“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” დაფუძნებისთანავე - 2010 წლიდან დაიწყო ზეპირი ისტორიების ჩაწერა და ათი წლის მანძილზე არ შეუწყვეტია ამ მიმართულებით მუშაობა. წლიდან წლამდე ისტორიული პროცესების უშუალო მონაწილეთა და თვითმხილველთა მოძიებისა და მათი ზეპირი მეხსიერების შენახვა ყოველთვის შედიოდა კვლევითი პროექტების ფარგლებში. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ჩანაწერებისა და პირად სივრცეში დარჩენილი უნიკალური დოკუმენტების საერთო მეხსიერების ღია რესურსად გადაქცევისათვის “სოვლაბმა” ალტერნატიული პლატფორმა შექმნა - ციფრული, ღია “საზოგადოებრივი არქივი”, რომელიც ყველა ამ დოკუმენტის გასაჯაროებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
დაფუძნების 10 წლისთავისათვის, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ზეპირი ისტორიების ჩანაწერების კოლექციიდან (რომელიც 200-ზე მეტ ჩანაწერს ითვლის) საბჭოთა ტოტალიტარზიმის მსხვერპლთა პერსპექტივის სრული პანორამა შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის, ოკუპაციის დასაწყისიდან - 1921 წლიდან კომუნისტური რეჟიმის დაცემამდე. ეჩვენებინა ტოტალიტარული მონსტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილი ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი და ადამიანის ბუნების ბნელი სიღრმეები.
2019-2020 წლებში “სოვლაბმა” დაიწყო ზეპირი ისტორიების სამტომეულის მომზადება, რომელსაც ეტაპობრივად შევთავაზებთ საზოგადოებას. სამტომეულის ისტორიათა გამოფენა ვირტუალურ “ჩეკას” სახლშია განთავსებული, რომელიც ფიზიკურად დღემდე დგას თბილისში, ინგოროყვას ქუჩა #22-ში და იმედი გვაქვს, იგი რეალობაშიც გადაიქცევა მეხსიერების ადგილად - ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მუზეუმად.
ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია (იმედია, შემდეგი ნაწილებიც გამოვა), რადგან ფასდაუდებელ მოგონებებს ინახავს. რეპრესირებული ადამიანების ისტორიები არ უნდა დაიკარგოს. გიორგი ალექსი-მესხიშვილის (მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია მასთან ნათესაური კავშირის გამო დეტალურად ვიცოდით, ამ წიგნის ფურცლებზე მისი აღმოჩენა მაინც განსაკუთრებული იყო), ბენია ჩხიკვიშვილის (გურულებისთვის განსაკუთრებით პატივსაცემი პოლიტიკოსის) და სხვათა შთამომავლების ხმები საქართველოს თითოეულ ოჯახში უნდა ისმოდეს - ხმამაღლა და მკაფიოდ.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ამსისქე წიგნი. თითქოს, ხომ ვიცით ყელაფერი, გაგვიგის, წაგვიკითხავს… მაგრამ ესე მონაყოლით გადმოცემული, უშუალო მოწმეებისგან, ოჯახის წევრებისგან ძალიან რთულია ემოციურად. კიდევ რამდენი ისტორია დაიკარგა… მადლობა ამ წიგნისთვის! სულმოუთქმენლად ველოდები მეორე და მესამე საწილებს.