გლობალურმა დათბობამ, კლიმატის ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი - წლევანდელმა კორონას პანდემიამ, რომელმაც ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა გარდაუვალ ცვლილებებზე, კაცობრიობის მომავალზე, ადამიანების ყოფაზე. თანამედროვე გლობალური გამოწვევები სულ უფრო ნაკლებ იმედს გვიტოვებს, რომ მომავალი უტოპიური იქნება. 2019 წელს, გამომცემლობა "წიგნები ბათუმშის" მიერ, ფანტასტიკური ბიბლიოთეკის სერიაში გამოცემული მოთხრობების კრებული "9" დახუნძლულია ასეთი მოთხრობებით. კრებულში შესულია 8 ავტორის 9 მოთხრობა. მათი უმრავლესობა საშიშ მომავალზეა, რომელშიც ჯერ კიდევ არის ადგილი კაცობრიობის კეთილშობილური თვისებებისთვის. ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო თითოეული.
ელიზაბეტ ბირის მოთხრობა "მოქცევა" გვიყვება მეომარ რობოტ "ქალკედონზე" პოსტაპოკალიფტურ სამყაროში, სადაც ცივილიზაცია განადგურდა, ხოლო კაცობრიობა - გამოქვაბულის ადამიანის დონეზე დაეშვა. ქალკედონსაც ბევრი აღარ დარჩენია. მისი ძრავები წყობიდან გამოდის, აბჯარი უჟანგდება, თუმცა ის მაინც ბოლო წუთამდე ინარჩუნებს თანაგუნდელებისადმი ერთგუმებას, რომლებთან ერთადაც მსახურობდა. მათი გმირობის ისტორიებს თავის აწყობილ მძივებში აქსოვს და მასთან დამეგობრებულ პატარა ბიჭს გადასცემს, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
კრებულში, ჰარლამ ელისონის ორი მოთხრობაა შესული. პირველი მათგანია "მინდა ვიკივლო, და პირი არ მაქვს". მოთხრობა ერთ-ერთი შესაძლო მომავალზე გვიყვება, სადაც სუპერ კომპიუტერმა 5 ადამიანი თავის ვირტუალურ რეალობაში მოათავსა და აწამებს მათ. ნაწარმოებში არ ჩანს რამ გააბოროტა სუპერკომპიუტერი, რას ერჩის ადამიანებს, თუმცა მისი წამების მეთოდები სასტიკია და ადამიანების ყოფა აუტანელი. მინდა ვიკივლო, და პირი არ მაქვს...
ჰარლან ედისონის "-მოინანიე არლეკინ! - თქვა წიკწიკამ" კრებულში შესული მეორე დისტოპიური მოთხრობაა. გვიყვება სამყაროზე, რომელშიც ყველაფერი საათივითაა აწყობილი. არავინ არსად აგვიანებს. თითოეული ნაბიჯი და ქმედება დროშია გაწერილი. ადამიანების სიცოცხლეც დროზეა დამოკიდებული. ერთი ადამიანის მიერ დისციპლინის დარღვევას შეიძლება ჭანჭიკის ამოვარდნის ეფექტი ჰქონდეს. გადაცდომები, ტემპიდან ამოვარდნები და დაგვიანებები, ბოლოს სიცოცხლის ფასად უჯდებათ ადამიანებს. პირდაპირი გაგებით, მათი სიცოცხლე წითებშია გაწერილი. ასეთ პედანტურ სამყაროში ჩნდება "პიროვნება", როცა სისტემას ეგონა რომ ასეთი გადაცდომები აღმოფხვრეს საზოგადოებიდან. არლეკინი სხვებს არ ჰგავს. მას არ სურს ჭანჭიკი იყოს. ის უჯანყდება სისტემას, რომელმაც ადამიანი დაიმონა და მექანიზებულ რობოტად აქცია. მისი ოინები უწყინარია, მაგრამ დიდი დანაშაულია იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობს.
"ზოგიერთ წრეებში - საშუალო ფენაში - საზიზღრობად მიიჩნიეს. თავხედურად, ანტისაზოგადოებრივად, სასირცხვილოდ. ზოგიერთები მხოლოდ დასცინოდნენ - იქ, სადაც საღი აზრი ჩანაცვლებულია ტრადიციითა და რიტუალებით, შესაფერისობით, მართებულობით. მაგრამ ქვედები - რომლებსაც მუდამ სურთ, თავიანთი წმინდამები და ზნედაცემულები, გმირები და ბოროტმოქმედები ჰყავდეთ, ჰქონდეთ პური და სანახაობა - მას თვლიდნენ ბოლივარად, ნაპოლეონად, რობინ ჰუდად, დიკ ბონგად, იესოდ, ჯომო კენიატად."
ცხადია, მისი საქმე "წიკწიკას" უწყებას გადაეცა...
ამ მოთხრობამ უამრავ მკითხველს აგრძნობინა რა არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა.
ჯეკ ვენსის მოთხრობა "მთვარის ჩრჩილი" სხვა, განსხვავებულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც სრულიად სხვა საზოგადოებრივი ნორმები და კომუნიკაციის ტრადიციებია. სირენიელების სამყაროში სახის გამოჩენა უკიდურესი დამცირება და პატივის აყრაა. ამიტომ ყველა ნიღბით დადის. ნიღაბი "სტრაკჰის" გამოხატულებაა, რაც ადამიანის სტატუსს, პრესტიჟს, რეპუტაციას, დიდებას მოიცავს. ყველა ადამიანს თავისი "სტრაკჰი" გააჩნია და სწორედ ეს წყვეტს შუძლია თუ არა მას ჯონკის (მცურავ სასახლის) შეძენა. თავის მხრივ ჯონკის მდგომარეობა ,იუთითებს მფლობელის სტატუსზე. მათი კომუნიკაციის სტილიც განსხვავდება. საქმე ენის ცოდნაში არაა, არამედ მეტყველების მანერაში. საუბარს მონებიც არ აქვეცენ ყურადღებას. თუკი ვინმესთან გამოლაპარაკება გსურთ, საკრავზე უნდა დაუკრათ და დაამღეროთ. საკრავები კი უამრავია, გააჩნია ვის ელაპარაკები და რა ტონით. მთვარის ჩრდილი სწორედ ამ საინტერესო სამღაროში, უცხო ცივილიზაციის (ადამიანის) ელოჩობისას გადახდენილ თავგადასავალს გვიყვება.
ურსულა ლე გვინის მოთრობა "ცხრა სიცოცხლე" კლონირების თემას ეხება. ლე გვინუისეულ მომავალშიც შრომა არაა უსაფრთხო და სხვა პლანეტებზე წიაღისეულის მოპოვება რისკებთანაა დაკავშირებული. ამისთვის კლონირებას იყენებენ. წიაღისეულის მოსაპოვებლად 10 ინდივიდისგან შემდგარი კლონების ჯგუფი ჩავიდა. 5-5 კაცი და ქალი. ისინი ერთი გენიოსი კაცის კლონები არიან, შემდეგ კი დატრეინგებულები შესაბამისი პროფილით. მათი გონება და ფიქრები ერთმანეთს ემთხვევა. ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. თვითკმარები არიან და არც აინტერესებთ სხვა ადამიანები. მათი კომუნიკაცია უცხოებთან მხოლოდ მშრალი და საქმიანია. რა მოხდება, თუ რომელიმე მათგანი მარტო დარჩება? როგორ შეძლებს ის კომუნიკაციის დამყარებას სხვა ადამიანებთან? შეძლებს სოციუმში გარევას თუ მარტოობა გააგიჯჟებს და საკუთარ თავში ჩაიკეტება?
ტიმ პრატის მოთხრობა "წარმოუდგენელი ოცნებები", ჩემთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, მრუმე ფერებით დახუნძლულ, საზარელი მომავლის ამსახველ კრებულში. ეს იმ ტიპის ფანტასტიკური მოთხრობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი წარმოუდგენელი ოცნებები ავიხდინოთ. მოთხრობაში პარალელური სამყაროდან მაღაზია ჩნდება, სადაც ჩვენს რეალობაში დაუმთავრებელი, არარსებული და განსხვავებული ფილმები იყიდება, ან ქირავდება. ნამდვილი სამოთხეა კინომანებისთვის. ასეთ ჯადოსნირ მაღაზიაში კი გარდა ნანატრი ფილმებისა, შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანიც იპოვნო.
მაიკ რეზნიკის მოთხრობა "ფერმკრთალი ღმერთი" განსხვავებული სტილის მოთხრობაა. ეს არაა არც მომავლის აღწერა, არც სხვა სამყაროს ილუსტრაცია. ესაა სასამართლო. უძველესი ღმერთები ასამართლენებ ახალბედა, ფერმკრთალ ღმერთს. ბუნებრივია, საუბარია ქრისტეზე. ედავებიან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის. რეალურად მათი ბრალდებები იმ დადებით გაბატონებულ "სიკეთეებს" წარმოადგენს, რის გამოც აფასებენ ქრისტიანობას: მიმტევებლობა, სიყვარული, სიკვდილზე გამარჯვება, მოწყალება, იმედი. ამ ყველაფრის გამო, თავიდან ცოტა იმედგახრუებული ვიყავი მოთხრობით, თუმც�� იესოს პასუხმა და ფინალმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს მოთხრობა, თუნდაც ქრისტიანული რელიგიის გადასააზრებლად.
რობერტ სილვერბერგის მოთხრობა "გზაგასაყარზე" კიდევ ერთი ფუტურისტული მოთხრობაა კრებულში. ამჯერად ჩვენს წინაშეა სამყარო, რომელმაც შეძლო სხვა სამყაროებში გადასასვლელი გზის პოვნა, თუმცა ვერ დაამარცხა კიბო. მთავარი გმირი - ალფიერი ცდილობს სხვა სამყაროში მოხვდეს, იქ სადაც განკურნავენ. სხვა სამყაროში გადასასვლელად, გზაგასაყარზე დარაჯი დგას. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს გაუშვებს მგზავრს ახალ სამყაროში, თუ უკან დააბრუნებს. უნდა დაუმტკიცო რომ შენი არგუმენტი წონადია, რომ სასარგებლო ხარ და ღირს შენზე რესურსების ხარჯვა. ალფიერს გარდა თავისი სარგებლიანობის და ფასეულობის მტკიცებისა, მოუწევს დასთანხმდეს დარაჯის სამუშაოს. საინტერესოა რამდები არსების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ღირს კი სიცოცხლის გაგრძელება ამხელა პასუხისმგებლობის აღების ფასად? ეს ამბავი ადამიანური გრძნობების კიდევ ერთი ილუსტრაციაა.
პოლონელი მწერალი, მარეკ ჰუბერატის მოთხრობა "ეენ დაბ უნდი სნეოგგ. ვისოდი" ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიაა კრებულში. სათაურის გაუმართაობა ბეჭვდის შეცდომა არ გეგონოთ. ეს ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვებია, რომელიც სმენადაქვეითებულია და ლაპარაკი უჭირს. სიუჟეტი მომავალში ხდება, სადაც ადამიანები დაავადებებისგან, გარემოს დაბინძურებისგან დეგრადირდნენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ლამის ხუთჯერ შემცირდა. ჩვილები აღარ იბადებოდნენ და თუ იბადებოდნენ, მხოლოდ უამრავი გენეტიკური და ფიზიკური პათოლოგიით. მათ უმრავლესობას ადამიანური სახეც კი ჰქონდა დაკარგული და უბრალოდ ორგანოები გროვას წარმოადგენს. ამ სამყაროში, ადამიანის სტატუსი მოსაპოვებელია. ადამიანებს ჯგუფურად ათავსებენ ოთახებში და მათ განვითარებას აკვირდებიან. მხოლოდ ყველაზე განვითარებული ახერხებს გაიმარჯვოს და ადამიანის სახელი მოიპოვოს. მიიღოს ბინა და ჩაერთოს საზოგადოებრივ შრომაში. დანარჩენები კი უნრალოდ მეორადი გამოყენების ორგანოების დონორები ხდებიან. ორგანოები ცხადია ფასიანია. ზოგს მთელი ცხოვრება უწევს მუშაობა, საკმარისი თანხის გამოსამუშავებლად. მთელი ცხოვრება კი - სულ რამდენიმე წელია.რადგან გარემო დაბინძურებული, რადიაციული და მომაკვდინებელია. ასეთ მიზერულ ყოფაშიც კი, ადამიანეს უყვადებათ ერთმანეთი, თუნდაც ოფიციალურად არ იწოდებოდნენ ადამიანებად.