დარქ ფენტეზის ჟანრის ნაწარმოები, რომელიც შუა საუკუნეების სტილის დაუნდობელ სამყაროში ვითარდება და გამოცდას უწყობს პერსონაჟებსაც და მკითხველსაც. ცხოვრება ძნელია, რის გაგებასაც პერსონაჟები ადრეული ასაკიდან იწყებენ. ცხოვრება ძნელია ყველასთვის, იქნება ეს თავგადასავლების მაძიებელი ბიჭი თუ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკოსის ქალიშვილი. საინტერესო სიუჟეტის გარდა, წიგნი მოიცავს დაფარულ ხაზებს და გამოცანებს, საიდანც დამატებითი შინაარსის ამოკითხვა მკითხველებს თავად შეუძლიათ. ამბებს მრავალი შრე აქვთო, ამბობს დიდი მაგისტერი ჰალდი. დაე, მკითხველმა თავად მონახოს საკუთარი ამბავი ბნელ გზაზე.
--- „სიბნელის შვილებმა ყველაზე უკეთ იციან სინათლის ფასი...“ პატარა სოფლელი ბიჭი, მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე რომ გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, პროფესიონალ მებრძოლად ქცეული, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არაქნუსები.... მკითხველის წინაშეა შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომელიც ფენტეზის ჟანრის მოყვარულ არცერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს და აღავსებს მოუთმენელი მოლოდინით, მალე იხილოს ამბის გაგრძელება."
ძალიან ძალიან კარგი ფენტეზი ძალიან ძალიანაც გვაწვალებს ხოლმე ხანდახან, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ სინამდვილეში რა ტანჯვაა წიგნის წაკითხვის მოლოდინი.
ამ წიგნს ვკითხულობდი ყველაზე დიდი ხანი, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ. ყოველ დღე ველოდი მორიგ თავს, იმიტომ რომ წერის პარალელურად ვკითხულობდი. ყოველ დღე ველოდი ეს პერსონაჟები სად წავიდოდნენ, ვინ გადარჩებოდა, ვინ მოკვდებოდა, ავტორს ვეხვეწებოდი ის არ მოეკლა, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა (გაცოცხლებაზე მუდარას საერთოდ არ ჰქონდა აზრი).
ჰოდა, წიგნი დასრულდა. გამოვიდა მართლა ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ფენტეზი, ძალიან რეალისტური, საკმაოდ dark ჟანრის.
ისე მიჰყვება ერთმანეთს სასაცილო, სასტიკი თუ ყოფითი მონაკვეთები, რომ დიდი მოცულობის წიგნი კია, მაგრამ ადვილად იკითხება.
მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ძირითადი იდეაა, რომელიც მარტივად არ იკითხება და რომელიც არსად, ამ ჟანრის არც ერთ წიგნში არ შემხვედრია.
ფენტეზი ლიტერატურის კითხვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა გავექცე რეალობას, რომელიც ყოველდღიურად კისერზე მაწევს და დღის დასასრულს, სიმძიმით ლამის გამჭყლიტოს კიდეც. ასე იყო ყოველთვის, სკოლის ასაკიდან მოყოლებული და ასეა ახლაც, სულ ცოტა ხანში თვითონ რომ უნდა მყავდეს შვილები, რომლებიც სკოლაში ივლიან და ფენტეზის კითხვას დაიწყებენ (იმედია).
და ყოველთვის, ადრეც და ახლაც, როცა ვკითხულობ უცხოენოვან ფენტეზი ლიტერატურას, ძალიან მშურს ინგლისელი, ფრანგი თუ პოლონელი ფენტეზი-მოყვარულების, რომლებიც მშობლიურ ენაზე შექმნილ სამყაროებში მოგზაურობენ. ქართული ფენტეზის წარმომადგენლები კი, სამწუხაროდ, ისე ცოტანი არიან, ერთი ხელის თითებზე თავისუფლად დაეტევიან.
ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდა და როგორ თვალებგაფართოებული ვკითხულობდი დებიუტანტი ქართველი ფენტეზი მწერლის, გიორგი ხარაიშვილის პირველ წიგნს - “ბნელია გზა”. წლების შემდეგ, სახეზე კმაყოფილი ღიმილით ვეტყვი მეგობრებს, რომ თავის დროზე, გამიმართლა და ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ეს ფანტასტიკური წიგნი, სადაც ყველაფერია რის გამოც მკითხველებს ასე გვიყვარს ფენტეზი ლიტერატურა: ახალი სამყარო, რომლის შეცნობის დაუოკებელი სურვილი პირველივე გვერდებიდან გვიჩნდება; ახალი ჯადოსნური ქმნილებები, მუდმივი დაძაბულობა და მოლოდინი; და რაც მთავარია, ეპიკური ბრძოლის სცენები, რომლებიც ისე დეტალურად და კარგადაა აღწერილი, რომ შენც მოქმედების მონაწილე ხდები და გრძნობ ყველაფერს, მარცხით გამოწვეული სიმწარე იქნება თუ - გამარჯვებით გამოწვეული სიხარული.
ავტორი რამდენიმე ასეული გვერდის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით გვამოგზაურებს ტიალ მიწებზე, ბნელ ტყეებსა და ღამეულ გზებზე, ბოლოს კი, სიგიჟის მთებთან, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, გვიტოვებს შეკითხვას, რომელზე პასუხსაც იმედია ძალიან მალე მივიღებთ: როდის გამოდის მეორე ნაწილი?
ძალიან კარგი იყო, მეორე ნაწილის დროზე დაწერასაც რომ საშველს დაადგამდეს ავტორი მთლად უკეთესი იქნებოდა -.-
კალენდრის მიხედვით თვეზე მეტი ვკითხულობდი მაგრამ რეალურად სამ ჩაჯდომაში წავიკითხე :დ ცოტა ფოკუსი აკლია სიუჟეტს, დასაწყისში რომ რაღაცამ მოტივაცია მისცა მთავარ პერსონაჟს ლამის ბოლოსკენღა ხდება ისევ რელევანტური, მაგრამ მილითარი slice-of-life ც არაა ცუდი ჩემნაირი მკითხველისთვის. პროსტა ბოლოში ეგ სლაის ოფ ლაიფ რომ რჩება და stakes უცებ სამყაროს ლეველზე იწევს ჯერ კიდევ ნოთ შურ მომწონს თუ არა :დ საკმაოდ კონტრასტულია წიგნის სხვადასხვა ნაწილები მაგის გამო ერთმანეთთან. სამყაროს სიღრმე აქვს, საკმაოდ ორგანულადაა ჩასმული ტექსტში იქაური ანდაზები თუ იდიომები და კაი immersion გამოდის, ქალქების და გარემოს აღქმაც არ გამიჭირდა, საკმაოდ კარგად ხატავს სეთინგს - თუმცა სხვადასხვა ლენდმარქების მიუხედავად ქალაქები მაინც ზედმეტად გავდა ერთმანეთს ჩემთვის. ნუ ერთი ქვეყანაა (მოუსთლი) და ძაან გასაკვირიც არაა, მაგრამ მაინც ვისურვები მეტ განსხვავებებს. ავტორმა კი მაგ დროს არ მქონდა ჯერ წაკითხულიო, მაგრამ დარქ ქომფანის ვაიბები მომივიდა მე და არ ვიცი :დ რამდენიმეგან კი ვიფიქრე რომ უფრო მკაცრი რედაქტორი სჭირდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კაი ნამუშევარია და საბაზე წარდგენასაც იმსახურებდა, სხვა თუ არაფერი ცოტა მრავალფეროვნება შეიტანა :დ
ძალიან საინტერესო იყო პირველი ნაწარმოების წაკითხვა და იმის წარმოდგენა, როგორ ფიქრობდა და ამუშავებდა ავტორი ამ სამყაროსა და პერსონაჟებს. ეს შრომა ცალსახად დასაფასებელია. თუმცა ძალიან გამიჭირდა პერსონაჟებთან კავშირის დამყარება და ემპათიის განცდა. ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ვხედავდი (ან ვერ ვხვდებოდი) მთავარ პერსონაჟებს რა მიზანი ჰქონდათ, შესაბამისად არც ამ მიზნისკენ მსვლელობა ჩანდა. ალბათ ამან განაპირობა, რომ წიგნის ბოლოს არ მქონია დასრულების და კმაყოფილების განცდა. აშკარაა რომ შემდეგი წიგნებიც არის განზრახული, მაგრამ ამის მიუხედავად, წიგნის ბოლოს დასრულების განცდა უნდა ჰქონდეს მკითხველს, რაც მე არ მქონია. ასევე კარგი იქნებოდა, სამყარო უფრო უკეთ გაგვეცნო. თითქოს ჩანდა, რომ პერსონაჟებმა ყველაფერი იცოდნენ ამ სამყაროზე, მაგრამ მკითხველამდე მოტანა უჭირდათ.
თუმცა მგონია და ვიმედოვნებ, შემდეგი წიგნები გაუმჯობესდება.
დავიწყე დიდი იმედებით, ვიკითხე ასევე დიდი იმედებით 😁 ბოლოსკენ რა გითხრათ, დავრჩი გაოცებული. რაღაც უკმარისობის განცდა დატოვა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება.
საერთო ჯამში დიდი იმედებითაც იმიტომ დავიწყე რომ ქართულია და განსაკუთრებულად მინდოდა კარგი ყოფილიყო. იყო კიდეც და მიხარია რომ ავტორმა მოახერხა წიგნი საინტერესო და ჩამთრევი ყოფილიყო, რაც ასე ძალიან უხდება ფენტეზის.
კითხვა რომ დავიწყე ისეთი განცდა მქონდა რომ რაღაც ნაცნობ ატმოსფეროს ვგრძნობდი და ვიღაცის ხელწერას ძალიან წააგავდა, ნელ-ნელა სანდერსონის ნოსტალგია მომეძალა და მერე გადავამოწმე, ნისლქმნილი უთარგმნია ავტორს. თვითონ არ ვიცი რამდენად აღიარებს და სხვაც თუ დამეთანხმება, მაგრამ მე ბევრი რამე დავიჭირე სანდერსონისეული. თუმცა კარგ გავლენებს სულაც არ ვიწუნებ მე პირადად.
ვფიქრობ მორგუენის და სასახლის ამბებ�� მეტად დახვეწილი და განვითარებული იყო, ასევე პერსონაჟები, ვიდრე არგაელის და რაზმის. თან უცნაური ის არის რომ ამ უკანასკნელს უფრო მეტი ადგილი აქვს დათმობილი ჯამში მთელ წიგნში, მაგრამ დიდად მაინც ვერ გავერკვიე და ვერ ვიგრძენი ის ემოცია , რაც პერსონაჟების მიმართ გვიჩნდება კითხვის პროცესში.
დასკვნა : კარგი დასაწყისია და ვარ უკეთესის მოლოდინში )))
მომცრო გრდემლის ზომიდან გამომდინარე კარგა ხანს ვდებდი წიგნის ხელში აღებას, მაგრამ თურმე ტყუილად, გითრევს და საკმაოდ სწრაფად იკითხება, დაქირავებული რაზმის თავგადასავლებიან სამეფო კარის ინტრიგებიანად. მოხუცი მაგუსების ამბები და არქივიდან ამონარიდებიც უხდება ტექსტს, ცოტა გულიც მწყდებოდა გარდასულ დროთა ამბებზე მეტს რო ვერ ვიგებდი. ერთი სადღაც შუისკენ ტემპი ცოტა დავარდა, მაგრამ ბოლოსკენ მოუმატა და მოუმატა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მომსკდარმა წყვიადის ტალღამ მთები გადმოლახა, ზეცამდე აწვდენილი ხეები მიწას გააკრა და... გაგრძელებას შემდეგ წიგნში ვიხილავთ :D
ქართველი მკითხველი ფენტეზი წიგნებით ნამდვილად არ ვართ განებივრებულები. ხელის თითებიც კი საკმარისია ავტორების ჩამოსათვლელად. მუდამ ვეძებ ამ ჟანრის ნაწარმოებებს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტს გავეცნო; ამიტომ მეც, ისევე როგორც ბევრ სხვა ფენტეზი მკითხველს ძალიან, ძალიან გამიხარდა, როცა "ბნელია გზა" დაანონსდა. რომ გამოვიდა, მალევე შევიძინე წიგნი, თუმცა მის წაკითხვას ზაფხულამდე ვერ მოვაბი თავი.
ყოველთვის მომწონს, როცა წიგნი რამდენიმე პერსპექტივითაა დაწერილი, შესაბამისად, "ბნელია გზამ" ამ მხრივ გამახარა. მორგუენის თავებიც ისეთივე საჭირო იყო, როგორც - კაელის. მოხუცთა ჩანართებიც კარგი ტვინის საჭყლეტები გამოდგა; რომ ცდილობ, მიხვდე, სამყაროს რომელ მონაკვეთში ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები და სხვა უკვე ნაცნობ პერსონაჟებთან რა აკავშირებთ. ამ ბნელ სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან ვხედავდით, ფაზლის სხვადასხვა დეტალებს ვაგროვებდით მთელი წიგნის განმავლობაში, საბოლოო სურათი რომ აგვეწყო.
ყველაზე მეტად მკრთალსახიანთა სოფლის თავი მომეწონა. ის დრო გამახსენდა, ბავშვობაში აგათას წიგნების კითხვაში რომ მათენდებოდა, თან მეშინოდა და თან არც წიგნის დადება მინდოდა. ყველაზე დაძაბული მომენტი (ფინალის გარდა) ეგ თავი იყო ჩემთვის.
ზოგადად ბრძოლის სცენები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე წიგნში და სანამ ამ ნაწარმოებს წავიკითხავდი, ინტერვიუებიდან და სხვების რეცენზიებიდან ვიცოდი, რომ მთავარი ფოკუსი და ღირებულება სწორედ ეგ იყო. ამის მიუხედავად, ჩემთვის დამღლელი და ზედმეტი არ ყოფილა საბრძოლო სცენები. კარგად იყო მთლიანობაში დაბალანსებული.
ვისურვებდი, მეტი დრო გაგვეტარებინა მორგუენის პერსპექტივით. კაელთან შედარებით ნაკლები გვერდი ჰქონდა გამოყოფილი და დამაკლდა. სამეფო ინტრიგები საინტერესო საკითხავი იყო. ველოდები, როგორ განვითარდება და გადაიკვეთება ეს ორი პერსპექტივა შემდგომ წიგნებში.
ჩემი პრობლემა ამ წიგნთან ძირითადად პერსონაჟები იყო. დარწმუნებული ვარ, სანამ წიგნი საბოლოო სახეს მიიღებდა, ავტორმა დიდი დრო გაატარა ამ გმირების გამოძერწვაში, ხასიათებისა და ბიოგრაფიების განვითარებაში და იდეაში ხორცშესხმული ხალხი ჰყავდა წარმოდგენილი, მაგრამ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, მათი ინდივიდუალიზმი ფურცელზე არ ითარგმნებოდა. მათთან ემოციური კავშირი ვერ დავამყარე. კაელის რაზმი ჩემი რაზმი არ გამხდარა და ამის გამო აღარც "მკას" ჰქონია ის წონა, რაც უნდა ჰქონოდა. კაელის რაზმის მეგობრობა და ოჯახურობა უფრო მოყოლილი იყო, ვიდრე ჩემ მიერ დანახული და განცდილი (show, don't tell). ატმოსფერულობა დამაკლდა, რაც მაგრძნობინებდა, რომ მეც იქ, იმ დუქანში ვიჯექი მათ გვერდით, ელს ვწრუპავდი და ულფასის ხუმრობებზე ვიცინოდი. ეს პრობლემა, მე როგორც დავაკვირდი, დიალოგების ნაკლებობის გამო მქონდა. რამდენჯერაც დასალევად სხდებოდნენ ან უბრალოდ მშვიდი გარემო იქმნებოდა, როცა სიკვდილი მხარს უკან არ უწუოდათ, ავტორი თხრობით რეჟიმში გადაერთვებოდა და მოკლე შინაარსივით გვიხატავდა, იქ რა მოხდა. დიალოგები ძირითადად სიუჟეტის წინ წასაწევად ან რაიმე worldbuilding ელემენტის შემოსატანად იყო გამოყენებული. პერსონაჟებს შორის დინამიკის ჩვენებას, მათი ურთიერთობების განვითარებასა და ინდივიდუალიზმის წარმოჩენას ნაკლებად ემსახურებოდა (მორგუენის თავების გამოკლებით. იქ, ვფიქრობ, შედარებით უკეთ იყო პერსონაჟების ურთიერთობები დახასიათებული).
წიგნის თავები თითქოს ცალკეული მოთხრობები იყო თავისი დასაწყისით, შუით და ფინალით. თითოეული ამბის ინტრიგა იმ თავშივე წყდებოდა, რაც ზოჯერ კითხვის გაგრძელების სურვილს აღარ აჩენდა. კი, ერთი მთლიანი არკა არსებობს, რაც მთელს წიგნს გაჰყვება, მაგრამ ეგ სიუჟეტური ხაზი წიგნის შუაში იკარგება (მთავარი მიზეზი, რატომაც შეუერთდა კაელი რაზმს) და მეც თითქოს უმიზნოდ მივყვებოდი პერსონაჟების მოგზაურობას (კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გამიჭირდა გმირებთან ემოციური კავშირის დამყარება). ამის გამო დანაწევრებული მომეჩვენა ტექსტი. დასაწყისში ნათლად შეგეძლო განგესხვავებინა, ავტორს რომელი თავი უნდოდა, რომ დეტექტივი ყოფილიყო, რომელი - მძაფრსიუჟეტიანი, რომელი - ჰორორი და რომელი - რომანტიკა. ეს სუფთა სუბიექტური აზრია. ვინმეს შეიძლება, პირიქით, ძალიანაც მოეწონოს ეს ჟანრული სხვაობები. მე მირჩევნია, ერთმანეთში იყოს ეს ელემენტები ჩაწნული, რომ დისონანსი არ შეიქმნას. შემდეგ და შემდეგ, რაც უფრო ვითარდებოდა სიუჟეტი, ეს კონტრასტი დაბალანსდა. ბოლოს, კაელმაც გაიხსენა მისი თავდაპირველი მიზანი და წიგნმაც ტემპი აკრიფა.
კი, ნელია "ბნელია გზა". ვფიქრობ, ამ წიგნის ღირებულება საბოლოო ჯამში ის თავსატეხია, რასაც ავტორი გვიწყობს. კულისებში მიმდინარე პროცესები, გამოცანები და მინიშნებები, ერთანეთთან დაკავშირებას რომ ცდილობს მკითხველი. საინტერესოა, ასეთი ფინალის მერე როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, შემდეგ წიგნებში მაგიის გამოყენებას უფრო ხშირად ვიხილავთ და მეტი დრო დაეთმობა ამ ელემენტს. პერსონაჟებიც მეტად განვითარდებიან და თხრობაც უფრო ატმოსფერული გახდება.
ავტორს კი ვუსურვებ სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას, რომ შემოსავლის წყარო სადარდებელი აღარ ჰქონდეს და მეორე ნაწილის წერას სათანადო დრო დაუთმოს.
რა კარგია, რომ ჩვენს თვალწინ და ჩვენივე ენაზე ახალი დიდებული სამყარო დაიბადა! კალდირი ღირსეულ ადგილს დაიკავებს სხვა სამყაროთა შორის (ტყუილად ხომ არ "გვიბიძგებს" სამეფო კარი სანდერსონისკენ, დაქირავებული მებრძოლები - საპკოვსკისკენ, მეფეთა უაკანსკნელი არგუმენტი - აბერკრომბისკენ და ა.შ.) და იმედია სანამ ბნელი გზის ბოლომდე მივალთ, "პირველყოფილი წყვდიადი" კიდევ უფრო მეტ და უკეთეს ისტორიას შემოგვთავაზებს ძალიან კარგი გმირებით (მათ შორის სრულიად ახალი არსებებით), ბატალური, პოლიტიკური და რელიგიური სცენებით, ადამიანური ურთიერთობებით - იმ ყველაფრით, რის გამოც გვიყვარს ფენტეზის ჟანრი.
არ ვარ ფენტეზის დიდი მოყვარული, ნელ-ნელა ვეპარები. "ბნელია გზა" რამდენიმე თვის წინ დავიწყე. ისიც იმიტომ, რომ ავტორი ჩემი ფეისბუქ მეგობარია და დამაინტერესა როგორი იყო მისი სამწერლო დებიუტი. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - წიგნი დინამიური, სიუჟეტურად გამართული და ემოციური აღმოჩნდა. ამიტომაც დიდხანს და სვენებ-სვენებით ვკითხულობდი, საფიქრალს ვაგროვებდი, დასასრულის ჩემს ვერსიას ვაგებდი თავში და გულწრფელად რომ ვთქვა, პერიოდულად, ერთ ცნობილ ფენტეზთან მსგავსებასაც ვეჭვობდი. თუმცა, ფინალი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საბრძოლო სცენების დეტალური, მაგრამ არა მოსაწყენი აღწერა. მაგას ცალკე ოსტატობა სჭირდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი წიგნია, მკითხველად ყოფნასაც რომ ინატრებ ადამიანი და ავტორობასაც.
კარგი ფენტეზია ძალიან რეალურად 3.5 თს მივცემდი რეიტინგში იმიტომრომ ვფიქრობ რომ მეტი შეუძლია ავტორს და უფრო უკეთეს მეორე ნაწილს ველოდები დასასრულის შემდეგ! წარმატებები
ვერ დავასრულე ბოლომდე. იმდენად კარგი ნაწერი იყო დიდი იმედები მქონდა მაგრამ რამდენადაც კარგი იყო სტილისტიკურად იმდენად ბევრი შეუსაბამობა იყო მთლიან ისტორიაში, პერსონაჟების განვითარებაში, სცენების აღწერაში და ა.შ. თითქმის ყველაფერი, რაც მინდოდა რომ წამეკითხვა, პირადად განმეცადა, მხოლოდ მოყოლილი იყო ავტორის მიერ და არა უშუალოდ ნაჩვენები, "show, don't tell", ამან საშინელი დისასოციაცია გამიჩინა არამხოლოდ წიგნის პერსონაჟების მიმართ, არამედ მთლიანად ისტორიის მიმართაც. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორს იმ ძალიან საჭირო ნიუანსების, პატარ-პატარა ისტორიების, დეტალების გამოგონება დაეზარა, რაც ფენტეზის სამყაროს მკითხველისთვის რეალურს ხდის და ზოგად სურათს დასჯერდა მხოლოდ.
საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოცია დამიტოვა წიგნმა. ერთადერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს არის ყველაზე ამბიციური ქართული ფენტეზი. არის საოცრად კარგი ეპიზოდები და საშინლად გაწელილი მომენტები, თუმცა საბოლოოდ მაინც უფრო დადებითად შევაფასებდი. ფენტეზისთვის ცოტა დამღლელი მომეჩვენა თხრობის სტილიც.(განსაკუთრებით წიგნის პირველი ნახევარი). დამაინტრიგებელი ფინალის შემდეგ გაგრძელებას დაველოდები უფრო მეტი ექშენის და დინამიკის იმედით.
წიგნი დახვეწილი და მდიდარი ენითაა დაწერილი, კლასიკური ლიტერატურის ყაიდაზე, მსუყე, დეტალური აღწერებით. ამბავი რამდენიმე ხაზით ვითარდება - მოხეტიალე რაზმის თავგადასვლები, ეპიკური ბრძოლის სცენები, მაგები, ელპირები სხვადასხვა რელიგიის ტაძრების დაპირისპირებები და სამეფო კარის ინტრიგები. თითოეული ნაწილი ჩამთრევი და საინტერესოა. წიგნი ისეა დაწერილი, გაგრძელებას ითხოვს სიუჟეტის შესაკრავად და თითოეული პერსონაჟის სახის გამოსაკვეთად. ველოდები შემდეგ ნაწილს, იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.
მიხარია კარგი ქართული წიგნი. კარგი ამბავია, ინტერესი ბოლომდე მიგვყვება, კარგად ნაწერია, კარგი პერსონაჟებით, ადამიანურები რომ არიან, კარგი აღწერებით, საქმეში რომ გვარკვევს და ზედმეტად არ გვღლის... ბევრი სახელია, თავიდან ცოტა ავირიე, მივამსგავსე ერთმანეთს) #1 გამიხარდა, იმედია, მალე გამოვა #2