დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში"(1972), "აურზაური სალხინეთში"(1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1978), "დღეს ღამე უთენებია"(1983), "ორომტრიალი"(1986), "ვალსი პეჩორაზე"(1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის(1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება"(2009). კინოდრამატურგი.
"კოლაჟი მთვარის შუქზე", რა თქმა უნდა, ახლოსაც არაა "ვა, სოფელოსთან", მაგრამ უკიდურესად მწირი ლექსიკით დაწერილი თანამედროვე ქართული რომანების შემდეგ, ნამდვილი შვება იყო ზაირა არსენიშვილის კითხვა.
მაინც რა დიდებული ენა აქვს ზაირა არსენიშვილს... კითხულობ, კითხულობ და ყოველ ჯერზე გაკვირვებული რჩები... აქაც ასეა. თითქოს დადიხარ ძველი თელავის ქუჩებში - აი, ნადიკვარი, აი, ერეკლე მეფის სამყოფელი და თიკო აბელიშვილის ფანტაზიაში გაცოცხლებული თავად პატარა კახი, ოღონდ ისეთი კი არა, ისტორიის წიგნებში რომ ვხედავთ და სადღეგრძელოებს ვუძღვნით, არამედ ნამდვილი, ადამიანური. ბატონიშვილებს ხომ ნუღარ იკითხავთ. მათი ბჭობის შემხედვარეთ სულაც არ უნდა გვაოცებდეს ჩვენი ქვეყნის ის ბედი, რომელიც თიკოს ბებია-პაპებს, მშობლებსა და თანატოლებს მოესწროთ. რუსთ მეუფების ქვეშ მოქცეულთ 1924-ის აჯანყება და თელავის სისხლიანი ქორწილი, 1937-ის რეპრესიები, 60-იანების ცენზურა, პრაღის გაზაფხული და კრიმინალი, 90-იანების შიმშილი და ომი არც უნდა მიგვაჩნდეს განსაკუთრებულ მოვლენად. კანონზომიერად გამოყურება ეს ყველაფერი... ისევე, როგორც ამ სისხლიან დროებაში აღმოცენებული ახალგაზრდული სიყვარული...
ცოტა მიკვირს, რომ ამ წიგნს ჯერ არცერთი გამოხმაურება არ აქვს, არადა, ამდენი ხანია, რაც გამოვიდა.. მე თავად ახლა მოვრჩი წაკითხვას. თემატიკა იგივეა, რაც ზაირას სხვა წიგნებში-თელავი და მისი ბინადრები, 20-30-იანი წლების სასტიკი რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომი და ამ ტრაგედიების ექო 60-იანი წლების ბოლოს.. ორიგინალურია წიგნში ჩასმული წიგნიც, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა-ადამიანებიც (რომელთაც, ეჭვი არ მეპარება, პროტოტიპები ჰყავთ, ზოგიერთს მაინც), ისტორიებიც, მაგრამ... ელდარ შენგელაიას ფილმის პერსონაჟისა არ იყოს- ქანდაკების ცხვირიც გავს, თვალებიც, ტუჩ-ნიკაპიც, თუმცა, შემკვეთის სიდედრი მაინც არაა. უკმარისობის გრძნობა დამიტოვა პერსონაჟების სახეებმა და მათი ისტორიების განვითარებამ, ასევე, დასასრულმაც. რაზეც იფიქრებდა მკითხველი-მთავარი სიუჟეტური ხაზიაო, ისე მოისხიპა ბოლოში, თითქოს თიკო, ნიკო და შალვა მთავარი კი არა, რაღაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ყოფილიყვნენ და მთლიანად გადაიფარა მათი ამბავი ეპილოგში აღწერილი ტრაგედიით. აიუფიც საერთოდ მიიჩქმალა. მომენტებში ძლიერი იყო თხრობა, მომენტებში-გაცვეთილი, პრიმიტიული და სასაცილოც კი (ინტიმური სცენები, მაგალითად). თიკოს პერსონაჟი, ვთვლი, რომ მაინც სუსტი და ალოგიკური გამოვიდა. ცალკე საკითხია მწერლის ენა-თელავური ქართულის ფონზე ცოტა უხერხულად ჩანს ბარბარიზმები (ტრუსიკი, ბუტონი..). საერთოდ, მგონია, რომ ზაირას გონება უამრავ საინტერესო ამბავსა და ადამიანს იტევდა, მაგრამ, ამ ყველაფრის ერთ ისტორიად ჩამოყალიბების მხრივ-მოიკოჭლებდა. შეიძლება, იმიტომ ხდებოდა ასე, რომ ძალიან ბევრის ჩატევა უნდოდა ერთში. ალბათ ამიტომ არის ზაირას კინოსცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები მის წიგნებზე ბევრად უკეთესი და უფრო მეტის მთქმელი-რომანების ნაკლს ფილმებში მსახიობების გამომსახველობა და რეჟისორის, ოპერატორისა და კომპოზიტორის მიგნებები ავსებდა.
რამდენადაც მომეწონა მწერლის ენა, იმდენად არ მომეწონა დანარჩენი.
პერსონაჟები - ვისურვებდი, გაცილებით სიღრმისეულად აღწერილიყო და გამეგო, ვის რა უნდოდა.
სიუჟეტები - შეიძლებოდა, ნაკლებად ბანალური ყოფილიყო.
ისტორიული თხზულების ნაწილი - არასაჭიროდ მოცულობითი რატომ იყო, გაუგებარია.
მთავარი პერსონაჟის ამბავი საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილი იყო ჩემთვის. ეპილოგის ნაწილმა შედარებით გამოაცოცხლა, თუმცა, მაინც დაუსრულებლობის შეგრძნება დამიტოვა.
ეს წიგნი ჩემი მეგზური გახდა იმ წუთიდან, როდესაც მისი პირველი სიტყვები ამოვიკითხე. მწერლის უცხო და ამავდროულად, ულამაზესი ენა და წერის სტილი ნამდვილად გიბიძგებთ, რომ ამ ისტორიის თანამონაწილე გახდეთ და მიიღოთ უშრეტი ძალა, თვითონაც შექმნათ რაიმე ღირებული♥️ბედნიერი ვარ, რომ ამ წიგნის საშუალებით გავიცანი ერთ-ერთი უნიჭიერესი და ჩემთვის საყვარელი მწერალი!
4/10 ძაან მინდოდა მომწონებოდა არადა :დ ცუდიც არაა მარა არც კარგია, არის უბრალოდ რა. მწერლის თხრობის სტილის გამო თუ წაიკითხავდა ადამიანი, სასიამოვნოა ძალიან.
ეს ავტორი პირველად გავიცანი ახლა. მასზე სულ კარგი მესმოდა, ძალიან პოპულარულიცაა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს ქართველ მკითხველებში…. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, მე იმედი გამიცრუა…. წიგნის კითხვას თუ ვიწყებ, აუცილებლად მიმყავს ბოლომდე და მთელი 510 გვერდი ისე წავიკითხე, ერთი სული მქონდა დასრულებულიყო. ახლა ,ალბათ, არსენიშვილის ფანები შემდგებიან ზედ, მაგრამ ამით ჩემი მისდამი დამოკიდებულება ხომ არ შეიცვლება მაინც…
ნაწარმოები არის 26 წლის თელაველ გოგო- თიკოზე, რომელიც ერეკლე მეფის ცხოვრებით იმდენადაა გატაცებული, რომ მასზე წიგნის წერას იწყებს. ავტორი იმასაც კი გვიზიარებს, რას წერს თიკო , კონკრეტული თავები ეძღვნება თიკოს მიერ დაწერილ ერეკლეს ცხოვრებას ( ანუ თითქოს ამ წიგნში მეორე წიგნს კითხულობ) და სიმართლე ითქვას, ვისთვისაც საინტერესო არაა კახეთი, ერეკლე მეფე, დარეჯან დედოფალი და იმდროინდელი კახელები, მათთვის ეს თავები ზედმეტად მოსაწყენი იქნება. ამ ყველაფრის პარალელურად, მიმდინარეობს სასიყვარულო ხაზიც. თიკოს უყვარდება მამამისის უახლოესი ძმაკაცი… ეს ხაზი, თითქოს , ცოტა დინამიკას და მუხტს კი აძლევს ნაწარმოებს, მაგრამ,ვფიქრობ, ბევრად უკეთ შეიძლებოდა ამ ყველაფრის განვითარება და გადმოცემა. ყველაზე მეტად, რაც არ მომეწონა ისაა , რომ ბოლო ფურცლებზე, როდესაც სიუჟეტი იძაბება (მკვლელობა, გარდაცვალება, ჭარბი ემოციები და ა.შ. ) და სიუჟეტში როგორც იქნა შეხვედი და უკვე როლებში ხარ, წყვეტს ავტორი ამ დინამიურ განვითარებას და აგრძელებს სრულიად არასაჭირო თემების განხილვას , როგორიცაა რა წერილს უწერს მოხუცი ქალი თავის მრავალი წლის წინ გარდაცვლილ შვილს ან რა დაწერა თიკომ თავის წიგნში, ბოლო თავების გაზიარება… ძალიან გავბრაზდი ამ ნაწილზე, ძლივს ძლიერ ემოციებში ვიყავი , მაინტერესებს მკვლელი თუ დაისჯება, თიკოს ემოციები როგორი იქნება და ათასი რამ და ავტორი არაფერს აზიარებს და კვლავ იმ თიკოს წიგნს და სხვა არასაჭირო საკითხს უბრუნდება….. დასასრულმაც გამიცრუა იმედები… თითქოს უცებ მიამთავრაო….
მოკლედ, იმედგაცრუებული ვარ ცოტა არ იყოს 🥺 თხრობის ლექსიკურ ნაწილს არაფერს ვერჩი, არც სიუჟეტს…. წერის სტილი იყო ძალიან მოსაწყენი და ბევრი არასაჭირო გადახვევა , არასაჭირო მომენტებში… ეგაა და ეგ
ამ წიგნისგან ბევრად მეტს მოველოდი. საშინელი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა. ვკითხულობდი, ვკითხულობდი, ერთი სული მქონდა გამეგო თიკოს და შალვას ამბავი თუ მივიდოდა ნიკოს ყურამდე. თიკოს წიგნის წერას თუ შეეგუებოდა ნიკო. შემდეგ, თიკო როგორ შეხვდებოდა დამწვარ ფურცლებს. ლელიკო როგორ გადაიტანდა შალვას სიკვდილს. თიკო თუ მოყვებოდა ამბავს და მკვლელი თუ დაისჯებოდა. ცხვრის ფარას თუ იპოვიდნენ. შეიძლება, ავტორმა სადღაც დასვას წერტილი და ისტორიის განვითარება მკითხველს მიანდოს, მაგრამ აქ, ფაქტიურად განვითარების მომენტია გამოტოვებული და ბოლოს პირდაპირ არის წერტილი დასმული, სადაც თიკო არ გათხოვილა და წიგნი ისევ დაწერა და გამოსცა.შუალედს კი მკითხველი ვერ ამოავსებს. ყველაზე საინტერესო სადაც დაიწყო, იქ დასრულდა და საერთოდ სხვა, ყველაზე უადგილო წერილით და ამბით გაგრძელდა. არც კი ვიცი, რამდენად გამიჩნდება სურვილი ზაირა არსენიშვილია სხვა წიგნების წაკითხვის.
ყველაზე მეტად რაც ამ ნაწარმოებში მომეწონა იყო მწერლის ენა. ბოლო პერიოდია მოვუხშირე ქართველი მწერლების წიგნების კითხვას და კარგა ხანია ასეთი ნაწარმოები მათ შორის არ შემხვედრია. ე.წ "თრეშის" შემდეგ ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. პირველად ვკითხულობ ამ მწერლის ნაწარმოებს და სხვებსაც აუცილებლად გავეცნობი და იმედი მაქვს, ის ნაკლი, რომელიც აქ აღმოვაჩინე სხვა წიგნებში არ შემხვდება. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ზოგი ადგილი იმდენადაა გაწელილი, რომ კითხვის დროს უზომოდ იღლები.. იმ რაღაცების თქმა უფრო სხარტად და საინტერესოდაც შეიძლებოდა, რასაც მთელი 30 გვერდი დაჭირდა. თუმცა, საბოლოო ჯამში 3/5.
უფრო მეტის მოლოდინი მქონდა რატომღაც, თიკოს და სხვა მთავარი პერსონაჟების ისტორიის განვითარება დამაკლდა,თითქოს მეორეხარისხოვნები გახდნენ. ჩემთვის ძალიან გაიწელა, თუმცაღა ზაირას ენა საოცარია.
პირველ რიგში, წიგნი იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი და ნამდვილად დატოვა "ვა, სოფელოს" წაკითხვის სურვილი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული სიყვარულის იდეა გადაღეჭილი და კარგად ნათრევია, ამ რომანში ქართულ რეალობას მაინც საინტერესოდ არის მორგებული. რაც შეეხება ხარვეზებს, რომანის მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც პერსონაჟების და სიუჟეტური ხაზების სიმრავლეა. მოცულობა ძალიან დიდია და, შეიძლება, დამღლელიც, მაგრამ პერსონაჟების აბსოლუტურ უმრავლესობას ბევრი რამე აკლია – კითხულობ, კითხულობ და მაინც ვერ ახერხებ ამ ა��ამიანების ბოლომდე გაცნობას. პირადად ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნებოდა, ერეკლეს ხაზს რომ ნაკლები დრო დათმობოდა (ისეც, რომანი რომანში ცოტა მოსაბეზრებელია, როცა კარგად იცი ის ისტორია, რომელზეც თიკო წერს) და პერსონაჟები უკეთ გამეცნო. სხვა, წერის სტილი და ენა ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა და ეპილოგიც ემოციურად საკმაოდ შთამბეჭდავი.