ნუგზარ ზაზანაშვილის ამ კრებულში თავმოყრილია ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში და ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი ლექსები და აქამდე გამოუქვეყნებელი პოეტური კოლაჟი – „სიყვარული მოკვდა ანუ საოჯახო ალბომი“. ავტორის ლექსები და ლიტერატურული წერილები 1980 წლიდან იბეჭდება. „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოქვეყნდა, „გაუგზავნელი წერილებიდან“ – „საბა 2006“-ის, „მექანიკური როიალი“ კი „ლიტერა 2017”-ის ნომინანტია. ნუგზარ ზაზანაშვილი, ასევე, ავტორია ლიტერატურულ-პუბლიცისტური წიგნისა „რუსოფობია“, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2016 წელს გამოსცა.
სულის საზრდოს ზუსტი დეფინიცია თუ გაინტერესებთ მაშინ დროა ეს წიგნი გადაშალოთ, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ პოეტურ კრებულთაგან, რომელიც წამიკითხავს. სევდანარევი სიხარულით, ემოციებით სავსე, სადა ლექსები.
ნამდვილად იმსახურებდა საბას და აიღო კიდეც. მაგრამ აიღო წიგნმა ავტორის გარეშე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თავად ბატონი ნუგზარი ვერ მოესწრო თავის კუთვნილ ჯილდოს. მოულოდნელად წავიდა და დატოვა ეს ბოლო კრებული, რომელიც ჩემთვის ერთგვარი გამოსათხოვარი წერილია მის მკითხველთან.
ისეთი კრებულია, სულ თან რომ უნდა გქონდეს და როცა რაიმე ძალა დაგჭირდება ხელებში გადაშალო, წაიკითხო და იპოვნო ის რასაც ეძებდი და რაც გჭირდებოდა. ასეთ სტრესულ დროს ყველაზე საჭირო პოეზიაა ალბათ. ამ დროში დაწერილი რომაა შეიძლება მაგიტომაც.
P.S. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ასეთი წიგნები შენთვის საყვარელი ადამიანებისგან გრჩება სამახსოვროდ.
როცა "გარდაცვლილი მეგობრის ფეისბუქ-გვერდი" წავიკიათხე, პირველი რაც ვქენი ის იყო, რომ ჩვენი მცირე, რამდენიმე დღის მიმოწერა მოვძებნე მესენჯერზე, იქნებ ვინმემ ამ ლექსის მიხედვით, მისივე ანგარიში წაშალათქო და ხელუხლებელი რომ დამხვდა გამიხარდა. საბედნიეროდ პაროლი არ იციან, ან როგორც ლექსშია, გონიათ, რომ იქ გრძელდება მისი არსებობა და დაბადების დღესაც მიულოცავენ ხოლმე, თან მის ფოტოებს და მიმოწერას გახსნიან და გაიხსენებენ, როგორც გვჩვევია ხოლმე, როცა გარდაცვლილი ახლობლების გვერდებზე შევდივართ, შუა ღამით, სევდიანი მონატრებისას.