კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი. პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კარგი კრებულია - უმეტესად ნაცნობი მოთხრობებით შედგენილი. ინანიშვილისეული სითბონარევი სევდა ან სევდანარევი სითბოც თავის ადგილზეა და ელექტრონული ვერსია რომ არ წამეკითხა, ვინძლო ილუსტრაციებზეც მეთქვა რამდენიმე დადებითი სიტყვა.
ერთი ის მომხვდა თვალში, რომ მოთხრობათა დიდ ნაწილში (ძირითადად, საწყის მოთხრობებში) ბავშვის ცემა-ტყეპითი აღზრდა ჩვეულებრივ ამბადაა მოცემული. ერთი-ორგან სულაც - განხორციელებული, მაგრამ ეს კრებულს - პერსონაჟი ბავშვებისგან განსხვავებით - ნაკლებ ზიანს აყენებს.