ესეების კრებული ქართული ენის თანამედროვე სტრუქტურის დეკონსტრუქციის მცდელობაა. ის იკვლევს სახელმწიფო ენის ფორმირების პროცესსა და მის შინაგან მახასიათებლებს - დიალექტებსა და სოციოლექტებს, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ კლასებსა და ჯგუფებს ეკუთვნით. ენა, რომელიც ისმის, ძალაუფლების ენაა. ყველაფერი, რასაც საჯაროდ გამოჩენის უფლება აქვს, ამ ენის გრამატიკის კანონებს უნდა ექვემდებარებოდეს. სხვა ენა არსებობის ულებაჩამორთმეული ენაა, რომელსაც სამეტყველო ასპარეზი არასდროს ეთმობა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ წიგნში ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაც მანამდე სხვაგან არ თქმულა, თუმცა თუნდაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თეორიისა თუ ნააზრევის ერთმანეთთან დაკავშირებით გარკვეულ თემებზე საერთო სურათის აღქმას გიმარტივებს და ფუნდამენტური წარმოდგენის შექმნაში გეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის პირველი ნახევარი უფრო საინტერესო მგონია, ამ ავტორს ყოველთვის ვუფასებ, რომ ერთი შეხედვით რთულ საკითხზეც კი მაქსიმალურად გასაგებად და ლამის მხატვრული ტექსტისთვის დამახასიათებელი ჩამთრევი სტილით წერს.
ნაკლებად ოროგინალური, მაგრამ მეტად ინტეპრეტაციული ნაშრომია, რომელიც აბსოლუტურწილად უკვე არსებული თეორიებისა და მოსაზრებების რევიზიას ეყრდნობა. ერთი მოხერხება უნდა იმასაც, კითხვა რომ არ მოგბეზრდეს და ავტორმა ეს ნამდვილად შეძლო.
როცა ვიტყვი, რომ ავტორს არ ვეთანხმები, არის ორი ვარიანტი - ან არ ვეთანხმები კონტექსტსა და დისკურსს, რომლის ასახსნელადაც ამა თუ იმ პირის სიტყვებს იყენებს (დაწყებული ნეტარი ავგუსტინეთი და პავლე მოციქულით და დამთავრებული მეოცე საუკუნის გერმანული ფილოსოფია-მეცნიერებით) ან თავად ამ პირების ნააზრევში მგონია პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, ენის ჰეროიზაციაზე საუბრისას ნაცისტური და 1989 წლის ქართული სივრცის შედარება, მინიმუმ, არასწორია და მაქსიმუმ - არალოგიკური. მესმის, არსებობდეს გარკვეული მიმსგავსებები ტოტალიტარული მანქანის ზეგავლენის ასპექტით, მაგრამ ოცდაათიანი წლებიდან 80-90-იან წლებამდე მთელ ევროპაში ყველაფერი თავდაყირა დადგა და ცოტათი სხვანაირ ანალიზს მოითხოვს ამ მოვლენებზე დისკუსია. შეიძლება იდეაში თეორიები ძალიანაც რეალურია, მაგრამ ის, რაც ერგებოდა ოცდაათიანი წლების გერმანიას, ზუსტად არ და ვერ მოერგება ოთხმოთაადიანი წლების საქართველოს.
თუმცა ვეთანხმები ენის ძალაუფლებრივ თეორიაზე მსჯელობას, ასევე საინტერესო იყო წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც კომუნიზმისა და ქრისტიანობის ჩანასახობრივი ეტაპების მსგავსება-კორელაციას შეეხებოდა, მაგრამ ასევე აშკარა იყო ავტორის მიკერძოებაც, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და შედეგებით დიდად არც მე ვარ მოხიბლული, როცა წიგნს წერ, ნაკლებად სუბიექტური უნდა იყო, როცა წიგნი დოკუმენტურ-ანალიტიკურია და არა - გამოგონილ-ალეგორიული და მხატვრული.
ასევე ძალიან საინტერესოა შენიშვნები აფხაზებისა და ქართველების ურთიერთმიმართებაზე Unheimlich-ის კონტექსტში, უპირველეს ყოვლისა, ომის დამთავრების შემდეგ და ამჟამადაც, სამწუხაროდ.
ყველაფერი დედას უკავშირდება და ყველაფერი ინცესტთან მიდის მაინდსეთი აქაც თუ შემხვდებოდა, არ მეგონა, მაგრამ he does have a point, უბრალოდ გადააზრება სჭირდება რიგ პასაჟებს.
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ქართული საპროტესტო ენის გრამატიკის ანთოლოგიას, თუ ვინმე დაწერდა, რა თქმა უნდა, ამჟამინდელი პროცესების ანალიზითურთ.
დასასრულის სიმბოლიზმისა და სილამაზის გამო ვუწეტ ოთხ ვარსკვლავს, თორე ისე - სამი.
და ბოლოს, მეფე შიშველია და ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ვეღარ დამალული სიშიშვლის, რადგან არ არსებობს ბრძოლა, რომელიც უშედეგოდ დასრულებულა, მათ შორის, არც საქართველოს წარსულში.