ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.
ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ...
რაღაცების გამო ვარსკვლავის დაკლებას ვაპირებდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რა ვიგრძენი წიგნის დასრულებისას: გავიფიქრე, აი, რატომ მიყვარს კითხვა მეთქი. კონკრეტულად თანამედროვე ქართული ლიტერატურის, რომელსაც ჩრჩილიანი პედაგოგები დღემდე კრულვას უთვლიან, მასობრივი მკითხველი კი იქამდე არ ინტერესდება, სანამ სოციალურ მედიაში ძალიან "ცხოვრებისეულ ციტატას" არ გადააწყდება ან მწერალი წერის მიღმა კიდევ რაღაც მანქანებით კაი ტიპი არ იქნება. ივა ფეზუაშვილი პირველად არილში დაბეჭდილი მოთხრობით "ცა" გავიცანი და ამ რომანით საბოლოოდ მოვინიშნე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული თანამედროვე ქართველი ავტორი.
90-იანების თემაზე სულ იმას გავიძახით, რომ ყელში ამოგვივიდა, მაგრამ "ბუნკერი" გვაჩვენებს, რომ ის პერიოდი, ყოვლად გაცვეთილი სიტყვებით რომ მოვიხსენიებთ ხოლმე, არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება. კი, ეგ ყველაფერი ზუსტად ყელში ამოგვივიდა, ოღონდ ისე, რომ მანდვე გაჩერდა, ვეღარ გადავყლაპეთ, უბრალოდ ვაბოყინებთ ხოლმე და პირიდან საშინელ სუნს ვუშვებთ მოუნელებელი ტრავმებისა. ეს რომანი კიდევ ამ ყველაფრის პირიდან გადმონთხევაა - ავტორი არ ცდილობს დაგროვილი ტკივილების დავიწყებას ან უკან ჩაბრუნებას, არამედ შეუსვენებლივ აღებინებს. ჰო, ამ წიგნის კითხვა მაგის გამო სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არაა (მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ სასაცილოც კია) და არც ფინალში მოგგვრის შვებას - პირში კუჭის მჟავის გემოს გიტოვებს.
პ.ს. ცას მცირე Crossover დიდი ერთგული მკითხველივით გამიხარდა :დ
ეს წიგნი რომ ილია ჭავჭავაძის მარტივი მეტაფორა ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა "სარკე" "კაცია-ადამიანის?!" ეპილოგიდან, რომელშიც თითოეული ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ დიდ თუ მცირე მანკიერებას და არამხოლოდ დაინახავდა, ზოგჯერ სინდისის ქენჯნასაც კი იგრძნობდა.
ეს წიგნი რომ ინგლისური ენის დრო ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა present continious, რადგან მასში აღწერილი ამბები აქ და ახლა, ჩვენს დროში და ჩვენ გარშემო ხდება. სათაურად გამოტანილი ბუნკერიც, დიდი ალბათობით, ჩვენი ღვთივკურთხეული ქვეყანაა, ბუნკერების გაუქმებასთან ერთად თითქოს რომ ჩამოშორდა იმ ძველ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტს, მაგრამ მისი სიმყრალე დღემდე მაინც ვერ მოვიშორეთ. ან, თუ უფრო გულწრფელები ვიქნებით, ბევრს არც არაფერს ვაკეთებთ მის მოსაშორებლად.
ეს წიგნი რომ რომელიმე სხვა წიგნის დასაწყისი ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა "სუნამო", რადგან აქ თითქმის ყველა პერსონაჟი თავისებურად ყარს - განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა თუ სოციალური სტატუსისა. ნიშანდობლივიც კია, რომ რომანში სუნამოს იმ ერთადერთ პერსონაჟს აჩუქებენ, რომელსაც ეს სიმყრალე ყველაზე ნაკლებად შეიძლება დავაბრალოთ.
და ბოლოს, ეს წიგნი რომ ქართველი ოპოზიციონერი ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა ნებისმიერი ქართველი ოპოზიციონერი, რადგან პირუთვნელად აღწერს იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ კონკრეტულ გამოსავალს ვერ ან არ გვთავაზობს. თუმცა, ნებისმიერი ქართველი ოპოზიციონერისაგან განსხვავებით, ეს რომანებს დიდად არც მოეთხოვებათ.
დღეს, როცა ბუნკერიდან წამოსული მძორის სუნი კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა, განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა ამ წიგნმა. თანამედროვე საქართველოს ტრაღიკული რეალობა და თან ისეთი, რომლის შეცვლის სურვილი დიდი, მაგრამ მოქმედება ნულია. შეიძლება, ეს წიგნი სისტემის რომელიმე რგოლის წარმომადგენელმაც წაიკითხოს, მაგრამ თავს გააქნევს, “ნწ,ნწ, ეს რა გვჭირსო” და ასეთივე რუტინული რეალობის სტაბილურობის შენარჩუნებას გააგრძელებს. ეს მძორი დიდი ხანია თან დაგვსდევს. თეიმურაზ ხევისთავსაც ხომ სულ “ტანთ ემოსა” იგი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ იმ ბუნკერიდან ამომავალი მწველი სუნის სამუდამოდ ამოძირკვას. მანამდე კი, ასეთი ნაწარმოებებით მაინც იქნებ გაგვიღვივდეს მიმქრალი ნაპერწკალი. 5⭐️
ეს წიგნი სასიამოვნო საკითხავი არ არის. ის აუტანელი ტკივილის მომგვრელია. მისი თითოეული სიტყვა ხელახლა ხსნის იმ იარებს, რომლებიც სინამდვილეში არც არასდროს მოშუშებულან. სიმონიანების ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური ყოფაა. ისინი ჩვენზე მეტად არიან ქართველები, თუნდაც "შერეული" რუსულით საუბრობდნენ (სომხების, აზერბაიჯანელებისა და ქართველების მეგობრობა, რომელიც თითქოსდა გეოგრაფიას უნდა განესაზღვრა, ხომ რუსეთმა - ყველას და ყველაფრის საერთო მტერმა - "დაბზარა"). მათი ცხოვრებაც ისევე ყარს, როგორც ჩვენი, იმიტომ რომ გახრწნილი საბჭოთა კავშირი ისევ მენტალურ ბუნკერში გვიგდია და ვერც ცეცხლის წაკიდებით მოვიშორეთ და ვერც ათასგვარი ჰიგიენური საშუალებით. მისმა სუნმა ყველგან შეაღწია. ყველას გაუნადგურა აწმყო და მომავალი - გენას მსგავსი ცოლისა და ოჯახის მოყვარული კაცები ცოცხალ გვამებად აქცია, მილას მსგავსი ერთგული ქალები - ბედნიერებას დანატრებულ მხოლოდ ელემენტარულ საჭიროებებზე ორიენტირებულ "მშრომელ მანქანებად", ზემასა და ლაზარეს თაობა კი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოისროლა - ერთი ვითომდა კანონის სადარაჯოზე მყოფ კორუფციისა და შანტაჟის მორევში ჩაძირულ "ძალოვან სტრუქტურაში", მეორე - მემარცხენე კურიერებისა და თავისუფალი რეპერების საზოგადოებაში. მათ არჩევანი არ დაუტოვეს. არადა ადამიანს მისი არჩევანი განსაზღვრავს და არა არადანზე სინანული... არჩევანი, რომელიც არც ჩვენ გვქონდა, მაგრამ უნდა მოვიპოვით და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვქოლოთ საბჭოთა ბუნკერი...
ბრავო! უბრალოდ ბრავო! რომ მოვრჩი კითხვას, სანამ აქ შეფასებას გავაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ 4 ვარსკვლავს ვწერდი. მერე ვიფიქრე, რატომ არ ვწერდი 5-ს და რომ ვერაფერი მოვიფიქრე, მივხვდი რომ ნამდვილი ხუთიანია ეს წიგნი.
ბრავო ივას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მნიშვნელოვანი სოციალური თემატიკის რეჩიტატივებით გაჟღენთილი, რომელის რამდეჯერმე წაკითხვა აუცილებელია. აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა რაზეც ავტორი საუბრობს ბოლომდე გავიაზროთ და სულ გვახსოვდეს.
ერთ თვეში სპეკტაკლზეც გეახლებით და დარწმუნებული ვარ, არც ის გამიცრუე��ს იმედებს.
წლების შემდეგ, თანამედროვე ქართული ლიტერატურა რომ დაიფილტრება და მათგან სულ რამდენიმე წიგნი გადაურჩება დროს, რომელიც 90-იანებიდან მოყოლებული დღევანდელობამდე არსებულ საზოგადოებრივ პრობლემებს ზედმიწევნით ასახავს, ეს რომანი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი წარმომადგენელი.
160 გვერდში,პრუსტისეული 3 გვერდიანი წინადადებებით, ასე ოსტატურად და ორიგინალურად წარმოაჩინო არსებული რეალობა, მაგარ ნიჭზე მეტყველებს.
რაღა დავმალო და ჰაიპისადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. 🙌
ერთადერთი რაც არ მომეწონა, ლაზარესა და პვპს ხაზია.
სავსეა: ტკივილით, უიმედობით, ტრავმით, ჩაგვრით, სისუსტით, გაჭირვებით, უბედურებით, სიყვარულით, უსიყვარულობით, სიძულვილით, ზიზღით, ყველა ადამიანური და არაადამიანური გრძნობით;
ყარს ბუნკერის სიმყრალით, სიმყრალით, რომელსაც ბუნკერების დალუქვა ვერ შველის, რადგან ეს სუნი ფილტვებში ცხოვრობს და ყელიდან ამოდის;
გვიყვება დაკარგულ, ცოცხლად მკვდარ ადამიანებზე, მათ შვილებზე, ცხოვრებასთან წაგებულ ბრძოლებზე, უსამართლობაზე, მილაზე, ზემაზე, ლაზარეზე, გენაზე, ირაკლიზე...
,,და ირაკლიჯან, ხომ გრძნობ? ხომ გრძნობ ამ სიმყრალეს? ხომ გრძნობ, რომ არსად წასულა, რომ აქ არის, უკუნითი-უკუნისამდე – მარადი ტკიპა."
და რადგან ადამიანი თავისი არჩევანია და არა არადანზე სინანული, თუ ცხოვრებას ირჩევ, მაშინ უნდა აღიარო და შეეგუო ბუნკერის სიმყრალეს და უნდა შეისისხლხორცო, რადგან არა მხოლოდ ჩვენი წარსული და აწყმო, არამედ ჩვენი მომავალიც ყარს.
ყელში რომ გწვდება, წაგიჭერს, გიჭერს, გიჭერს, გყრონჭავს, ამოსუნთქვის კი არა, განძრევის საშუალებასაც რომ არ გაძლევს, თვალებში გიბნელებს, სისხლს ტვინის მიმართულებით გიტუმბავს, გხუთქავს, დაგცინის, გლანძღავს, გსერავს, გშანთავს, გაქუცმაცებს და ბუნკერში გისვრის, რომლის სიმყრალესაც ვერასდროს მოიშორებ, აი, ასეთი საშინელებათა რომანია.
წინასწარ გათვლილი არ მქონდა, თუმცა დაუგეგმავად სპექტაკლის პრემიერაზე აღმოვჩნდი და პირველად მაშინ მოვიხიბლე ამ გადასარევი ამბით. იქაც, ძირითადად პერსონაჟები ყვებიან ამბავს მონოლოგებით, ამიტომ თითქმის შენარჩუნებულია ყველა ეფექტი, რაც წიგნსაც აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლმა აღარ დამიტოვა სივრცე, პერსონაჟები თავად შემექმნა და ფანტაზია გამომეყენებინა, და პლუს ერთი ნანახი სპექტაკლის ხელმეორედ გონებაში გადათამაშებას ჰგავდა ეს ყველაფერი ჩემთვის, მაინც ძალიან, ძალიან ვისიამოვნე, და ჰო მწერლის თავისებური სტილით, თხრობის მანერით და იუმორითაც ძალიან მოვიხიბლე.
საბოლოო ჯამში ძალიან underrated მგონია ეს წიგნი, 21-ე საუკუნის ქართულ წიგნებში გამოვარჩევდი უდავოდ და კარგ კონკურენციასაც გაუწევდა სხვა დანარჩენს, ასე მგონია.
ივასთან ჩემი შეხება მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ბლიცში, წლების წინ, "ფსკერის სახარება" ავიღე და მერე დავიშალეთ. ახლა, 27 ნოემბერს თქვენი მონა-მორჩილი ამავე წიგნის სპექტაკლზე მიდის და ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ ტექსტი წუთებში ვშთანთქე. ზედმიწევნით დავიმახსოვრე თითქმის ყველაფერი, ჟუკოვკაც, დესნა დვაც, ჰაგაკურეც, ნუგოც, საერთოდ ყველა და ყველაფერი, მგონი. იმდენად მაგრად იკითხება, მთელი ტრაგედია ასატანი და მსუბუქად მისაღები ხდება, მაგრამ ამ წიგნის უჩინარი ჰოლდენ კოლფილდი ჭვავის ყანაში მიგვერეკება და გვეკითხება:"მდიდრების ცხოვრება ფლოუ რატოა და ღარიბების დელივერი?" ამ კითხვამ ჩვენი შექსპირი ჩაანაცვლა, გლოვო და ვოლტი გადმოვწერეთ, ლაზარეები 9 აპრილსაც მუშაობენ და პიცაც მოაქვთ, "9 აპრილია და სახელმწიფო სამსახურების ნახევარზე მეტი არ მუშაობს და თუ წესით დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულებს მუხლჩაუხრელი შრომით უნდა ვცემდეთ პატივს და ყოველდღე ვცდილობდეთ, რომ ქვეყანა როგორმე წინ წავწიოთ, ჩვენ არ ვმუშაობთ-სხვისი მოპოვებული თავისუფლების ხარჯზე ვისვენებთ." კი, ეგრეა. მე, საკუთარი ხალხის რწმენა და უკეთესი მომავლის იმედი იქ და მაშინ არ დამიკარგავს, თბილისის ომის პარალელურად და რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე კილომეტრში "მის საბურთალო" რომ ჩატარდა, არა ამ იმედს ყოველდღე თავიდან ვკარგავ ქუჩაში.
"საბჭოთა კორპუსებში დატანებული დრაკონის მყრალი ხახა- ბუნკერი, დამპალი საჭმლისა და ნაგვის ტოქსიკური სუნი-ვირთხების ბუფეტი, კომუნისტური მენტალობასავით ხრწნადი და მომწამლავი ბოროტი სული" ასეთი ბინძური, ხრწნადი და საშინელია ეს წიგნიც, თავისი მყრალი პერსონაჟებით, რომელთაგან ყველაზე სუფთას დეოდორანტს ჩუქნიან დაბადების დღეზე... ნიჰილისტური განწყობით, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ იცვლება, იცვლებიან მხოლოდ ზემდგომები და მწარე რეალობით, რომ საქართველო ბუნკერისავით მყრალი ქვეყანაა, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ გაძლევს. ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური ქართული რომანია და ძალიან მაგარი მწერალი გვყოლია ივა ფეზუაშვილის სახით.
პოსტსაბჭოთა თემატიკაზე რაც წამიკითხავს, ეს ყველაზე მეტად ახლო და ქართულია. გენა (ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) არის ნამდვილი საბჭოთა პროდუქტი, რომელმაც მართალია თავი დააღწია იმპერიას, მაგრამ მაინც მისი ტყვეა და იქნება მარად. ისევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვიხრწნებით ყოველდღე ყოველი ჩვეგანი, აი მამის ცოდვები, რომ შვილზე გადადის ზუსტია ეგ. ასეა ეს საბჭოთა მემკვიდრეობაც და კიდევ დიდხანს იქნება ასე. სიყვარულიც კი სოვიეტურია დღეს, მაგრამ ეგ ალბათ ერთადერთია, რაც მაგ დაწყევლილ დროსაც წმინდა იყო და ვერაფერი მოუხერხეს.
,,უყვარდა ისე მოოდნელად და ისეთ მოულოდნელ ადგილებში, როგორ ადგილებშიც სიყვარული არა მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეს, არამედ არცერთ წესიერ და პასპორტიან ადამიანს არ შეეფრება და უყვარდა მილა ბელადის ძეგლებს ქვეშ და უყვარდა ,,ნოლ ექვსებში” და უყვარდა ლიფტებში და უყვარდა მილიციის განყოფილებებშიც, რომელშიც გადარეული სიყვარულის გამო ხშირად ამოჰყოფენ ხოლმე თავს”
გავიგე რომ თეატრალური დადგმაც არსებობს, სიამოვნებით ვნახავდი, ვინმემ კომპანიობობა გამიწიეთ.
ამ წიგნს წაიკითხავთ და რაღაც აუცილებლად აგტკივდებათ და მიხვდებით, რომ ეს წიგნი კიდევ ბევრს ატკენს თქვენ გარდა და ეს ფიქრი დიდხანს გაგყვებათ თან, გაიაზრებთ, რომ ესაა წიგნი გენაზე, მილაზე, ზემასა და ლაზარეზე, მეორედ დაბადებაზე და იმაზე, რომ ზოგჯერ მეორედ დაბადებაც პირველის ტოლფასია და შეიძლება მიამსგავსოთ სიუჟეტი “პარაზიტს,” ჩათვალოთ, რომ ამ წიგნის ყველა პერსონაჟი პარაზიტია, ოღონდ ქართულ რეალობაში და გააცოცხლოთ წიგნის სიუჟეტი გონებაში და დაინახოთ ყველაფერი ფილმის კადრებად და შეიძლება რაღაც სუნიც იგრძნოთ, შეიძლება ვერც იგრძნოთ და მაინც რაღაც აუცილებლად აგტკივდებათ და ჩათვლით რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, გაბედული და სუნთქვისშემკვრელი წიგნი გამოჩენილა, რომელშიც წერტილი არც წინადადებებს ესმევათ ბოლოში, არც ამბებს და არც პერსონაჟებს, რომელშიც წერტილებს მხოლოდ მკითხველი სვამს.
“ადამიანს მისი არჩევანი განსაზღვრავს და არა არადანზე სინანული.”
"ბუნკერის" კითხვას 2024 წლის პროტესტების ფონზე, აღდგომა დღეს ვამთავრებ და ნათლად ვხედავ ბოლო ათწლეულებია, სიზიფეს მითის მსგავსად, ეს ბუნკერიდან ამოყვანილი ქვეყანა მაინც როგორ უკან გვისრიალდება იმ მყრალ რეალობაში რომელსაც ასე კარგად აღწერს ივა, ისე კარგად რომ წიგნის დასრულების შემდეგ კბილების გახეხვა და წყლის გადავლება გჭირდება, მითუმეტეს თუ მამუკასაც გერმანიაში არ ხარ გაზრდილი და წიგნის ყველა გვერდი კითხვისას ნერვებს გაწიწკნის და გახსენებს იმ დამპალ რეალობას, რომელიც შეცვლილი გგონია მაგრამ სინამდვილეში კარგად იმალება თბილისის გარეუბნებში, "სტამბასა" და "ლოლიტასგან" ძალიან შორს მაგრამ მაინც იმდენად ახლოს რომ ერთი პატარა წიგნი და ძალიან რეალური პერსონჟებია საჭირო რომ ისევ ღრმად ჩაგხედოს თვალებში. ჰო და, არა რუსულ კანონს ყველა გარეთ პარლამენტის წინ 19:00-ზე, და იმედია წლების შემდეგ "ჯენ ზი" რომ წაიკითხავს ამ რომანს, ჩემსავით არ შეაჟრჟოლებს და დააფასებს მხოლოდ იმ სხვა ბევრი კარგი თვისებისთვის, რომელიც მართლა აქვს და რომლის ჩამოთვლას აქ არ მოვუყვები და უბრალოდ გირჩევთ თვითონ წაიკითხოთ.
ძალიან ძალიან ძალიან დამღლელ უიმედობის ჟანრს კიდევ აიტანს ადამიანი, ქართული ტრადიიციისამებრ ქალების ნარატივისგან სრულიად გათიშულ ამბებს რომ არ ყვებოდეს და თავადვე არ ამძაფრებდეს სტერეოტიპებს.
ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ არის წიგნი, რომელიც კითხვის დასრულების შემდეგაც დიდხანს გიტოვებს ყელში გაჩხერილ ნაგვის სუნისა და სიმძიმის შეგრძნებას. ეს არის ერთი ოჯახის ტრაგედიაზე აგებული მთელი ეპოქის პორტრეტი. ავტორი საოცარი სიზუსტით აღწერს იმ „ბუნკერს“, რომელშიც პოსტსაბჭოთა საქართველოა გამოკეტილი. ეს არ არის მხოლოდ სოციალური დრამა, ეს არის ამბავი დანაშაულზე, სასჯელზე, ეთნიკურ კონფლიქტებზე და იმ წარსულზე, რომელსაც რაც არ უნდა ღრმად დავმალოთ, მაინც ამოხეთქავს. გენას, მილას, ზემასა და ლაზარეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალი და რეალურია, რომ გგონია, შენი კორპუსის მეზობლებზე კითხულობ. მძიმე, მაგრამ აუცილებელი საკითხავი მათთვის, ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების გაცნობა სურს.
ბოლო მომენტამდე მეგონა , რომ 4 ვარსკვლავზე შევაფასებდი. დასასრული იყო საოცარი და ზუსტად ისეთი როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. ყველაფერი ითქვა 170-ე გვერდით.
ყველაზე მეტად რატომაც მიყვარს ავტორი ივა, მისი ადამიანების მიმართ მიმღებლობაა. როგორი გაგებით ეკიდება პერსონაჟებს და როგორ ცდილობს რომ მათი არასწორი, გადაუდგმელი ნაბიჯების, ქცევების უკან დაგავანხოს მათი ცხოვრებისეული სევდები და ტკივილები. ეს წიგნიც, სწორედ საბჭოთა პერიოდში გადატანილ, მოუნელებელ ტრამვებზეა, ჩვენი მშობლების თაობას რომ წლებია ტვირთად აწევთ და ახლა, ჩვენც რომ ლაქებად გვამჩნევია.
მე მაწუხებდა გაურკვეველი სუნი, დაახლა უფრო ცხადად ვიგრძენი ბუნკერის სუნი და ყველა პერსონაჟის, ყველა ტკივილი. და ნაბიჯები რომლის უკან ხშირად ჩვენთვის უხილავი მიზეზი დგას, რომელიც ავტორმა ცხადად დაგვანახა. და მე ვუთანაგრძნე ზენას, გენას, მილას, ლაზარეს... და მე მჯერა რომ როგორც მაშინ დაოწყეს ნელ-ნელა ბუნკერების მოშენება, ამოქოლვა, ახლაც ესე გაგრძელდება, ოღონდ პირველ რიგში ყველაფერი რეალობასთან თვალისგასწორებით იწყება და ეს წიგნიც სწორედ საუკეთესოა თვალის ასახელად.
სხაპასხუპით, საინტერესოდ საკითხავი ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეული წარსული,რომელიც ხშირ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებების, დაღდასმული ინდივიდების, ულამაზო, ეკლიანი ცხოვრების საცავია. წარსულის პარალელურად გადმოცემული აწმყო, იმის საჩვენებლად, თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე წარსულში თავსდატეხილი ქარიშხალი. “საქართველოს ისტორიას კი ერთი ზნე სჭირს, რომ საკუთარი თავის გამეორება უყვარს და უყვარს ალუზიებიც და პარალელებიც.” “ადამიანს მისი არჩევანი განსაზღვრავს და არა არადანზე სინანული”.
ძალიან რეალური და ზუსტად გადმოცემულია ყველაფერი რაც ძლიერ ემოციას იწვევს და გახსენებს ძალიან მწარე სიმართლეს. ეს უკვე მეორე წიგნია ავტორის რომელიც წავიკითხე. რაღაცით დოვლატოვს მაგონებს მისი სტილი და ძალიან მომწონს.
თუ ყურადღებით არ წაიკითხავ, შეიძლება, რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაშიც კი აგერიოს, რადგან ესაა დღევანდელობა და ამ ტექსტისგან დისტანცირება ყველას გაუჭირდება, ვისაც ამ ქვეყნისგან დისტანცირება უჭირს.
აქამდე ისედაც მინდოდა ივას წავიკითხვა, მარა ერთდროულად მოაწყდა ყველაფერი, ევროკავშირის ჯილდოდან დაწყებული, ამ წიგნზე იყო გადარეული მთელი ჩემი მკითხველი სანაცნობო, მათ შორის ჩემი უახლოესი ორი მეგობარიც და ალბათ ძაან დიდი მოლოდინი მქონდა და ცოტა სხვა რამეს ველოდი მარა სთილ ოქეი. ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კითხულობს, იმათთვის არ მგონია რო ბუნკერი მცირედით მაინც იყოს ახალი ან უცხო, არა საერთოდ არა ;დ პროსტა აი მე მგონია, რომ ვინმე უცხო რო კითხულობდეს რა და უნდოდეს გაიგოს რა არის საქართველო და ქართული ჰაერი ჩაუვიდეს ძარღვებში, მაგისთვის ძაან კაი წიგნია, კარგი რეპრეზერენტივი იქნება ჩვენი ლიტერატურის და ყოველდღიურობის. ხვალ მარჯანიშვილის თეატრშიც პრემიერაზეც მივდივარ და რავი, მგონია უფრო საინტერესოდ აღვიქვავ ვიდრე წაკითხვით. თან კარგადაცაა დაწერილი, განსხვავებული პერსონაჟების ხედვა კარგად აქვს დაჭერილი და იგრძნობა ეგ. კიდე აი იცი როგორი მომენტები არის 4-5 ცალი, რო უნდა რო მწარედ ჩაგასოს რაღაც ავტორმა და გრძნობებს და ფიქრებს რო გაყრის და გაყრის პერსონაჟისას, აი ცნობიერების ნაკადივით, ბოლომდე რო გიხსნის გმირის სულის სიღრმეს და გამოაქ და გამოაქ და კი მოჰქონდა მაგ დროს, პროსტა რავი, მაგ მომენტებში მეგონა რო ეგეთი რამის გაკეთება მეც შემიძლია და ეგეთი რამის დაწერა ზუსტად, რაღაცნაირად. და უცნაური იყო ეგ.