ფიროსმანს თავიდან იმ კაცად ვიცნობდი "ერთლარიანზე რომ ეხატა" და მეორე მხარეს გამოსახული ირმის ავტორიც იყო, მერე კაცად - ვისი ნახატებიც პირველი არხის სარეკლამო ჭრებისას ცოცხლდებოდა, მერე მთავარ გმირად ლადო ასათიანის იმ ლექსისა - "ფიროსმანის" რითმისთვის პირველივე სტრიქონში "ხევსური და სვანი" რომ ჰყავდა გამოყოფილი ამხელა ქართველი ერიდან, მერედამერე უკვე წამოვიდა ამბები და გადმოცემები - მილიონ ვარდზე, თვითნასწავლ მხატვრობაზე, კიბისქვეშ გატარებულ დღეებზე, საკვების ნაცვლად მოხატულ დუქნებზე, მერე სარესტორნო და ტურისტული ბიზნესებიდან დაწყებული სარეკლამო სფეროთი დასრულებული ერთი ფიროსმანი ყველამ გადაინაწილა, ყველას ეყო, დიდი რომ იყო, ალბათ, იმიტომ.
ბოლოს კი იყო ეს წიგნი (ჯერჯერობით), სადაც ერთი შეხედვით თითქოს არც არაფერი წერია ჩემთვის ახალი (გარდა იმ ფაქტისა, ფიროსმანი ელისავეტპოლის სადგურზე მუხრუჭის კონდუქტორად რომ მუშაობდა), მაგრამ მაინც ისეთი განცდა გრჩება, რომ თითქოს ყველა ის ცნობილი ტილო უკან იხევს და წინა პლანზე გამოდის მეოცნებე, დაბნეული, უბოროტო ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ხშირად უხუჭავდა თვალს და ისიც ისევე დაუზარელად თელავდა, "როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა".