„ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ ბესიკ ხარანაულის ახალი მეტაპოეტური წიგნია, რომელიც პანდემიის განსაცდელში მყოფი ადამიანის ბედს ირეკლავს. როგორც ხარანაულის სხვა ეპიკურ მეტატექსტებს, ამ ნაწარმოებსაც უცნაური ფაბულა კრავს – ოთხმოცი ათასი წლის (მოხუცი) ვირუსის ხეტიალი ნიღბით პირაკრულ დედამიწაზე, სადაც „ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი“.
სწორედ ეს ხეტიალია იმ შეგრძნებათა და შთაბეჭდილებათა შემგროვებელი აქტი, რომლებსაც შობს ვირუსშეყრილი კაცობრიობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს წიგნი ვირუსის ერთგვარი ანატომიაა, ავტორი კი ალქიმიკოსი, რომელიც მეტაფიზიკურ ლაბორატორიაში, მიკროსკოპული სიზუსტით ჭვრეტს და ჩხრეკს ადამიანურ სულს – ყოველგვარი ვირუსის მიზეზსაც და დამმარცხებელსაც.
ალუზიათა და სენტენციათა მოზაიკა, არქაული ექოებით გამსჭვალული ულტრაბგერები, თხრობის ვირტუოზული სისადავე და დაუძაბავი სევდა ამ წიგნს წარუშლელ იდუმალებას სძენს. ეს იდუმალება კი ახალი ადამიანური გამოცდილებაა, რომელმაც თავდაპირველად პოეტის გულზე გაიარა.
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს. ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.
სასწაული კაცია ბატონი ბესიკი. სასწაული ნაწარმოებია პანდემიის ჟამს დაწერილი. თავიდან ვფიქრობდი რა უნდა დაეწერა ვინმეს ღირებული პანდემიის დროს. ისეთი რომელიც ესე აღმაფრთოვანებდა არაფერს ველოდი. თითქოს პროზაული ნაშრომია, შიმბორსკას ფრაზა გამახსენდა ლექსიდან. "პროზაში შეიძლება პოეზია იყოს, პოეზიაში კი მხოლოდ პოეზია და მხოლოდ პოეზია" ეს კიდე პროზა იყო და თან პროზა არ იყო. სულ პოეზია იყო, რაღაც მეტაპოეზია.