიკვდილზე, სიცოცხლეზე, მოქმედების დროსა და ადგილზე არასდროს იშურებს. მაგრამ ისტორიის განვითარებისას ხმამაღალი ჩურჩულით გეუბნება, რომ, იცი რა, ყმაწყვილო, ფაქტებს არასდროს ჰქონიათ მნიშვნელობა, არც რეალობას, და მეტად აღარ დაგიმალავ და, არც თვითონ ისტორიას. მთავარი იარაღი, რომლითაც შოკში ჩაგაგდებ, მოგიშინაურებ და ფურცლების საპყრობილეში გიკრავ თავს, პიქსელებიან, ინფორმატიულ სამყაროზე შენი უშველებელი, მოდერნისტული ცოდნა კი არ იქნება, არამედ სხვანაირი, მოუთვინიერებელი, გაუშინაურებელი ცოდნა. შენი, როგორც, ადამიანის, უმეცრება სხვა გალაქტიკების, შავი მატერიის, და თავად შენი, საკუთარი, გონების ბოლომდე აუხსნელი, გამოუკვლეველი ნეორონული სიღრმეების წინაშე.
ეშმაკური გეგმაა, არა? და მოქმედი :დ ჰოდა, მეც შემეშინდა, ვინერვიულე, დავინტერესდი და შემზიზღდა. რადგან ის, რაც მშვენიერია, საზარელი და საშიშიცაა. ცოდნამ ვერ მიხსნა ცოდნისგან. რეალობამ ვერ მიხსნა ლავქრაფტის სუპერრეალობისგან. ფინალმა ვერ გამათავისუფლა დასაწყისის ტკივილებისგან.
პ.ს. კიდევ ბევრ რამეზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ ისედაც ვრცელი რევიუ გამოვიდა. უბრალოდ ერთ რამ მინდა აღვნიშნო. კითხვისას ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ ქთულჰუ, ტეგოთი და სხვა უცნაური არსებები სხვა გალაქტიკების მკვიდრები კი არა, არამედ შავი მატერიის, ანტი-სამყაროს პორტალებიდან მოსული არსებები იყვნენ. და არიან კიდევაც. ისინი ხომ "ბნელი ვარსკვლავებიდან" მოვიდნენ. ჰოდა, შავი მატერიის თეორიის შექმნამდე ამდენი ხნით ადრე რომ თითქმის იგივეზე წერდა ეს კაცი, ამანაც მომხიბლა და შემაშინა. ისე, უბრალოდ, აღვნიშე. :))