თანამედროვე ქართველი მწერლის, თამრი ფხაკაძის ამ წიგნმა ავტორს 2004 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მოუტანა დებიუტის ნომინაციაში. დღეს თამრი ფხაკაძე უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია, მის სადებიუტო წიგნში შესული ემოციური, დახვეწილი მოთხრობები მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა და გაითავისა.
თამრი ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წლის 28 ივლისს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში[1], ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები. არის გამომცემლობა "ტრიასის" მთავარი რედაქტორი. 2012 წლის მარტში თამრი ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის, „ურაკპარაკის“ სალიტერატურო კონკურსის, „ლიტბუნიობა“ (პროზა) ჟიურის წევრი. ჰყავს ქალიშვილი, ნინო კაპანაძე, მხატვარი-დიზაინერი.