ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მოღვაწეობა მრავალმხრივია. ის წერდა ეპიკურ პოემებს, ლირიკულ ლექსებს, ღრმა აზრით განმსჭვალულ პროზას და ბერძოლი სულისკვეთების პუბლიცისტურ წერილებს.
პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“ ავტორი მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ზნეობრივად ეთიშებიან თემს და საკუთარი სინდისასა და გრძნობის კარნახს ემორჩილებიან. პოემის მთავარი გმირები არიან ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური, რომლებიც ქისტების სოფელთან ახლოს, მთებში შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა თავისთან მიიპატიჟებს ხევსურს და კარგადაც უმასპინძლებს, მაგრამ ჯოყოლას თანასოფლელი, რომელიც აგრეთვე მასთანაა სტუმრად, იცნობს ქისტების დაუძინებელ მტერს და თემს შეატყობინებს ზვიადაურის სოფელში ყოფნის ამბავს. ღამით ქისტები თავს დაესხმებიან ჯოყოლას სახლს და „შებოჭავენ“ სტუმარს.
მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ქართულ ხალხურ პოეზიაში სტუმრის პატივისცემის ადათის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ სტუმრად მყოფი მტრის დაცვა მასპინძლის განუხრელი მოვალეობაა - აი, მოქმედი ადათის მოთხოვნა.
ცალკე რომელი ადათიც არ უნდა ავიღოთ, გაჟას გმირები მათ დაცვას სრულიადაც არ გაურბიან. ჯოყოლა არ ზრუნავს ზვიადაურის, როგორც მტრის, დაცვაზე:
„მე გთხოვ, გაუშვა, მუსაო
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.“
ჯოყოლა ცნობს იმ ადათს, რომლის მიხედვითაც, ოჯახიდან გასული სტუმრის მიმართ ისევ ძალაშია სისხლის აღების ტრადიცია.
ვაჟა გვიჩვენებს, რომ გარკვეულ სიტუაციაში ურთიერთშეთანხებული დადებითი ადათი თემს არ მოეპოვება და ეს იწვევს პიროვნების ტრაგედიას. თვით თემი „ებრძვის“ საკუთარ თავს, თვით თემშივეა მოცემული შინაგანი წინააღმდეგობა. ვაჟას გმირებისათვის არ არის ცნობილი ადათი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაშინ, როდესაც მტერი სტუმრადაა. ამ შემთხვევაში რომელს მისდიოს მან - სტუმართმოყვარეობის თუ სისხლის აღების ადათს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია თემში.
ჯოყოლა თანამოძმეების მიერ განკიცხულია, მაგრამ საკუთარი სოფლის დასაცავად მაინც იბრძვის. პატრიოტულმა სულისკვეთებამ განსაკუთრებით მაშინ იჩინა თავი, როდესაც პიროვნება საზოგადოებისაგან გარიყული აღმოჩნდა.
ჯოყოლა გულის კანონებით მოქმედებს, რადგან მისი საქციელის საფუძველი სიყვარულია, თორემ გონებით ცხადია, უნდა მოკლას ზვიადაური, როგორც მტერი და ამ ქრისტიანი „ღორის“ გამო არ უნდა მოიმდუროს სოფელი.
უმნიშვნელოვანესია ზვიადაურის დატირების შემდეგ შინ დაბრუნებული აღაზასა და ჯოყოლას საუბრის ეპიზოდი. ბევრი ქმარი, თვითონ შეურაცხყოფილი თანასოფლელთაგან და ცოლისაგან მივიწყებული, ქალს თავს რისხვას დაატეხდა, მაგრამ ჯოყოლა გამორჩეული და განსხვავებული ხედვის ადამიანია. ჯოყოლამ მადლად ჩაუთვალა ქალს ღირსეული ვაჟკაცის დატირება. ამ კეთილშობილებასთან ერთად ჯოყოლამ დაკვირვებისა და სწორი დასკვნების გამოტანის უნარიც გამოავლინა.
კეთილშობილებას ეწირება აღაზაც. ულამაზეს მანდილოსანს ასევე მშვენიერი სულიერი სამყარო გააჩნია. იგი საოცრად ძლიერია სულიერად, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდა ფსიქოლოგიურ-სარწმუნოებრივი ბარიერის გადალახვას და მტრის შებრალება-დატირებას. აღაზას პიროვნების ტრაგიულობის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ვერ ათანხმებს გულსა და გონებას, ერთი სხვას ეუბნება, მეორე -სხვას. აღაზამ იცის, რომ თანასოფლელთა საქციელი ეწინაღმდეგება მთის კანონებს და არ შეესაბამება ვაჟკაცურ წესებს.
მინდა ავღნიშნო, რომ პიროვნება მაშინ უპირისპირდება საზოგადოებას, როდესაც აშკარად გამოირჩევა თანამოძმეებისაგან: აზროვნებს სხვანაირად და უმრავლეს შემთხვევაში წინ უსწრებს საზგოადოებას. იცის თუ არა თემმა გამორჩეული პიროვნების ფასი? - უნდა შეინიშნოს, რომ საზოგადოება მხოლოდ თავის ერთგულ კაცს აფასებს, როგორც კი განსხვავება გამოჩნდება და თვალში საცემი გახდება, თემი კვეთს ნებისმიერ წევრს.
„სტუმარ-მასპინძელი“ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხს ეხება. ერთ მხარეს ჯოყოლა და აღაზა არიან, მეორე მხარეს - თემი, თავისი მოძველებული, მაგრამ მკაცრი და ხელუხლებელი კანონებით. მათი დაპირისპირების მიზეზად გადაიქცა ორი ადათის ურთიერთშეჯახება.
ნაწარმოების ფინალში ვაჟა-ფშაველა აყალიბებს „სტუმარ-მასპინძლის“ მიზანს. ჯანღი იმ ჩამორჩენილობას გამოკვეთს, რის გამოც სოფელი არა თუ ვერ აღიქვამს, არამედ ვერც ხედავს გამორჩეულ პიროვნებებს. ისინი ამის ღირსნი არ არიან. ჯოყოლამ და ზვიადაურმა იციან, რომ კაცის საზომი სიყვარულია და არა მტრობა, სისხლის ღვრა. ამის გაგება არ ძალუძთ ჯოყოლას თანასოფლელებს. ჯანღი სწორედ ამ უკანასკნელთა უძლურების დასტურია.