„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია.
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. „ოტტეპელი“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ…
ცხოვრება თითქოს შეცვლილია, აღარავის აკრთობს ღამის სიჩუმეში მოახლოებული მანქანის ხმა, როგორც გარდაუვალი დაღუპვის ნიშანი… თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ავტორი გვეკითხება, შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში"(1972), "აურზაური სალხინეთში"(1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1978), "დღეს ღამე უთენებია"(1983), "ორომტრიალი"(1986), "ვალსი პეჩორაზე"(1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის(1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება"(2009). კინოდრამატურგი.
რა ბედნიერებაა, რომ გვიან, მაგრამ მაინც აღმოვაჩინეთ ზაირა თავისი საოცარი ენით, ჩვეულებრივი და ამავე დროს საოცარი ამბებით... ამჯერად "ვა, სოფელო"-სა და "კენჭების" შემდეგ ორკესტრის სულ სხვადასხვაგვარი და ძალიან საინტერესო წევრების მაგალითზე გაცოცხლდა დიდი ტერორის პერიოდი, როდესაც ავტომობილის ხმა შიშის მომგვრელი იყო ყველასთვის, ვინც სრულიად მოულოდნელი ნაცნობებისგან დასმენას ან უბრალოდ საკუთარ უკომპრომისობას ემსხვერპლა... და პოსტ-სტალინური ეპოქა, რომელშიც წარსული დაბრუნდა და თელავის, თბილისის, სანქტ-პეტერბურგის, გალაკტიონის სიტყვების ფონზე გაჟღერდა ეჟი ხადაროვსკის "რეკვიემი", როგორც თავისუფლების უკვდავების სიმბოლო... ზუსტად ისე, როგორც ანა ახმატოვას სტრიქონები...
მოსალოდნელიც იყო, რომ ზაირა არსენიშვილის ეს რომანიც ძალიან კარგი იქნებოდა. პრინციპში, "ვაჰ, სოფელოს" არც ჩამოუვარდება. არადა არაფერს თხზავს და იგონებს, უბრალოდ თავისი ცხოვრებიდან გვიყვება ეპიზოდებს, თავის ნაცნობებზე მოგვითხრობს და ამას ისე ლამაზი ენით და გულშიჩამწვდომად აკეთებს, როგორც სხვა არავის შეუძლია.❤️
ზოგი ერსონაჟი ძალიან საყვარელია: მაკედონი მაგალითად. ზოგიც კი აუტანელი. მაგ: გენო და ჯეირანი. მიუხედავად იმისა, რომ ჯეირანს ვერ ვიტანდი, ძალიან ამაღელვა ეპიზოდმა მისი ბავშვობიდან, როცა მუსიკას ეზიარა. მისი განცდები ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. ფინალში კვანძის გახსნა თან მოულოდნელი იყო და თან ძალიან ლოგიკურიც.
გამოხდა ხანი, გარვიდა თვენი და ძლივს ვაღირსე ამ წიგნს დასრულება. ვამბობ, სათავგადასავლო ჟანრი არ მიყვარს-მეთქი და მაინც რატომ ვეძალები ვერ ვხვდები. საჩემო წიგნი ნამდვილად არაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გულგრილი დამტოვა. "ყველა წიგნს თავის მკითხველი ჰყავს" - ო როგორც ამბობენ
ჩემთვის "რეკვიემი" მესამე წიგნი იყო, "ვა, სოფელოს" და "კენჭების" შემდეგ და უკვე ერთგვარი წარმოდგენა მქონდა ზაირა არსენიშვილის შემოქმედების შესახებ. "რეკვიემის.. " წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა შეხედულება, რომ ზაირას შემოქმედებამ და თავად ავტორმაც ძალიან ბევრი დაკარგეს იმით, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე არ მივიდა მკითხველამდე.. ამის მაგიერ, დიდხანს იდო მწერლის არქივში და მხოლოდ წლების შემდეგ იხილა დღის სინათლე. ცხადია, ეგეც ჩვენი უბედურებაა-სიმართლის თქმა აკრძალული იყო და მწერალს კიდეც რომ მოესურვებინა, მაინც არავინ დაუბეჭდავდა.. თუმცა, ამ ყველაფერმა, ჩემი აზრით, მაინც დაატყო სერიოზული კვალი. ავტორს მკითხველი და ლიტერატურული კრიტიკაც "ზრდის"-იმის მიხედვით, თუ როგორ მოსწონთ ადამიანებს მათი ნაწერი, როგორია გამოხმაურება, მწერლებს უჩნდებათ ახალი ინტერესები, ცდიან ახალ ხერხებს, ხვეწენ სამწერლო ენას.. ზაირას შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. "რეკვიემს" შერეული გრძნობებით ვკითხულობდი. მომენტებში აღმაფრთოვანებდა, თუ როგორი ძალით აღწერდა ავტორი პერსონაჟებს, მათში მობობოქრე გრძნობებს, მხიბლავდა მისი მოქნილი ენა, თავისებური იუმორი, მაგრამ, საერთო ჩარჩო კი - ვგულისხმობ სასიყვარულო სამკუთხედს და ლეგენდარული "რეკვიემის" ძიებას, მაინც სუსტი მეჩვენა.. რომანს ორი იმდენად ძლიერი და ბუნებრივი პერსონაჟი ჰყავს-ჯეირანისა და სამუელის სახით, რომ მათთან შედარებით, ყველაფერი უფერულდება და გასაოცარიც კი ხდება, რისთვის დასჭირდა ავტორს ეჟის სრულიად ხელოვნური პერსონაჟის შექმნა და რომანის მასზე აწყობა... ჩემი აზრით, ჯეირანი (რომელმაც დოჩანაშვილის ბესამე მომაგონა ძალიან) უფრო იმსახურებდა ამას, იმ ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ, რამაც ის მიიყვანა მუსიკამდე.. არ ვიცი, შეიძლება, ავტორს სსრკ-ის უაზრობის ჩვენება უნდოდა იმით, რომ ჯაზის ჰანგებზე მეოცნებე და ლუი არმსტრონგის მაღმერთებელ ბიჭუნას საბოლოოდ რესტორნის ორკესტრში დაასრულებინა მოღვაწეობა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პერსონაჟი ამას არ იმსახურებდა... ასევე, მეზღვაური ნიკას პერსონაჟიც კომეტასავით გააელვა და გააქრო.. სხვაფრივ.. ბევრი რამ აშკარად მისი პირადი გამოცდილებიდან არის აღებული, ოპერის ორკესტრში მოღვაწეობის დროს და მუსიკალურ წრეებში გაცნობიერებული მკითხველი, ალბათ, იოლად დაადგენს პერსონაჟების პროტოტიპებს. ოდისეი დიმიტრიადის და დავით გამრეკელის ამოცნობა მეც არ გამჭირვებია.. და კიდევ, იმანაც გამაკვირვა, რომ მთავარი დამნაშავის ვინაობა და ცალკეული შტრიხები (საბედნიეროდ, არა ყველა) საოცრად ემთხვევა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისას, რომლის შესახებაც არასოდეს გამიგია, რომ დამსმენი ყოფილიყოს. პირიქით - ხელისუფლების კრიტიკოსი იყო, არც განდიდების მანია აწუხებდა, მშვენიერ ნაწარმოებებსაც ქმნიდა და მოწაფეებსაც ყვებოდა ზედ.. რა ვიცი. ალბათ, ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ ამას, მაგრმა, ეჭვიც კი გულსატკენია.
"ვა სოფელოს" შემდეგ ცოტა გამიჭირდა ამის წაკითხვა, ისევ ისე ლამაზად უწერია მაგრამ ოდნავ მაინც რთულად იკითხება. მთავარი ალბათ მაინც ისაა რომ ავტორი როგორც "ვა სოფელოში" თავის გარშემო მომხდარ რეალურ ამბებს ყვება. თუმცა, წიგნს შევიყვანდი აუცილებლად წასაკითხების სიაში, რადგან უფრო მეტი ვიცოდეთ იმ ტერორზე და დასმენებზე რომელიც რეალურად ხდებოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და ამ ყველაფრის სწორად შეფასება შევძლოთ.
არაჩვეულებრივი ნამუშევარი. აღსანიშნავია ავტორის უნიკალური თხრობის სტილი, იმდროინდელი ამბებისა და მუსიკის უბადლო ცოდნა, მოვლენებისა თ�� პეიზაჟის მხატვრულად აღწერა და ერთმანეთთან მაგიურად დაკავშირება. ზაირა არსენიშვილის ამ ნაწარმოებითაც ძალიან მოხიბლული დავრჩი.
ზაირა არსენიშვილი - ,,რეკვიემი - რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინ სტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ავტორის პირველი რომანია. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული.ამ დროს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს ერთიან სურათს: რით სუნთქავდნენ,რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ… ცხოვრება თითქოს შეცვლილია,თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ამ წიგნმა დამანახა,რომ რეპრესიები,მე-20 საუკუნის 20-30 იანი წლების ტერორი არამარტო დაუნდოებლი, არამედ იმდენად სასტიკი იყო,რომ ეხებოდა ისეთ ჭეშმარიტ საგანს როგორიც მუსიკა და შემოქმედი ადამიანები იყვნენ. რეპრესიები,მძიმე იყო არამარტო უბრალო ხალხისთვის,არამედ შემოქმედი ადამიანებისთვისაც,ვისაც არ ჰქონდათ არჩევანი,თავისუფალი ნება თუნდაც შეექმნათ ის კომპოზიცია ან დაეკრათ ის რაც სურდათ. ეს წიგნი მაფიქრებს,რომ ეს რეპრესიები რეალურად კლავდა ეჟის მსგავს შემოქმედ ადამიანებს და მათ ოჯახებს, ახალგაზრდა ქალბატონები კი ძველი სიყვარულის ერთგულნი სიოცხლის ბოლომდე რჩებოდნენ,უიღბლო ბოროტი ცხოვრება კი ადამიანებს მართლაც ცვლიდა. წიგნი მარწმუნებს ქართველების მოღალატე ბუნებაზე,რის გამოც საქართველოს ისტორია და ადამიანთა ბედი არაერთხელ ჩამოშლილა.
ძალიან კარგია, მეც მთავარი გმირივით მოუთმენლად და ცნიბისმოყვარედ მივყვებოდი ამბავს, ლამის მასავით განვიცდიდი. "კარგია, რომ ვიღაც ბედნიერია... ისეთი გაელვებაა ბედნიერება, მხოლოდ და მხოლოდ გაელვება, განა შეიძლება არ გიხაროდეს სხვისი სიხარული?" ეს უნდა გვახსოვდეს ყველას და ყოველთვის.