ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე ვითარდება უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი...
როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?!
ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. ბესო სოლომანაშვილი კინო- და ტელერეჟისორია. ამავე დროს, ქართველი მკითხველი მას იცნობს, როგორც მწერალს. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს სამი პროზაული კრებული. „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.
კარგია, უბრალოდ ზოგჯერ ყველაფერი ზედმეტად არის დაღეჭილი. თითქოს ავტორი შიშობს, ვაიდა, ვინმეს რამე არ გამორჩეს. ეს კარგად ჩანს, მაგალითად, საათის შემთხვევაში, ნაწარმოების მიწურულს რომ აღმოაჩენენ და სრულიად გასაგებია, რა საათიცაა, მაგრამ ამ "ვაიდა"-ს გამოისობით იმ შენი პატარ-პატარა მიხვედრებით ტკბობა თითქოს აღარ გერგება.
ასევე, ოდნავ იმ წესების მიხედვით დაწერილს ჰგავს - "როგორ დავწეროთ რომანი" - ტიპის მასტერკლასებში რომ გვასწავლიან: მაგალითად, რომ პერსონაჟის ბავშვობაში უნდა იყოს რაღაც ისეთი გამორჩეული სიმბოლო, რამაც მერე სენტიმენტი უნდა შექმნას ("რძეში ამოვლებული იები"), რომ რაღაცეები მთელს თხრობას უნდა გასდევდეს ლაიტმოტივად ("ყვითელი ფხვნილი", "საათი"), რომ ცნობილ ხალხს თუ შემოიყვან თხრობაში, ასე პირდაპირ არ უნდა ახსენო (მაგ. თქვა "ის 1937 წელს დახვრეტილი მწერალი, ბერიას რომ დასცინოდა" და არა - ჯავახიშვილი) და მისთ. ის თავში ნახსენები ზედმეტად დაღეჭვაც ამ წესების ნაწილია, რომ საბოლოო ჯამში გაუგებარი არაფერი დარჩეს. ეს მომენტი ცალსახად არც კარგია, არც - ცუდი, უბრალოდ იგრძნობა და რომ გრძნობ, ოდნავ უკარგავს ბუნებრიობას.
ზოგადად, ამბავი კარგია. არც თხრობის სტილია ურიგო, არც სტრუქტურა და არც - ამბის გადმოცემის ფორმა, სხვადასხვა ეპოქაში მომხდარი ამბები ერთიან სურათს რომ ქმნის. ჯვარნაკრავის პერსონაჟიც მშვენიერია - ჯაყო ჯივაშვილის ბეტა ვერსია (პერსონაჟის იმ მწერლისა, ბერიას რომ დასცინოდა და 1937 წელს დახვრიტეს). კიდევ იქნება კარგი რაღაცები, რაც ვერ შევნიშნე. სხვა მხრივ კი, ეგაა და ეგ.
Update 28.12.20 - ქართული ლიტერატურის სირცხვილია ამ წიგნის „წლის რომანად“ აღიარება. ამიტომ ნაჩუქარ ერთ ვარსკვლავს ისევ წავართმევ.
ერთი ვარსკვალვი სათაურის გამო, რომელიც ძალიან მიმზიდველია და მეორე ვარსკვლავი ყდის გამო, რომელიც ასევე ძალიან მიმზიდველია. რაც შეეხება მესამე ვარსკვლავს... მესამე ვარსვკლავს იმის გამო ვუწერ, რომ ქართველი ავტორების მიმართ ლმობიერი ვარ და არც ისე ურიგო თხრობის სტილი აქვს ავტორს. და ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ კითხვა სამ ვარსკვლავს მაინც რატომ იმსახურებსო და ერთი ძალიან შიგნაკრავი პერსონაჟი ყავს ამ წიგნს და ჯვარნაკრავი ქვია, რაც მთელი წიგნის მანძილზე მახალისებდა. სიუჟეტურად ეპატაჟური ნაგავია. (თუმცა რადენიმე კარგი პასაჟიც იყო, არც მთლად წყალწაღებული წიგნია)
სადღაც ამბობს ავტორი, მოთხრობა იყო ჯერ და მერე ვაქციე რომანადო და ზუსტად ეგ ეტყობა ამ ტექსტს: საინტერესო იდეა კია ჩანაფიქრში, მაგრამ ეგ არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბოლომდე გამართულ რომანად შეკრულიყო. ამიტომ რამდენადაც პირველი ნახევარი საინტერესო მეჩვენა, იმდენად მეორე ნაწილში იმედგაცრუებული დავრჩი: კარნავალური გროტესკი უცებ მაინც ბანალურ მოტივებამდე დავიდა.
თან ისე ჯიქურ იყენებს მარგინალიზებული სექსუალობის თემებს - ინტერსექსი, გეი და ქროსდრესერი პერსონაჟები პერვერსიებად შემოჰყავს ისე, რომ დარწმუნებული არ ვარ, თავადაც ასე არ უყურებს მათ.
ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაინც იწერება წიგნები მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაზე. ცოტა უფრო ვრცლად ამაზე: https://shorturl.at/AMTU1
დაახლოებით 5 წლის წინ წავიკითხე. მაშინ მახსოვს, რომ ძალიან მომეწონა სათაური და ყდა. ანოტაციის წაკითხვის შემდეგ დამაიმედებლად ჟღერდა. პირველი 20-25 გვერდი ნორმალური იყო, თუმცა რაც უფრო შორს ვტოპავდი, მით ნაკლებად მომწონდა ეს წიგნი. გასაგებია იდეა, თუმცა გაუგებარია გადმოცემა. მოკლედ, ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო და მგონი მეორე ნაწილში გამოუვიდა კიდწვაც(ახლა ჩაუჯექი და პირველი 30 გვერდი “ლუპენ მილენიუმის” ძალიან მომწონს). იქნებ როდისმე გადავიკითხო კიდევაც და სხვა თვალით შევხედო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მხოლოდ იდეისა და სათაურის გამო იმსახყრებს ამ 2 ვარსკლავს
კარგი წიგნია ისტორიულ (გენერალი მაზნიაშვილი, სტალინი, ბერია, მახარაძე, ორახელაშვილი) და გამოგონილ (თუმცა ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი ადამიანი არსებობდა) გმირებზე, იმაზე, თუ როგორ იქცევა ადამიანი ჯერ ცივსისხლიან ჯალათად, შემდეგ კი - მსხვერპლად... ალბათ საბჭოთა ეპოქას ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ - ალუზიური მისტიფიკაციის მხრიდან...
ეს არის "საბა 2020"-ის გამარჯვებული წიგნი, წლის საუკეთესო რომანი. არ ვიცი, "საბას" რა კრიტერიუმებით ანიჭებენ, მაგრამ რატომღაც ამერიკული კინოაკადემიის ახალი მოთხოვნები გამახსენდა, მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად რომ დააწესა რამდენიმე თვის წინ. თითქოს ჩამოწერილი იყო ამ წიგნისთვისაც, რა უნდა ეხსენებინათ აუცილებლად, რა თემას შეხებოდნენ და ეს წკაპ-წკაპ მონიშვნებიც დავინახესავით- ამაზე ვთქვით, ამაზე დავწერეთ, ეს ვახსენეთ, ეს გამოვაჩინეთ... რავიცი. ალბათ ამანაც იმუშავა. წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი და ადვილად იკითხება. წყალივით. "მოგვითხრობს 1921 წელ�� საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ". რას მოგვითხრობს და რამდენად საინტერესოდ მოგვითხრობს, რა გითხრათ. რაღაცნაირად დავარცხნილ - დახარისხებული წიგნი კია, საფიქრალიც არ გრჩება, ისე გამზადებული მოგდის ყველაფერი. ეს შავია, ის - თეთრი. ეს ცუდია, ის - კარგი. ყველაფერი მარტივია, ფიქრით თავი არ შეიწუხოთ, უკვე იფიქრეს და გაპრიალებულ-დალაგებული მოგვაწოდეს. და ეს წკაპუნით მონიშნული უჯრედებიც, რომ რაღაც თემები ახსენეს.... აი რავიცი რააა. წლის რომანი. 😕
იცით სად ბუდობს ტრაგედია? ტრაგედიაა იქ სადაც ცოდვა მოუნელებელია, ცოდვის სიმძიმეს ვერ “ზიდავს” ჯვარი. არ არის მხსნელი სიყვარულთან თანაზიარი ქრისტეს ღირსება და ეკლიანი გვირგვინის სისხლი ვერ ბანს ბოროტებას ჭუჭყს. რძეში ამოვლებული იების სუნი ვერ ანელებს ცოდვის სიმყრალეს. ტრაგიკული ერი ვართ, ტრაგიკული ბედისწერის. ღრმად ვერ ვსუნთქავთ, ვერც “ვანიავებთ” ცხელი სისხლის ოხშივარით “დამძიმებულ ქვეყანას”, ვერც სიზმარეულ ფიქრებს გავურბივართ… გულუბრყვილო, ჭკუასუსტი პატიოსნებით გვგონია მხოლოდ გმირთა საფლავებია ირგვლივ. გვიკვირს, ჩვენი მიწასავით დაბერებული , უღელი ვერ ჩამოგვიხსნია ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში. ეს ილუზიაა, ჩემო ქართველო. გმირთა საფლავებს შორის ღირსება დაკარგული, “პირუტყვზე უპირუტყვესი” ქართველთა გვამები სჭარბობს. ღმერთი ცოცხალია, გვაკვირდება და საკდრის პასუხსაც გვაძლევს : -შვილნო ჩემო, არის ასეთი მოირა, წინაპართა დანატოვარი მემკვიდრეობა საუკუნოდ უნდა წარიტანოთ, ზეცად ამაღლებისას კი განიწმინდებით, თუ ბუმბულზე მსუბუქი იქნება თქვენი გული. ეს არის კანონზომიერება წარმავალი ცხოვრებისა და ზეციური სამმყოფელისა. მხოლოდ კაცის მკვლელნი ვერ ამაღლდებიან ზეცად მათი სულები ვერ ჰპოვებენ ზეციურ ნათელს და განსასვენებელი მათი იქნება შავი, უცეცხლო, ცივი სამარე. ბოლო დროს კაცის მკვლელების შესახებ კითხვა შემიყვარდა სწორედ. “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამაბავი ახალი დასახვრეტებისა”…ბოლო ფურცელიც ამოვწურე. ჩუ, ჩუ, შშშ.. შუაღამის ოთხია, სრული. ვაი, როგორ შემეშინდა. ცივმა ოფლმა დამასხა ისედაც გაყინულ ოთახში. ბოლო გვერდებზე უკვე “ბოროტების დახვრეტას” დავტიროდი, პარადოქსია, შემმეცოდა მაინც ყველა პერსონაჟი, ერთს ასე ერქვა - ჯვარნაკრავი. საწოლიდან წამოვხტი, შუქი ჩავაქრე, ძილის წინ შიშმა სულმთლად გადამრია, ვაი, ჩემ თავს ბოლომდე არ გავუგო, არ მოვუსმინო-მეთქი. თავი ჩავრგე საბანში და ძლივსღა ჩამეძინა… სიზმარში ვნახე რძე, იები, წითელი სისხლი და ყვითელი ფხვნილი. გამომეღვიძა და თავი დავიმშვიდე, სად ვნახავ ახლა იებს და წითელ სისხლს, დეკემბერია… და ალბათ იქნება თოვლი. ხოდა ბოლოს, ალბათ მიხვდი, ჩემო “პატარა ქართველო”, აღარ მაკვირვებს სასოწარკვეთილი სულის სიმშრალე და დარდისგან ლოდივით დამძიმებული მაქვს გული ქვეყანაში,ორ ღობის მსგავსში. დამფრთხალი ფიქრები მსტუმრობენ მეტისმეტად ხშირად, ის კი ვიცი ადამიანს ორადორი მიზეზი აქვს შიშის: ერთი, ვაი და მსხვერპლი არ გახდეს, მეორე, ჯანდაბას და ძალადობრივი საქმე არ ქმნას მისდა უნებურად. ჩემი შიში რომელს მივაწერო ეს ვეღარ გამიაზრებია, მხოლოდ. ფიქრის ჩაყოლას “რაღაცნაირ” ძილს ვარჩევ, რადგან…
იდეა ძალიან მომეწონა, იყო თითო-ოროლა კარგი პასაჟიც, მაგრამ, მთლიანობაში, მაინც სუსტი და ტრაფარეტული მეჩვენა ეს წიგნი. ზოგადად, ისტორიულ თემაზე (თან, უახლეს ისტორიაზე) მწერალი უკვე დგას ამ საფრთხის წინაშე-იმის გამო, რომ ძირითად ღერძში ვერ გადაუხვევს ისტორიულ სინამდვილეს. ამიტომ, ისღა დარჩენია, რომ ეს ისტორიული ტრაფარეტი ორიგინალური აღმოჩენებით, მსჯელობებით და სახეებით მორთოს. სამწუხაროდ, ბესო სოლომანაშვილს დიდად ვერ უმარჯვა კალამმა ამ მხრივ. ბევრი ბავშვური პასაჟი (რძეში მოხარშული იები, ყვითელი ფხვნილი, ჩარტორიისკის ოქროს საათი), სექსუალური გაუკუღმართება და უაზრო სისასტიკეა, იმდენად უაზრო, რომ გროტესკულადაც გამოიყურება ამდენი აკუწული სხეული, გასხმევინებული ტვინი და გამოფატრული მუცელი. პერსონაჟებიც გროტესკულია, რაც აშკარა დისონანსშია იმ ტრაგედიებთან, რაც სინამდვილეშიც ხდებოდა და წიგნშიც ხდება. იდეის და სათაურის გამო მაინც დავუწერ 2 ვარსკვლავს..
სახელი დამაინტრიგებელია, რომანი კარგად იკითხება. ამ წიგნში ერთადერთი რამ მომეწონა ძალიან - კითხვის პროცესში ხვდები, რომ გეზიზღება ის ეპოქა, რომელიც ბოლშევიკებმა მოიტანეს, სისხლით და სიბინძურის სუნად აყროლებული ეპოქა. ჯვარნაკრავის პერსონაჟი კი სახედაუფარავი ჯაყოა, რომელიც დაცლილია ყველანაირი ადამიანურისგან და სასტიკი ცხოველია მისგან დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ რომანის ბოლო ნაწილი ზედმეტად ზედაპირულად დაწერილი მომეჩვენა, მაინც კარგია, რომ იქმნება პრეცენდენტი ამ პერიოდის საქართველოზე რომანების შექმნისა.
ოდნავ გაწელილი და ბევრჯერ დაღეჭილი თემა. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ საბას წლის საუკეთესო რომანის ჯილდოს კვალობაზე მეტს ველოდებოდი. რაღაც მომენტში მოსაბეზრებელიც კი შეიძლება გახდეს, მაგრამ კარგი იუმორი მაინც ხაზგასასმელია.
პერიოდულად კარგი იუმორია. მაგალითად, 90-იანების თბილისი ლობიოს ჭამის მერე გაზის სუნს რომაა შედარებული. ბოევიკები სროლის დროს რომ თან აკუებდნენ, - ეგეთი პოპ იუმორი შეიძლება ბევრისთვის ბანალური იყოს, მაგრამ აქ მძიმე თემას სიმსუბუქეს აძლევს.