“დიპლომატიის ისტორია (1920-1939)” მორიგი, მესამე ნაწილია სერიისა, რომლის წინა წიგნებშიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის დიპლომატიის ისტორიაა მიმოხილული. თავის ახალ ნაშრომში თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ და მსუბუქად, ამავე დროს, სიღრმისეულად მოგვითხრობს გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ევროპის პოლიტიკურ ყოფაზე და იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებმაც შემდგომ მეორე მსოფლიო ომის ბედი განსაზღვრა. სხარტი, ლაღი ენით დაწერილ ტექსტში მკითხველი ბევრს შეიტყობს მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მთავარი დიპლომატიური თამაშებისა და მათი წარმმართველების შესახებ.
წიგნი, რომელიც ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდს აღწერს, ნამდვილად საინტერესოდ იკითხება. ძირითადი ფოკუსი, ბუნებრივია, ევროპაში მიმდინარე ბატალიებზეა - სტალინის მიერ ძალაუფლების ხელში აღება, ჰიტლერის აღმასვლა, მუსოლინის მიერ იტალიის იმპერიად ტრანსფორმირება და ეთიოპიური კრიზისი, ფრანკოს მიერ ესპანეთის სამოქალაქო ომის მოგება, ავსტრიის ანშლუსი, ჩეხოსლოვაკიური კატასტროფა და ა.შ. თუმცა წიგნის მცირე ნაწილი აზიაში არსებულ განვითარებებზეცაა - იაპონიის იმპერიად ქცევა, ჩინეთში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებანი, ჩინეთ-იაპონიის ომი და ა.შ. ისტორიასთან შენობით ურთიერთობაში არმყოფი წიგნიდან მართლაც ბევრს მიიღებს, აი, ისტორიის მოყვარულნი კი ცოტა იმედგაცრუებულნი დარჩებიან გადმოცემის ნაკლები დეტალურობითა და ხშირად ზედაპირული დასკვნებით - განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ავტორი თითქოს მხარეს ირჩევს ჩეხოსლოვაკიისა თუ პოლონეთის გამო ამტყდარ დიპლომატიურ სკანდალებში. მთლიანობაში, დასაფასებელი მცდელობაა, ამიტომაც, 4 ვარსკვლავი.