წიგნის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. მთავარი გმირი დეა კვაშილავაა – გოგო, რომელიც სინამდვილეს ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. დეას ძმა, გიო, ხუთი წლის წინ, უკვალოდ გაუჩინარდა. გოგო დაგვიანებით აღმოაჩენს, რომ გიოს ფარული და საინტერესო ცხოვრება ჰქონია, და ერთხელაც გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბიჭი იპოვოს.
დეა მზად არის, ყველაფერს ხელი გაუშვას და საკუთარი თავიც კი დაკარგოს სიმართლის გასაგებად. ამ ძიებისას, სადაც მისტიკა და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული, მას საოცარი ამბები გადახდება.
მთავარმა გმირმა იცის, რომ ყოველდღიურობას ჩრდილად უხილავი სამყარო გასდევს, რომელიც მისი შეკითხვების პასუხებსაც მალავს. დეას წინაშე მთავარი დილემა დგება – კომფორტული ცხოვრება თუ ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლა.
ეს წიგნი შარშანწინ ნოემბერში წავიკითხე, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების გამო რეცენზია აღარ დავწერე. მას შემდეგ პერიოდულად გონების კუნჭულიდან მახსენებს ხოლმე თავს და ნაკლზე მეტად კარგი მაგონდება, ამიტომ მომინდა, ჩემი აზრი გამომეთქვა. ბევრი ისეთი წიგნი წამიკითხავს, რომლის შინაარსიც წლების კი არა, თვეების შემდეგაც კი დამვიწყებია. "მეხამრიდმა" კი ისეთი შეგრძნებები დამიტოვა, დღესაც შემიძლია, წიგნის სიუჟეტში წარმოვიდგინო თავი.
ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, ისეთით, მთელი ხუთი გრძნობით რომ ჩაგაგდებს სცენაში, გემოს გაგასინჯინებს და კანზეც კი გაგრძნობინებს თავის შეხებას. ატმოსფერო იგრძნობოდა იდეალურად და ძალიან მაგარი ურბან ფენტეზიც დაიდებოდა, სიუჟეტი რომ არ ყოფილიყო გაწელილი.
პროლოგში პირველივე სიტყვიდან ისეთი მაგარი სცენა დაიხატა, შემდგომ თავებში ცოტა დამაკლდა ეგ დაძაბულობა. საინტერესო მთავარი პერსონაჟია დეა, დანარჩენი გმირებიც ცოცხალი და სახასიათო ჰყავს ავტორს შექმნილი. ფინალიც ძალიან დაძაბული გამოვიდა და მახსოვს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ის ბოლო გვერდები, სადაც ყველა კვანძი გაიხსნა და სიმართლე გამჟღავნდა.
ჰოდა, ეს ყველაფერი ისეთი კარგი იყო, წიგნის მთავარი ტანი ასეთი გაწელილი რომ არ ყოფილიყო, უპირობოდ 5 ვარსკვლავს დავუწერდი. სიუჟეტს სტრუქტურა აკლდა, ჩემი აზრით. პირველი 50% რომ შეკვეცილიყო მოცულობაში და უფრო მალე გადავსულიყავით დეას ძალების დაოსტატებაზე და მისი მისიის ასრულებაზე, ძალიან კარგი იქნებოდა.
ასევე, ძალიან ძალიან გაბრაზებულივარ, რომ ასეთ კარგ წიგნს არსად არ აპიარებენ, არც პოსტები იდება და არაფერი. ძალიან დიდ როლს თამაშობს მარკეტინგი წიგნის წარმატებაში და გული მწყდება, რომ გამომცემლობა არ აქტიურობს. ავტორს კარგი წერის სტილი აქვს და მინდა, ბევრი წიგნი გამოსცეს და გაიგოს ხალხმა მის შესახებ.
ამბავი კარგია, საშინელებათა ჟანრისა და მისტიკის გაერთიანება, ფენტეზის ელემენტებით. თუმცა ტექსტი ცოტათი გაწელილი მომეჩვენა. საერთო ჯამში იკითხება მარტივად და სასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებს.