“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” წარმოგიდგენთ 1921 წლიდან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულიკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უამღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ერთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.
აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. "გაქცევის დღური". ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.
წინამდებარე წიგნი გამოდის საგანმანათლებლო სერიით "აკრძალული მეხსიერება", რომლის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები შეავსოს ამ პერიოდის თანამედროვეთა მოგონებებით, მონათხრობითა და განცდილით. სლოგანი "ერთი ადამიანი, ერთი ბედისწერა, საერთო ისტორია" - "სოვლაბი" არაერთ საინტერესო და უსამართლოდ დავიწყებულ მოგონებას შემოგთავაზებთ.
ერთი უბრალო ქართველი ქალის ისტორიაა, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო აღმოჩნდა შორეულ უცხო ქვეყანაში, გამოიარა დიდი სულიერი და მატერიალური გაჭირვება, მაგრამ, დიდი შრომით და თავდადებით მიაღწია წარმატებას და ოჯახიც ფეხზე წამოაყენა. სოხუმელი მასწავლებელი ქალი გახდა წარმატებული მკვლევარი, ექიმი, ბევრი ადამიანის გაჭირვების ტალკვესი და მშველელი :) ძალიან საინტერესოა "შიგნიდან" დანახული ქართული ემიგრაციის და ბერლინის სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოების ცხოვრებაც.. ერთადერთი, რაც სამწუხაროა: წიგნს დიდი თავშეკავება ეტყობა, რომ არსად გამომჟღავნდეს ავტორის პოზიცია გერმანიაში 30-40-იანი წლების მოვლენებზე. რედაქტორს დიდი ჯაფა გაუწევია, შეუკრებია იმ ადამიანთა ბიოგრაფიები, ვისთანაც ქრისტინეს ჰქონდა პირადი და პროფესიული ურთიერთობა. მათი ნაწილი ნაციზმმა აღაზევა, ნაწილმა კი დიდი ჭირი გადაიტანა, ზოგი ვერც გადაურჩა .. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, ქრისტინე რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე.