წიგნი შეიცავს საქართველოში წინათ და ნაწილობრივ ამჟამადაც გავრცელებულ ხალხურ ყოფით რწმენა-წარმოდგენებს, ძველი და თანამედროვე ავტორების, მკვლევარ-შემგროვებლების ნაშრომებში წარმოდგენილთ, აგრეთვე ნიმუშებს შემდგენლის პირადი კოლექციიდან, კომენტარებით, შენიშვნებით, უცხოური პარალელებით და ციტატებით პოეტური და პროზაული ტექსტებიდან, რომლებშიც ხალხური რწმენა-წარმოდგენები ავტორთა მიერ მხატვრული დანიშნულებით არის გამოყენებული. ზოგიერთი ნიმუში წიგნიდან: თუ ხანგრძლივად გასლოკინებთ, ვიღაც თქვენს ძვირს ამბობს (ნიშნები). ვინც ქალაქში პირველად ჩადის, კენჭი უნდა ჩაყლაპოს, რომ ქალაქმა არ დასცადოს (რჩევები). თუ მეზობელს ორშაბათს ფულს ასესხებ, იმ კვირაში სულ ფულის გაცემა მოგიწევს (ტაბუ)
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს. 1978-1986წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ. იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2003, 2009 და 2012 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა", ნომინაციაში - წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.