რას იზამდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მათემატიკური სიზუსტით გაწერილია შემდეგ ციფრებში: 2,5,10,15?
რას იზამდით, თუ თქვენი უახლოესი მეგობარი მომავლის ბიბლიის წერას დაიწყებდა, მესიად კი თქვენ გამოგაცხადებდათ?
რას იზამდით, თუ გეტყოდნენ, რომ თქვენი სამყარო კომპიუტერული თამაშია, სადაც ყოველი გადაწყვეტილება თუ მოქმედება წინასწარ არის განსაზღვრული? რას იზამდით თუ გაიგებდით, რომ მესიები - ერორებია, სისტემური გაუმართაობები, და მხოლოდ ასეთ გაუმართაობებს შეუძლიათ თამაშის - ფიზიკის კანონების დარღვევა?
წიგნის მთავარი პერსონაჟი ამ გამოწვევებს იღებს. ის საკუთარ თავში ერორს აღმოაჩენს. ძნელია, იყო ღმერთი, როდესაც მისი არსებობის თავად არ გწამს. ასეთ სამყაროში რთულია გაიგო, ვინ ვინ არის, და რაც მთავარია, გაუგებარია, რა არის „მე“. იმისთვის, რომ სისტემური სიმულაციიდან გააღწიოს, მთავარი პერსონაჟი საკუთარ იდენტობას ბოლომდე ანადგურებს.
ერთადერთი, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ სიმულაცია სიმულაციას აწარმოებს, და თუ ერთ სამყაროს შეუძლია შექმნას სიმულაცია, ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც თავად სიმულაციის შემქმნელიც სიმულაციად შეიქმნა. ეს უსასრულო ჯაჭვია, დომინოს ეფექტი, სადაც პირველი ქვა - ბიძგი რომელია, არავინ იცის. ერთადერთი, რისი თქმაც ზუსტად შეგვიძლია, ეს შემდეგია: „მე“ ოქსიმორონია და სიმულაციაში თუ იდენტობის „თრიფში“ ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერში გარდაისახოს. „ერორები“ სიმულაციაში კოდებს შლიან, წესებს არღვევენ, ჩვენთვის - სიმულაციის რიგითი ნაწილისთვის კი ისინი უბრალოდ ფიზიკის კანონებს არ ემორჩილებიან და ასეთებს ღმერთებს ვეძახით.
დათო სამნიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ბავშვობიდან დაინტერესდა ჭადრაკით. სკოლაში შესვლისთანავე ჭადრაკს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ნათამაშები აქვს როგორც ადგილობრივ თბილისის და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, ისე საერთაშორისო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
დათომ პირველი მოთხრობა დაწყებით კლასებში დაწერა, რომელშიც ის ქოლგის გაპიროვნებას ახდენს. ქოლგა ვერ ჰყვება ადამიანების, კონკრეტულად მისი პატრონის, მოდის აჩქარებულ ცვალებადობას და საყვარელი ნივთიდან ნელ-ნელა უსარგებლო ნივთად, ბოლოს კი “ნაგავად” ტრანსფორმირდება.
დათოს პირველი სამუშაო გამოცდილება ბანკებთან და ეკონომიკასთან ასოცირდება. მისი თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ამავდროულად სწორად გადადგმული ნაბიჯი ცხოვრებაში. “ეს იყო ის შეცდომა, რაც აუცილებლად უნდა დამეშვა. მე ამოვყავი თავი იქ, სადაც არაფერი მესაქმებოდა. დღეს უკვე ვიცი, თუ სად არ არის ჩემი ადგილი”.
საბანკო სექტორში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ დათომ მაგისტრატურა ჟურნალისტიკის კუთხით გააგრძელა და წერას დაუბრუნდა. მალევე რადიო თავისუფლების მედია სკოლის ერთ წლიანი გრანტი მოიპოვა.
დღეს ის სამეცნიერო ჟურნალისტად მუშაობს. არის სამეცნიერო პლატფორმა — Next.on.ge-ის რედაქტორი, წერს სამეცნიერო სტატიებს და აქვს პოდკასტი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე. დათო ადრე სხვადასხვა გამომცემლობისთვისაც წერდა, მათ შორის National Geographic საქართველოსთვის.
აკა მორჩილაძეს წიგნებში ხომ ვეცნობით როგორ ცხოვრობდნენ ძველ თბილისში? ხოდა ამ წიგნის პირველ ნაწილში კარგადაა აღწერილი ერთი თანამედროვე, თავისუფალი, თბილისელი ბიჭის ცხოვრება. უკარგეს, ღრმა ფილოსოფიურ დიალოგებთან ერთად პირველ ნაწილში ეს აღწერები წიგნის ღირებულებას ერთიორად ზრდის
მართალია, თავიდანვე რამდენიმე მძიმე სიტყვას შეხვდებით, რაც გაფიქრებინებთ, რთული წასაკითხი წიგნი შეიძლება იყოსო, მაგრამ შეცდებით. კარგად და საინტერესოდ იკითხება
ვცოვრობთ თუ არა სიმულაციაში? ეს არის მთავარი სააზროვნო და მეორე ნაწილი და დასკვნა მშვენივრად კრავს მთლიან წიგნს და ბევრ რამეზე გვაფიქრებს
მახოვს ამ ავტორის პირველი წიგნიც MOX მომეწონა, ეს წიგნი კიდევ-უფრო და ფაქტია, ავტორმა კიდევ ერთი ერთგული მკითხველი შეიძინა
პ.ს. აუცილებლად აღსანიშნი ფაქტი: ვისაც სერიალი Devs ნანახი გაქვთ ერთი აბზაცი გაფიქრებინებთ რომ ამ სერიალის მოკლე შინაარს ყვებიან, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ჯერ ეს წიგნი იყო და შემდეგ სერიალი 😯
4.5 ჩემი დამოკიდებულება ამ წიგნის მიმართ აიწონა-დაიწონასავით ქანაობდა და საბოლოოდ მაღლა გაჩერდა. Არადა მეგონა ეგზისტენციალური კრიზისიდან გამოვედი, ამან წიხლით უკან შემაგდო.
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ ბეგბედერის “ექსტაზი (კაიფში დაწერილი მოთხრობები)” წავიკითხე თავიდან 🥲 არანაირად არაა ეს კომპლიმენტი… ისეთი კარგად და საინტერესოდ დაიწყო, ბევრ აზრსა თუ კონცეფციაში დავეთანხმე ავტორს, თუმცა ეგ გადაჭარბებულად “თანამედროვე სიბინძურით” გადმოცემული აზრების წაკითხვა, სულაც არ მსიამოვნებს… ნუ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ყველა მკითხველისთვის ის გამოცდილება, რასაც ამ წიგნის კითხვისას მიიღებს! ჩემთვის 3/5 ⭐️
უხეში ენითაა დაწერილი, რისი წაკითხვაც ჩემთვის სასიამოვნო არაა ხოლმე, მაგრამ თვითონ კონცეფცია იმდენად საინტერესო იყო, რომ ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა. დასასრულიც ძალიან მომეწონა.