თომას მანმა მიანიშნა, რომ არსებობს ორნაირი მწერლობა: ჰომეროსული ანუ „ნათელი“ და ბიბლიური ანუ „ბნელი“ ლიტერატურა. ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ამ მწერლებს ჰოს-მთქმელები და არას-მთქმელები უწოდა.
კრებულში შესული ავტორებიც და მათი ნაწარმოებებიც შესანიშნავად ჯდება ამ „შავ-თეთრ“ დაყოფაში. ჩვენი „ბნელები“ არიან: დოსტოევსკი, ბუკოვსკი, ნიცშე, დანტე, კონან დოილი, ბეკეტი, ფოლკნერი, ჯავახიშვილი (უპირველეს ყოვლისა, „ჯაყოს ხიზნების“ გამო), ალექსიევიჩი (განსაკუთრებით „ცინკის ბიჭებით“) და „ნათლები“: ილია, აკაკი, ვაჟა, ტოლსტოი, გამსახურდია, დოჩანაშვილი, მარკესი, ლიოსა... რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიც არსებობს, რომელიც ერთდროულად ჰოსმთქმელიცაა და არასმთქმელიც, თუნდაც დიდი ბარდი შექსპირი რომ ავიღოთ, რომელსაც ტრაგედიებიც „ეხერხებოდა“, კომედიებიც, სონეტებიც და ეპიტაფიებიც.
ამას გარდა, ეს ორი სიტყვა, ჰო და არა მშვენივრად გამოხატავს ლიტერატურის არსს, რომელიც შეიძლება ასეთი ფორმულირებით ჩამოყალიბდეს: მხატვრული ლიტერატურა არის ავტორის მიერ კონსტრუირებული ტყუილი, გამოგონილი სამყარო („არას“ სფერო), რომელიც მკითხველის გონებაში იქცევა დამაჯერებელ სიმართლედ („ჰოს“ სფერო); უფრო მოკლედ: მწერლის „არას“ „ჰოდ“ აქცევს მკითხველის წარმოსახვა. და ეს ბედნიერებაა, რომელიც ასე ხატოვნად აღწერა პოლ ვალერიმ: ნამდვილი ლიტერატურა გონების დღესასწაული უნდა იყოს
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.
ეს წიგნი ერთგვარი ლიტერატურული კომპასია - გზამკვლევი მსოფლიო მწერლებისა და მათი ნაწარმოებების უკიდეგანო სამყაროში. პასუხია კითხვაზე "რა შეიძლება წავიკითხო?".
ინფორმაციული. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ზოგადი შთაბეჭდილების შექმნა სურს ავტორებსა და დიდ ლიტერატურად აღიარებულ ნაწარმოებებზე. შეხვდებით: ვაჟა-ფშაველას, ილიას, აკაკის, შექსპირს, ბეკეტს, ლიოსას, ჰომეროსს, დანტეს, მარკესს და სხვ.
ძალიან საინტერესოდ და ჩამათრევლად აქვს აღწერილი ბატონ ლევანს ავტორები და მათ მიერ შექმნილი შედევრები და არა მხოლოდ, წიგნი შეეხება ყველა თემას და ყველაფერს.