თუ გსურს, სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, პირველყოვლისა, აზრი განათლებული და გამყარებული უნდა გქონდეს იმ სწავლებით, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, მოციქულთაგან გადმოგვეცა, წმიდა მამათა მიერ განიმარტა და მართმადიდებლურმა ეკლესიამ უკლებლივ დაიცვა. მეორეც, ცხოვრება, ყოფაქცევა და ყოველივე შენი საქმე ამ სწავლების შესაფერისი უნდა იყოს, ანუ ეს სწავლება და აზრები შენს ცხოვრებად და საქმედ უნდა აქციო და არსებაში მოიყვანო; საღმრთო სჯული ისე უნდა დავიცვათ და შევინახოთ, როგორც ჩვენმა მამებმა გადმოგვცეს.
წიგნში განხილული თემებია: ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, საღმრთო წერილი და ზოგადი ცნობები, ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები, ოთხი მახარებლის ცხოვრება, ლოცვა და ყველაფერი ლოცვების შესახებ, ღმრთისმსახურება, საქართველოს საეკლესიო ეკლესიის მოკლე ისტრორია, ქართველი წმიდანები. კრებული გამიზნულია ფართო წრის მკითხველთათვის და ამ ეტაპზე-სასულიერო და საერო სასწავლებელთათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. წინამდებარე გამოცემა XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების: ეპისკოპოს ნესტორის (ყუბანეიშვილი), ეპისკოპოსი პიროსის (ოქროპირიძე), წმინდა მღვდელმოწამე სიმონის (მჭედლიძე), დეკანოზ რაჟდენის (გიგაური), დეკანოზ მელიტონის და ცნობილი მოღვაწის გიორგი იოსელიანის ნაშრომთა კრებულია. იგი იძლევა ცოდნას საღმრთო ისტორიის, მახარებელთა ცხოვრების, ლოცვის, ღმრთისმსახურების, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და ქართველი წმინდანების შესახებ.
გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.