ძალიან ნელა წავიკითხე, დღეში თითო თავი, ან შეიძლება უფრო ნაკლებიც. მიჭირს რაიმე კომენტარის დაწერა, დამაბნეველი და მომნუსხავი წიგნია, გამოცანა. საშინლად ოსტატურად დაწერილი. სიუჟეტს გამოკიდებულ ყმაწვილკაცობას არ ვურჩევ წაკითხვას. ტყუილად დაიღლით თავს. ამას უფრო სხვანაირი მკითხველი სჭირდება - გამოცდილი, მილიონწიგნგამოვლილი, ვერაფრით რომ ვერ გააკვირვებ - ისეთი. თუ მაინცდამაინც ანალოგიაა საჭირო, ყველაზე ახლოს ალბათ, ვირჯინია ვულფის საუკეთესო რომანებია - გაჩერებული დროით.
ბნელ წლებში და ბნელ წყლებში გვახეტიალებს რომანი, სადაც ერთადერთი სულის სინათლე წრფელი სიყვარულია. დროის თუ ეპოქის შავი ხელი ტრაგიკულ პერსონაჟებს ქმნის, ისინი მუდმივად გაურბიან ბედისწერის შავ მორევს, რომელიც ისევ მთელი სიმძლავრით ითრევთ…
ისეთი წიგნია, ბევრს რომ ვერ ილაპარაკებ მასზე... კითხვისას უბრალოდ იძირები ალექსანდრეს, მისი დის შინაგანი სამყაროს ბნელ წყლებში და თითქოს საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებშიც...
ულამაზესად დაწერილი წიგნია. საკმაოდ ბევრჯერ მივუბრუნდი გამორჩეულად ლამაზ წინადადებებსა თუ აბზაცებს, და მადლობა ავტორს, რომ ამ მშვენიერებას მაზიარა.
მააგრაამ...
ეს სილამაზე და ტექსტის ამგვარი პოეტურობა, ძალიან ბევრ მომენტში დამღლელიც კი აღმოჩნდა.
ძალიან მინდოდა ჩავბღაუჭებოდი სიუჟეტის მსვლელობას და არ გამეშვა არსად, მაგრამ ტექსტის ფორმა არ მაძლევდა ამის საშუალებას, და ზუსტად ამიტომაც, კითხვა გამეწელა.
მართლა საოცარი ენაა და მერიდება კიდევაც 2 ვარსკვლავის დაწერა, მაგრამ მხოლოდ ენა და გადმოცემის ფორმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წიგნი მომეწონოს.
ძალიან კარგი მთხრობელი ყოფილა ირმა ტაველიძე. ამბავი ძალიან ჩვეულებრივია, ბანალურიც კი, მაგრამ ეს რომანი ამბავსა და ენას შორის ენის უპირატესობას ადასტურებს. თუ ვინმემ ტრადიციული "რაზეა?" გკითხა და შინაარსს მოუყვები, სასაცილო და უინტერესო აღწერა გამოგივა და ვერ დააინტერესებ. უნდა ადგე და რომელიმე გვერდზე გადაუშალო, რომელიმე აბზაცი წააკითხო.
კითხულობდა, მაგრამ იმ ფაფარშლილი ეჭვით, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, სიცოცხლეს უმწარებდა და ვერ გარკვეულიყო, ეს ნამდვილი გრძნობაა, თუ მისი უსუსურობის მორიგი გამოვლენა ან ღრმა არაცნობიერის სასოწარკვეთილი კივილი, ეულ ღამეში მდორე სიმშვიდეს რომ არღვევდა უღრან ტყეში ობლად დარჩენილ თოვლიან მინდორზე დამშეული მგლის უიმედო ყმუილივით. კითხულობდა და ვერ გაესიგრძესიგანებინა ერთი შეხედვით აშკარა და თვალსაჩინო - ეს არ უნდა ყოფილიყო მარად დაღლილი და გათანგული მისი გონისთვის ნოყიერი საკვები, მშობლებმა, პაპა-ბებია-ბაბუბებმა და სადღეგძელოებში აღტაცებით მოსახსენიებელმა წინაპრებმა თავის დროზე უანგაროდ რომ შექმნეს თუ უანდერძეს თუ გამოძერწეს თავისი შიშებისა და იმედებისგან, რადგან უიმედობა გამეფებულიყო სამყაროში. ვერ დაასრულა. წამოხტა, აფეთქდა და შორს მოისროლა მისი მტანჯველი, სულგულშემაწუხებელი, ყოფილი ხეების ნაგრამი ნივთი, წიგნად რომ იხსენებდნენ მისი ბავშვობის იდუმალი ლანდები და მარტვილობის სათავე ყოფილიყო დაწყებისთანავე, მეხსიერებამაც დახმარების საიმედო ხელი აღარ გაუწოდა და ცნობიერის სარდაფებიდან არ უსტარი არ გაუგზავნა - პირველი შემთხვევა ყოფილიყო თუ უკვე არც, რომ წიგნის ერგასიოდე გვერდის წაკითხვასვე მოეტანოს უეჭველი გადაწყვეტილება, რომელსაც უმალი ქმედებაც თან სდევს და კმაყოფილებაც, რომ თურმე შეეძლო ამის გაკეთება. კმარა, მომშორდით, არ გიცნობთ. კმარა.
საავადმყოფოში მოხვედრილი ალექსანდრეს თხრობა იქვე რომ დარჩენილიყო, მოეყოლა ექთანზე, ექიმზე, საწოლზე, კედლებზე, სხვა პაციენტებზე, კათეტერზე, თუნდაც გამხდარიყო კრიტიკა ჯანდაცვის სისტემის, იქნებოდა უფრო საინტერესო რომანი. მაგრამ ამ ყველაფერს დასჭირდებოდა უფრო მეტი მუშაობა, საავადმყოფოში სირბილი და ავადმყოფების ჭუჭყიანი საცვლების ცვლა. ალექსანდრე იოლ გზას ირჩევს, ცნობიერების ნაკადს, პოეზიას და წარსულის ქექვას.
მაგრამ ეს სიუჟეტია, ერთი პატარა ამბავია, როგორც ბელა ტარი ამბობს, უნდა გავიაზროთ რომ ძღრენი არ არის მხოლოდ სოციალური ან თუნდაც ონტოლოგიური, რომ ი�� უზარმაზარია, „the shit is cosmical“. ამიტომ შევხედოთ ფორმას.
პოეზია, მეტაფორა და ნაკადი აპრიორი არ ნიშნავს კარგს. არსებობს ცუდი პოეზიაც და სამწუხაროა, რომ ამ წიგნში შედარებით კარგი მონაკვეთები, შედარებები თუ მეტაფორები, ჩამხრჩვალია ბნელ წყლებში, ცნობიერების ნაკადში, რომელიც რატომღაც ჯერ კიდევ ითვლება ინტელექტუალურ ძალისხმევად.
წლევანდელი საბას სიიდან ამას არაბულის კოღო ჯობია, დანარჩენი არ წამიკითხავს კრებულიდან, საერთოდ მოთხრობები უნდა აიკრძალოს.
საერთოდ, ზაფხულში წიგნების წაკითხვა არ მიყვარს, თუმცა არ ვაღიარებ. ჯიუტად დავათრევ წიგნებს ქალაქიდან ქალაქში, თითქოს შვებულების დღეებს მხოლოდ მათი კითხვისთვის გამოვიყენებ.
ამ წიგნსაც არ გაუმართლა და აგვისტოს დასაწყისიდან ვკითხულობ - სიმართლე ითქვას, არც თავად მომცა საშუალება, უფრო სწრაფად წამეკითხა.
წიგნი ცუდი ნამდვილად არ არის და ბევრსაც მოეწონება, თუმცა მე ნამდვილად არ ვარ მისი მკითხველი.
ძალიან დიდი ხანია, პოეზიით გაჯერებული პროზა აღარ მომწონს და შესაბამისად, ვერც ეს ნაწარმოები შევიყვარე, მეტიც - ვერც მოვიწონე.
ობიექტურობისთვის დავამატებდი, რომ მართლა ძალიან კარგად დაწერილი ტექსტია, მაგრამ ჩემთვის არა. სიუჟეტურად, პირველ ამბავს რომ გავყოლოდი, უფრო გამიხარდებოდა.
ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული! ეს არის კითხვით, ქართულ, მშობლიურ ენაზე კითხვით მოგვრილი ფიზიოლოგიური და ესთეტიკური სიამოვნება. ვირჯინია ვულფის ალუზიებითაა გაჟღენთილი რომანი, ეს წიგნიც თითქოს გითრევს თავის სიღრმეებში, იძირები და მოგონებათა ბნელი წყლების დიდ მორევს თავს ვერ აღწევ. ეს არ არის სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი რომანი, უნდა გამოიზოგო, აუჩქარებლად და ნელა წაიკითხო. გაბნეული ფაზლივითაა ასაწყობი და დასალაგებელი ყველაფერი: მოგონებები, გახსენებული, წარმოსახული, გამოგონილი ფაქტები. პირველ პირში თხრობას ცვლის მესამე პირი, თან ემატება და ერევა ცნობიერების ნაკადი, უკონტროლო ფიქრებისა და აზრების მდინარება, დროში თამაშები, ერთმანეთში ირევა რეალობა და მოგონებები. მოკლედ, დიდ ადამიანურ ტკივილებზე დიდი გემოვნებით დაწერილი წიგნია.