100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ რაღაც 1028 დღე იარსება.
დემოკრატიულ რესპუბლიკას აშენებდნენ მისი მოქალაქეები: პოლიტიკოსები, სამხედროები, მეცნიერები, მეწარმეები, გლეხები, მუშები. მათ მრავალი საინტერესო ამბავი გადახდათ თავს და საკმაოდ მცირე დროში ბევრი რამის გაკეთებამოასწრეს.
სწორედ ამ ადამიანებისა და მათი საქმეების შესახებ მოგიყვებით ამ წიგნში, რომელიც, იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდის და გააღრმავებს თქვენს ცოდნასა და ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი.
ეროვნული მუზეუმის ბოლო სართული არის ერთადერთი ადგილი, რომლის მიმართაც მკაფიო ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს, ძალიან დიდ სიყვარულთან და მოწიწებასთან ერთად, ძალიან დიდი სიძულვილით და სიმძაფრით ვივსები. დროის ნახევარს დახვრეტილი ვაგონის წინ ქანდაკებად ქცევას ვუთმობ, მეორე ნახევარს კი, იმ აზრების ერთიანად გაქარწყლებას, სამშობლოს "გარომანტიზების გულისამრევობაზე" ხანდახან რომ მომაწვება. ვუყურებ ვაგონს, და მის ნახვრეტებზე სულ ჭილაძის კრიტიკა მახსენდება გადახვეწილ საზოგადოებაზე, რომ საქართველო მრავლადგახვრეტილი ნავია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, არათუ არ გადავსხდეთ უკეთეს გემზე, არამედ გამუდმებით სათლებით შეიარაღებულებმა, არ მივცეთ წყალს კოჭებამდე მოღწევის უფლება. ხშირად მიფიქრია ქვეყნიდან სამუდამოდ გადახვეწაზე, ყველაფრის უკან მოტოვებაზე და აუღელვებლად ცხოვრების გაგრძელებაზე, მაგრამ მანამ, სანამ დაცხრილული ვაგონის ალისფერი სისხლით შეღებილი ნასვრეტებიდან სისხლისფერი ყაყაჩოები არ აყვავდებიან, ვიცი, ამას ვერ ვიზამ. ვშორდები ვაგონს და ვუახლოვდები დიქტატორის მაგიდას, რომელზეც დაბრძანებულია შავი, უსულო ქარონი. ვიხედები ირგვლივ, ვხედავ პეტრეს, ვხედავ კოტეს, ვხედავ სანდროს, ვხედავ ტერენტის, ვხედავ ტიციანს, ვხედავ ნიკოლოს და... ვერაფერს ვხედავ.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 1028 დღე იარსება... წაიკითხეთ და წარმოიდგინეთ, სად ვიქნებოდით ახლა, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია და 70-წლიანი ჭაობი...