არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” ნორვეგიის მთებში, ქოხში დაიწერა. ეს დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელიც სკანდინავიის ამ დიდებული ქვეყნის, მისი ბუნების, ყოფისა და კულტურის შესახებ მოგვითხრობს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ესაა “მსუბუქად და სიხარულით დაწერილი” ტექსტი, სადაც მწერალი გვიჩვენებს საკუთარი თვალით დანახულ ნორვეგიელ მწერლებს, მოგზაურებს, იქაურ კულტურას, ფლორასა და ფაუნას – ყველაფერს, რაც, ამ ქვეყნის კულტურულ თუ ყოფით ესთეტიზმს ქმნის. ამ ყველაფერს კი ერწყმის ავტორის ფიქრები და ნააზრევი ცხოვრებასა და ადამიანებზე.
არჩილ ქიქოძისთვის დამახასიათებელი თხრობის ოსტატური მანერა და ტექსტის მიმზიდველი თემატიკა წიგნს ნებისმიერი მკითხველის საყვარელ საკითხავად აქცევს.
“მოგზაურს და ტურისტს მიდგომა განასხვავებს: ტურისტი იმპერიალისტია, ის დასაპყრობადაა ჩამოსული; მოგზაურმა ისიც არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა.
არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?
მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია.არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.”
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
ვინც ავტორს და მის შემოქმედებას კარგად იცნობს, მისთვის ნორვეგიული დღიურების კითხვა უფრო საინტერესო იქნება. ვინც არ იცნობს, არც მათთვის იქნება უინტერესო, მაგრამ დაახლოებით იმას დაემსგავსება "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვა "ჰობიტის" გაცნობის გარეშე რომ დაიწყო.
ის ფოტოებიც რომ იყოს თანდართული სადმე, რომლებზეც წიგნშია საუბარი, ეს დღიურს დამატებით ღირებულებას შესძენდა, თუმცა, კარგი წარმოსახვის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თამამად თქვან, რომ ამ წიგნით ნორვეგიის დათვალიერებასა და გათავისებას მაინც შეძლებენ.
იმედია, სამომავლოდ ისეთი ცნობილი მწერალი გახდება, რომ 100 წლის შემდეგ ნორვეგიელები გაიხსენებენ, აქ ქიქოძე იყო ჩამოსულიო, მსგავსად მისი რჩეული ჰამსუნისა.
დინჯი ბავშვივითაა, ყველაფერს აკვირდება და ყველაფერი აღაფრთოვანებს, მაგრამ ჩუმია და გულჩათხრობილი. ამ წიგნსაც, სამხრეთული სპილოსავით, ნოსტალგიის სუნი ასდის. მაგრამ ამ შემთხვევაში ძნელია მიხვდე, რისი ნოსტალგიის. ერთი ის იგრძნობა, რომ ნორვეგიაში ყოფნის დროსაც კი ენატრება ნორვეგია.
მოვრჩი ამ პატარა, მაგრამ ძალიან ბევრის მატარებელი რომანი-დღიურის წაკითხვას და დიდ განცდებში ვარ. როგორც, თავად ავტორი ამბობს, ეს მისი ყველაზე თავისუფალი წიგნია და ეს ფაქტი ყოველ თავსა და ყოველ გვერდზე იგრძნობა. გასაოცარია, თუ როგორ შეძლო არჩილმა მთელი ნორვეგიის ამ პატარა წიგნში მოქცევა. გამაცნო უამრავი ახალი ნორვეგიელი მწერალი, მამოგზაურა ნორვეგიულ ბუნებაში, მაჩვენა უამრავი საინტერესო და ეგზოტიკური ცხოველი.
მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ქიქოძემ მსგავსი რამ უკვე გამიკეთა. როცა „სამხრეთული სპილო” წავიკითხე. მკაფიოდ მახსოვს, რომ დავამთავრე განცდებში და ემოციებში ვიყავი, ვფიქრობდი თბილისი ხელახლა აღმოვაჩინე და შევიყვარე. დაახლოებით მსგავსი რამ იყო აქაც, ოღონდ ნორვეგია ახლიდან კი არ აღმოვაჩინე, უბრალოდ პირველად ვეზიარე, გავიცანი და ჩავიძირე მასში.
ვინ იცის, პანდემიას ავტორის ბოლო მგზავრობა რომ არ ჩაეშალა, ეს დღიური უფრო დიდი და კიდევ უფრო მეტი ისტორიით სავსე ყოფილიყო. მე კი, ჩემი მხრივ, დავრწმუნდი, რომ აუცილებლად ვეწვევი ნორვეგიას.
რომანი იქნება, მოთხრობა თუ დოკუმენტური პროზა, იცის ამ კაცმა როგორ უნდა წეროს. ❤️ ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ნორვეგიული თავგადასავლებია ხალხზე, ბუნებასა თუ უბრალოდ ლიტერატურაზე. ❤️ დიდი ექსპერტი არ ვარ თანამედროვე ქართული ლიტერატურის, მაგრამ ქიქოძე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ნამდვილად. ძაან ცუდია დასახელებული მწერლების უმეტესობა არც გამეგო. 😕
ძალიან ლამაზი წიგნია 💙 ნორვეგია ყოველთვის მიყვარდა. ძალიან, ძალიან ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე იმ დღეს, როდესაც ბარგს ჩავალაგებ და ბოლოს და ბოლოს გავეშურები ჩემი ცხოვრების მთავარ მოგზაურობაში, რომლის ბოლოსაც ულამაზესი ჩრდილოური პეიზაჟები დამელოდება. ამ ლამაზმა, ძალიან ლამაზმა წიგნმა კი, კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ეს საოცარი ქვეყანა ✨
როგორც ქიქოძე წერს, ისე წავიკითხე ეს წიგნიც, დინჯად, აუჩქარებლად, გულდასმით. რაღაც ამოვიკვიატე და მხოლოდ სამსახურის გზაზე, მეტროში ვკითხულობდი. მესამე დღეს მივხვდი, მოუთმენლად ველოდებოდი სამსახურში წასვლას. ყურებში ნორვეგიული მუსიკა მქონდა და თვალწინ ფიორდები. ერთი კვირა, საუკეთესო თავშესაფარი მქონდა. ეივინის ქოხის არ იყოს , this is a book, where I’m always welcome
ვერ წარმომიდგენია, ამის წაკითხვის მერე ვინმე ნორვეგიით ოდნავზე მეტად მაინც არ დაინტერესდეს. ერთადერთი ის მინდოდა, რომ ბატონი არჩილის კამერაში დაჭერილი კადრები ჩემი თვალითაც მენახა. ❤️
"ნორვეგიული დღიური" აქამდეც წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლა, თვითმფრინავში საკითხავად ვეძებდი რამეს და შესაფერის წიგნად პირველი ეს გამახსენდა.
მართალია, ახლა ზაფხულია და არც ლიეტუვაა ნორვეგია, მაგრამ ამ წიგნმა ჯერ რამდენიმე საათიან ფრენას გაუძლო, შემდეგ ვილნიუსიდან კაუნასამდე მატარებლით მგზავრობისთვისაც მეყო. მეყო რა, ვიზოგავდი, დროში ვწელავდი, ორ აბზაცს ამოვიკითხავდი, მერე ვცდილობდი უფრო მახვილი თვალით დამენახა გარშემო ყველაფერი.
არ ვიცი, ლიეტუვის ცივი ამინდის ბრალი იყო თუ წიგნში აღწერილი ლანდშაფტისა, მაგრამ რაც ვილნიუსში ვარ, პერიოდულად ისე მაკანკალებს, აბაზანაში შევდივარ, გათბობის მილს ვეხუტები, (სხვათა შორის, აბაზანა-ტუალეტში გათბობა ყველა სეზონზეა ჩართული) ვთბები და ისე ვუბრუნდები ტურისტულ ცხოვრებას.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, "ნორვეგიული დღიური" კარგი წიგნია სამოგზაურო შემართების საპოვნელად და თუ ვინმეს წაკითხვა მოგინდეთ, ეს წიგნი გზისთვის შემოიტოვეთ.
პ.ს. აქვე მირჩიეთ უკანა გზაზე საკითხავად რამე. გზა ისევ გრძელი და დამქანცველია, არ დამოკლებულა.
ისეთი წიგნია, ამ ნაცრისფერ აწმყოში სახლიდან გაუსვლელად რომ გამოგზაურებს ნორვეგიაში და ისეთ ემოციას აღგიძრავს, თითქოს საკუთარი თვალით უყურებ ამ ქვეყნის განუმეორებელ ბუნებას. მომავლისთვის რას გიტოვებს? ბევრ ახალ წიგნს (ამასთან ერთად ბევრ დიდი ხნის წინ გადადებულ წიგნს გადმოიღებ თაროდან და ჩაიძირები ნორდიკულ სამყაროში), ოცნებას სკანდინავიასა და ისეთ დღეებზე, როგორიც არჩილ ქიქოძემ გაატარა ნორვეგიაში - ქოხში გატარებულ ღამეებსა და ტყეში სეირნობაზე მარტო ან ეივინის მსგავს სიტყვაძუნწ, "შენს" ადამიანთან ერთად...
“სახლის წინ ტირიფის ხეებს რამდენიმე ქედანმა გადაუფრინა. ტოტებზე შემომჯდარი სხვა ნაცნობი ჩიტებიც ვნახე. კარგი იყო.საერთოდ,როცა უცხო ქვეყანაში რომელიმე ჩვენებურ ფრინველს ვხედავ,სულ მიჩნდება განცდა,რომ ეს სამყარო მაინც ერთიანია და მეც არ ვარ სულ მარტო.”
“ნორვეგია ლამაზი ქვეყანაა და იქ უთვალავი ქოხია მიმობნეული,მაგრამ არის ერთი,სადაც მელიან.”
კარგად წერს ქიქოძე და ამ შემთხვევაში ის თემები, რომელსაც გადავაწყდი ჩემთვის ძალიან ახლოს იყო. რაღაც მომენტებში დიდ სიამაყეს ვგრძნობდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მეც და არჩილიც ერთნაირად ვუყურებდით ნორვეგიას იქამდე, სანამ ვნახავდით და ნახვის შემდეგაც (როგორც აღმოჩნდა) ბევრ რამეში გადაიკვეთა ჩვენი მოსაზრებები. (და მაინც აშკარაა, რომ არჩილს ჩემზე მეტად უყვარს ნორვეგია). მეორე რიგში ის აღძრავდა სიამაყეს, რომ ის ავტორები წაკითხული მქონდა, რომელსაც რამდენჯერმე ახსენებდა და ესენი ჰამსუნი, ერლენდ ლუ, ვესოსი და ბიორნსტიერნე ბიორნსონი იყვნენ (და სირცხვილსაც ვგრძნობდი, რომ ზოგი ავტორი გაგონილიც კი არ მქონდა). ვფიქრობ წიგნს მხატვრული ღირებულებით დიდად გამორჩეული არ არის, მაგრამ იმ დაფარული ბიოგრაფიული ცნობების გაგება, რომელიც ნაწილ-ნაწილ მოდის მკითხველამდე, ძალიან კარგია, ოდნავ აღმაფრთოვანებელიც (ზოგის ბიოგრაფიიდან გამომდინარე). თავადაც აღნიშნა, რომ ყველაზე გულწრფელი წიგნიაო და რატომღაც იგრძნობოდა კიდეც გვერდიდან-გვერდამდე. რამდენიმე ჩემმა მეგობარმაც აღნიშნა და მეც ვიტყოდი, რომ მწერალთან ლაპარაკს (და დალევასაც მოგანდომებს). და თუ ნორვეგია არ გიყვართ, შეგაყვარებთ, ან იმის ილუზიას მაინც შეგიქმნით რომ მომავალში შეგიყვარდებათ. ბოლოს რაღა უნდა ვთქვა გარდა იმისა რომ სახუთვარსკვლავე წიგნი არ არის, წიგნიც კი არ არის - დღიურია. მაგრამ ნორვეგიაა, ლამაზი ნორვეგია, სიტყვით დახატული ფოტოებით, გაცოცხლებული „გმირებით“ და ტრადიციული სიცივით, რაც როგორც ნორვეგიულ რომანებს, როგორც აღმოჩნდა ნორვვეგიაზე დაწერილ რომანებსაც თან გასდევს.
ეს წიგნი ტრანსპორტში წავიკითხე და საოცარი შეგრძნებაა თბილისის მეტროდან უცებ ნორვეგიის ტყეებში რომ აღმოჩნდები. კითხვისას ყოველთვის მიჩნდებოდა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოების ნახვის სურვილი ისევე, როგორც ალბათ ყველა მკითხველს. შემდეგ ვიფიქრე, იქნებ ბედმა გამიღიმოს და ფეისბუქზე ედოს რამოდენიმე ფოტო-მეთქი. ასე რომ, თამამად დავსტალკე ავტორი და ნორვეგიის ერთი-ორი ფოტო კი არა ცალკე ალბომი რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა. ის კიდევ უფრო საოცარი შეგრძნება ყოფილა, წაკითხულს ცხადად რომ ხედავ, როცა კითხვის პროცესში არარეალურად გესახებოდა ყველაფერი. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ნორვეგიის ულამაზესი პეიზაჟების ნაცვლად, ამ ალბომში ყველაზე მეტად ეივინის დანახვა გამიხარდა.
თითქმის ენციკლოპედიური მოგზაურობა ნორვეგიაში. რა კარგი გზაა, ავტორის გასაცნობ��დ - არჩილ ქიქოძის წიგნებიდან პირველია რაც წავიკითხე. მსუყე და გემრიელი საკითხავია. მომაბრუნა წიგნებისკენ თითქმის 1 წლიანი პაუზის მერე.
+ რამდენიმე ნორვეგიელი ავტორი აღმოვაჩინე, აუცილებლად რომ წავიკითხავ. ბერგენში კიდე აუცილებლად მოვხვდები.
არჩილისთვის ჩვეული ოსტატური თხრობა. ლიტერატურის, ბუნების და მოგზაურობის მოყვარული კაცის, გულით და გემრიელად დაწერილი წიგნი და შენს წარმოსახვაში მქრქალად ალანდული ჩრდილოეთის ულამაზესი პატარა ქვეყანა.
ნორვეგიაში არა, მაგრამ საქართველოში, კახეთის ერთ მთიან, ზაფხულში გრილ და მგონი ყველაზე მშვიდ სოფელში არის ერთი ყვავილებში ჩაფლული სახლი, სადაც მე მელოდებიან. სადაც ერთადერთი ხმაური ჩიტების ჭიკჭიკი და შორიახლოს მდებარე მდინარის ხმაა. სადაც შეუძლიათ ყველაზე რთულ დროსაც ხასიათი გამომიკეთონ. მაგრამ ახლა ფოტოაპარატით ხელში ნორვეგიის მთების ნახვაც მინდა და იქაურ ქოხში რამდენიმე დღითაც დარჩენა.
ჩემი სახლის აივანზე, მანქანების ხმაურში, ყავის დალევასა და წიგნის კითხვას არაფერი მირჩევია, მაგრამ ახლა,ამავე აივანზე მჯდომს ამ წიგნმა ნორვეგიაში, ეივინის ქოხის აივანზე ყავის დალევა და იქაური ჩიტების თვალიერება მომანდომა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი ლამაზი ადგილი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს, ამჯერად გული ნორვეგიისკენ მიმიწევს.
და საერთოდაც, ეს არანაკლებ საინტერესო და ლამაზი ქვეყანა რომ არა, აუცილებლად ნორვეგიაში ვიცხოვრებდი.
აი, ვისიამოვნე. ჯერ ისედაც, რაღაც თავშესაქცევად წერს ქიქოძე. ლაღად, გულწრფელად, თან თითქოს მძიმედ და ნაღვლიანად. მეორეს მხრივ კი ის ჰამსუნისეული ენერგიები მოდიოდა, რომელიც "პანის" კითხვის დროს განვიცადე. არჩილისა და ეივინის განმარტოებული, მყუდრო ქოხი და იქაური გარემო თომას გლანს მახსენებდა. ამ ორი ადამიანის მეგობრობა რაღაცნაირად მახარებდა და იმ "ვერშემდგარი მოგზაურობის" გამო იმდენად დამწყდა გული ცრემლებიც კი წამსკდა (არ გამიჭირდებოდა დდ, ნუ, ალბათ უფრო გავიგე არჩილის, ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის არსებული დისტანციის გამოც). და ჰო, კარგია, ძალიან კარგია, როდესაც იცი, რომ თუნდაც შორეულ ჩრდილოეთში არის სახლი, სადაც გელიან.
პ.ს. დიდი ხანია სკანდინავიის ქვეყნებს თვალი დავადგი, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღესაც აუცილებლად ვიხილავ იქაურ პეიზაჟებს.
ალბათ, ნორვეგიასთან მე და ავტორს განსხვავებული დამოკიდებულება იმიტომ გვაქვს, რომ მე ოსლოს არ გავცდენილვარ. 2014 წლის შემდეგ, პირველად მომინდა ისევ წავიდე სადმე უფრო ჩრდილოეთით.