„დავით წერედიანის ლექსებში იგრძნობა განსაკუთრებული ხასიათი, პიროვნული და შემოქმედებითი ხასიათი. მის ხელში სიტყვას ჯადოსნური საფანელი აქვს მოკრებილი და პოეტური ზემოქმედების „იარაღად“ არის გადაქცეული. საგნები ქმნიან პოეზიას – შენ თვალწინ, შენი თანდასწრებით. მშვიდი, სასაუბრო ინტონაცია შემპარავად, საყვარელი მელოდიასავით აღვიძებს ფანტაზიას. ყველაფერი გესმის, მაგრამ ახსნა გიჭირს, რადგან ეს აზრის მუსიკაა.
მისტიკა – შეიძლება ასეც ვუწოდოთ იმ უცნაურ ფლუიდებს, რომლებიც დავით წერედიანის ლექსებიდან მოედინება – ძალიან მახლობელი და მოუხელთებელი, ნათელი და იდუმალი, გასაგები და შეუცნობელი. სიტყვები უარყოფენ სინტაქსის კანონებს, რათა თვითონ დაადგინონ ურთიერთკავშირის წესები და რაღაც სასწაულით ამას ახერხებენ კიდეც.
აზრი სიტყვებში კი არ იკითხება, არამედ ექოში, რომელსაც ისინი გამოსცემენ. სიტყვა, როგორც ფენომენების შეკვრა და სიტყვები, როგორც ბგერწერის თაიგული. რა არის ეს ბგერწერა – ალიტერაცია? არის და არც არის; ასონანსი? – მარტო ხმოვანი ვერ იტვირთავს შინაარსის სიმძიმეს; რითმა, რიტმი, ინტონაცია? ძნელი სათქმელია. აქ მარტო სემანტიკა უძლურია. მთავარი რაღაც სხვა არის, არა ზოგადი, არა ცნობილი, არამედ ინდივიდუალური, სუბიექტური, შინაგანი, იმანენტური.
ეს არის პოეტური სიტყვათშეთანხმების ახალი, ორიგინალური წესი, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი, მაგრამ მუდამ შენთან იქნება, როგორც უსასრულო დღესასწაული.“
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
„დავით წერედიანი 1963 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი მის კონგენიალურ თარგმანებთან არის გაიგივებული. მის მიერ უბადლო ქართულით არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების „ზღაპრები“, რომლის გარეშეც ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა. „ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749 – 1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ექვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა."
2017 წლის 30 მაისს, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე დავით წერედიანს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ი “გივი მარგველაშვილის სახელობის” პრემია ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
“სული ხარ ვისი, ღელე დამრჩა, ლელი დამრჩა, ფოთლის შრიალი, მთელი სიმწარე გამოვწოვე - რა მიმყვება ორქარის გარდა, სხვა რა მიმყვება საწუთროსგან, მოზარენო, ორქარის გარდა, მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს.”
ადამიანი ა-ს რომ არსებით სახელად აქცევს, თან ასე გენიალურად, იქ ბევრი ახსნა-განმარტება მგონი საჭირო აღარ არის. დავით წერედიანი უთუოდ არის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი!
"იცანი? - ვერა, ჩემს აწმყოზე არ ჩაუვლია"
"არაფერია, ალბათ ჩემი წუხილია, დაეძებს ყალიბს"
"ჩიტო, რად გინდა ჩემი სული, ყველა ჩქამზე ხმას იცვლის, ჩიტო, ა-ა და მეტი არაფერი როგორ გინდა ნისკარტით ზიდო!"
“…გაივლის წელი ათასი და,გზად,მაისის დილით, შევხვდებით როგორც სწორები, როგორც ჩათქმული წყვილი. კარგია ღამე, სასთუმალს შენი ჩურჩული თბილავს. სად გადის ჩემი სარკმელი არ გაუმხილო დილას…”
კიდევ ერთიც
“დრო არ ირხევა, მხოლოდ კვალი იკარგება იქ, ცრემლებს გარეთ. ხავსიანია ფილაქანი, ნაწვიმარზე სურნელს ინახავს წყალმცენარეთა ხვიარებში, თვალი თვალთან კამკამებს ცირა, და მწვანე ფსკერზე, სამი დღე რომ უხმობდი სიკვდილი გიცდის”
დამთავრებულად არ ვთვლი ამ წიგნს, კიდევ მივუბრუნდები და მივუბრუნდები
იმდენად დიდია, რთულია ბოლომდე გაიგო და ჩაწვდე, ამიტომ პარაპეტის ხშირად გადაკითხვა ალბათ აუცილებელია. ენა არის განსაკუთრებული და უიშვიათესი, რომელსაც ვერცერთი ქართველი პოეტის ენას ვერ შევადარებ.