რთულია შესაფასებლად. სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდებოდა და დასასრულიც ისეთი იყო, როგორიც ამ წიგნს სჭირდებოდა.
ტექსტი ზედმეტად გაწელილი და განმეორებადი იყო. ერთი და იმავე სათქმელს ავტორი რამდენჯერმე იმეორებდა. უკეთესი იქნებოდა, აზრი უფრო ლაკონურად ყოფილიყო ჩამოყალიბებული.
რაც ძალიან არ მომეწონა, იყო ავტორის დამოკიდებულება ქალი პერსონაჟებისადმი. ყოველი აღწერისას ან მკერდის ზომა, ან ფეხის სიგრძე იყო მთავარი და კი, ჩავთვლიდი რომ ასე მთავარი პერსონაჟის თვალით ვხედავდით, მარინეს თვალთახედვითაც რომ არ ყოფილიყო ერთ-ერთი თავი დაწერილი.
ყველა ქალის აზრი მხოლოდ კაცების გარშემო ტრიალებდა, მხოლოდ რამაზ კორინთელი იყო მათთვის მთავარი საფიქრალი. საკუთარ თავსაც მხოლოდ გარეგნული სილამაზით აფასებდნენ, და სარკეშიც როგორც ხორცის ნაჭერს, ისე უყურებდნენ. ინდივიდუალიზმსა და ხასიათს მოკლებული იყვენენ, რის გამოც რთული იყო მათი აღქმა ნამდვილ ადამიანებად.
კითხვის პროცესში ძალიან მაღიზიანებდა ასეთი დამოკიდებულება. ვიცი, რომ საბჭოურ პერიოდში დაწერილ წიგნს ქალის ჩვეულებრივ ადამიანად წარმოდგენა არ უნდა მოვთხოვო, მაგრამ მაინც დასანანია. რომ მომეხერხებინა ამაზე თვალის დახუჭვა, იქნებ მომწონებოდა კიდეც ეს წიგნი.
მთავარი თემა აქ რამაზ კორინთელის სხეულისა და დავით გიორგაძის ტვინის შერწყმა იყო. როგორ გაუჭირდა გონებას ახალი სახლის მიღება, მთავარი პერსონაჟის შინაგანი ბრძოლა, რომელიც გარეთაც აღწევდა და ის დასასრული, რასაც ეს ისტორია ლოგიკურად მოითხოვდა.