ფოლგის ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ჯაზ-იმპროვიზაციები, სიტყვები, ადამიანები, ნივთები და ემოციები: სიმშვდე, სიხარული, მონატრება, სევდა - სწორედ ასეთია დიანა ანფიმიადის პოეტური კრებული, წიგნის სახელიც - “შოკოლადი”, ზუსტად რომ თემატურია - ტკბილი და მწარე, თეთრი და შავი, მძიმე და ჰაეროვანი ტექსტები სწორედ იმ დოზებითა და რეცეპტებითაა ერთმანეთთან შეზავებული, რომ საბოლოოდ მკითხველი გემრიელ, გემოვნებით მომზადებულ საკითხავს იღებს. “შოკოლადი” დიანა ანფიმიადისათვის სადებიუტო წიგნია და პოეზიის მოყვარულებს კიდევ ერთ საინტერესო ავტორს აღმოაჩენინებს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
ენათმეცნიერი და პოეტი დიანა ანფიმიადი დაიბადა 1982 წლის 28 ივლისს თბილისში. პოეტი, მკითხველი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ – კრიმინალისტი. არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის და ლექსების ერთი წიგნის - “შოკოლადი” ავტორი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის “ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების” კათედრის დოქტორანტი. არის ილია ჭავჭავაძის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის და არაერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებული. ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებული ( 2008 წ.). ლიტერატურული კონკურსების “ საბა” და “ გალა” ნომინანტი( 2008წ). 2009 პრემია "საბას" გამარჯვებული - წლის საუკეთესო დებიუტი