ირაკლი სამსონაძის ახალ რომანში ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30 წლიანი ინტერვალი აშორებს.
პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა. ანეკდოტური ატმოსფერო თანდათან იცვლება, ლამარიე ქარს და სუსხიან სიმართლეს შემოიყოლებს.
მეორე ამბავი დღევანდელ საქართველოში ვითარდება და კლიმაქსურ ასაკში მყოფი მსახიობი ქალის ისტორიას გვიამბობს. მისთვის კარგახანია, როლი არ შეუთავაზებიათ და ამას მტკივნეულად განიცდის, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს. შედარებით ხანგრძლივი ვადით სამ მამაკაცთან ცხოვრობდა – მსახიობთან, რეჟისორთან და დრამატურგთან; დეას ერთი ვნება აქვს თავშესაფრად – იგი კლეპტომანია; როდესაც უმნიშვნელო, მისთვის სრულიად უსარგებლო ნივთს იპარავს, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ეს კი მონატრებულ სცენაზე აბრუნებს თითქოს. და ერთხელაც, ნევროზისა და შიშისგან გასათავისუფლებლად მიეშურება მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, სადაც ბაზრობაა გამართული, იქ უნდა1 „ინადიროს“, რამე მოიპაროს, შიში დაძლიოს, ვნება დაიბრუნოს...
გუდრიდსზე მოსანიშნადაც კი ძლივს გავიმეტე. ინტიმურ სივრცესა და სიგარეტის კვამლში მინდა მომრჩეს ეს წიგნიც და მასზე საუბრებიც.
სამყარო კი არა, ადამიანი და ადამიანის ამბავიც საორღანო ბგერით დაიწყო და ამითვე აღსრულდება. ჭიქას ვინ წაგიქცევს და შენს აივანს ვინ ამოხედავს და ძველ აფიშებზე უცნობ მზერებში შენს თვალებს ვინ დალანდავს და სასოწარკვეთამდე ვინ გიერთგულებს და ვისი სიმღერები დაგამშვიდებს, ეგაა და ეგ გადაგიწყვეტს ჰეფი ენდსაც
1988 წელს ტრულაილამ საკუთარ "საოხრეს" ქელეხი გადაუხადა ქარიან ქუთაისში, თანამედროვეობაში კი კლეპტომანიით შეპყრობილმა წარუმატებელმა მსახიობმა დეამ არაორდინალური ქორწილი გადაიხადა ქარიან თბილისში. რა აკავშირებს ამ ორ ადამიანს გარდა შემთხვევით აღმოჩენილი სისხლისმიერი კავშირისა? ტრულაილას დრო მიდის, სსრკ ირღვევა. ლამარიეს წინასწარმეტყველება სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევი. დასანგრევი ინგრევა. მთავარია შემდეგ ნელ-ნელა შენება დაიწყოს. გამოვიდეს დეპრესიიდან ქალი, რომელმაც ბავშვობიდან უამრავი ტკივილი აიტანა და დამარხოს წარსული, მენტალურად ტრანსფორმირდეს და ცხოვრება გააგრძელოს... როგორც ქვეყანამ...