„ლექსის წერა ჩვენს დროში საერთოდაც ჰგავს ალესილი სამართებლის პირზე სიარულს: იმდენი სიფაქიზე და ისეთი შინაგანი წონასწორობა სჭირდება იმ განცდების მკითხველამდე სწორად მიტანას, რაც განუწყვეტლივ თუხთუხებს კაცის გულში, რომ ძალიან ხშირად პოეტები სწორედ აქ მარცხდებიან, ამ ორი რამის – მხურვალე განცდებისა და მათი გამოხატვის ფორმათა დაბალანსებაში.
საკვირველია, რომ ირინე ტაბაღუა თავისი შესანიშნავი პირველი წიგნით ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ამ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ იმ ბალანსს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში“, – გიორგი ლობჟანიძე.
არის ლექსები, რომელთა კითხვის დროსაც ემპათიით განეწყობი და გრძნობ იმავეს, რასაც გრძნობდა ავტორი თუ ლექსის ლირიკული გმირი. არის ლექსები, როდესაც უბრალოდ ხვდები იმას, რას გრძნობდა ავტორი თუ ლექსის ლირიკული გმირი, მაგრამ ეს ემოციები თითქოს იქვეა ჩაკეტილი და მხოლოდ მისია, შენამდე არ მოდის.
ამ კრებულის შემთხვევაში, მკითხველთა მეორე კატეგორიაში აღმოვჩნდი და ლექსების ლირიკულ გმირთა მიმართ (ძირითადად, მაინც ავტო(რ)ბიოგრაფიული ელფერი რომ დაჰკრავთ) ნაკლები თანაგანცდა გამიჩინა. ასევე რიგ ეპიზოდებში ოდნავ მეხელოვნურა ეროტიკული ხაზი, რომელიც თითქოს ტრენდულობისთვის (შესაძლოა, აქ სხვა გაცილებით ზუსტი სიტყვა უნდა იყოს) უფრო იყო ჩასმული, ვიდრე - რაიმე კონკრეტული სათქმელის გამოსაკვეთად.
ზოგადად კი, ჩემი სუბიექტური აღქმების მიღმა, ცუდი კრებული ნამდვილად არ არის.