„თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ ბექა ქურხულის ახალი რომანია, რომელშიც მოქმედება ორ დამოუკიდებელ ხაზად, ორ სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილას ვითარდება – მე-13 საუკუნის შუა აზიაში, დიდი ყივჩაღეთის ველებზე, ანუ დეშთი ყიფჩაღში და 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისში.
რომანი ერთ-ერთი მთავარი გმირის – ბაბურის ამბით იწყება, როდესაც ყივჩაღეთის ველებში, უცხო მოდგმის ხალხთან შეტაკების დროს მოულოდნელად თავისივე თანამებრძოლი მათრახს გადაარტყამს სახეში და თვალს ამოთხრის. აქედან ვითარდება მთელი ეს ისტორია – სამაგიეროს გადახდის სურვილი, შიში, გაურკვევლობა, ღმერთის ძიება და უარყოფა, ჭეშმარიტების, სიცოცხლის არსისა და აზრის კვლევა, პანიკა, სიყვარული... საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
ასევე სიყვარულით იწყება რომანის თანამედროვე თბილისური ნაწილი. გიორგი ასათიანი თავისი თაობის ბიჭების მსგავსად არეული, დამარცხებული და თითქოს დროსა და სივრცეშია დაკარგული. გალოთებული და უსასტიკეს ყოფას მიმწყდარი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს და რაიმე გამოსავალი ნახოს, გზას ეწიოს. და აი ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს სიცოცხლის აზრიც და თავიც დაკარგული აქვს, დამარცხებისთვის განწირული სასოწარკვეთის დროს გიოსთვისაც ერთადერთი გამოსავალი და თავშესაფარი რჩება – ქალი და სიყვარული...
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).
პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).
ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.