მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი შეყვარებული ბიჭის სახელი ჰქვია, მაგრამ მასთან საერთო მხოლოდ უიღბლობა აქვს. არცერთ ქართულ რომანში რომ არ დაწერილა და არავის გაუგონია, ისეთი უიღბლობა. „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება.
უცნაურ რაღაცას კი ვაკეთებ, მაგრამ ამ ავტორის მოთხრობების კრებული დამატებული ჯერ არაა. ამიტომ აქ ვიტყვი, რომ "მკვლელობა სადგურის უბანში" არაჩვეულებრივია და ძალიან ბევრ მკითხველს იმსახურებს. საერთოდ არ მეგონა, თუ ამდენად კარგი მოთხრობები დამხვდებოდა კრებულში. 2-3 ცოტა ნაკლებად მომეწონა, მაგრამ, საერთო ჯამში, ხუთი ვარსკვლავი და დიდი სიყვარული ავტორს დასამახსოვრებული პეიზაჟების, ჩვენნაირი პერსონაჟებისა და თხრობის მომხიბვლელი მანერის გამო.
ეს წიგნი ჩემი bookish challange-ის ფარგლებში წავიკითხე (3 წიგნი 1 დღეში) და თანაც ეს ჩელენჯი ამ წიგნით დავიწყე. ჩემს ვლოგს თუ ჩაუჯდები ჩემი რეაქციების ნახვაც შეგიძლია, რადგან რაღაც მომენტებს შოკირებული ვკითხულობდი.
ეს არის წიგნი, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე ბევრ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემას, განიხილავს ყველა დღის წესრიგში არსებულ მოვლენასა და სოციუმის შეხედულებას. თითქოს გამოგზაურებს თანამედროვეობაში, რომელშიც ისეც ცხოვრობ და კითხვის დროს შენივე სამყაროს ვიზიტორი ხარ. იმდენად რეალური იყო ყველაფერი, რომ წიგნში ქართული რუსოფობიაცაა ნახსენები, რის გარეშეც თანამედროვეობაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ბორიტი აგრესორის თემატიკა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რამაა.
რომეო ჩვენთვის მუდმივ თავდადებულ სიყვარულთან ასოცირდება კი, აქაც თავდადებულია რომეო, ოღონდ ცოტა სხვანაირად. ჰყავს მეორე ნახევარიც, ოღონდ სხვანაირად, აქვს ცხოვრებაც, ოღონდ ცოტა სხვანაირად. მოკლედ, ეს რომეო სახეშეცვლილი რომეოა და თანაც იცინის, ოღონდ წიგნი უკარგესად მთავრდება ფრაზით "რა აცინებს?".
მართლაც, რა აცინებს რომეოს? სასაცილოდ აქვს საქმე? მაგრამ, ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის, სადმე ერი?
კარგი იყო, გემრიელად საკითხავი და აი, რაღაცნაირად რომ შეხედავ წიგნს და ხვდები, ამ წიგნით ავტორიც რომ კარგად გაგიცვნია.
თითქოს ეს კითხვა „საუნდტრეკია“, რომელიც მკვეთრად გასდევს რომანს და საჭირო დროს თავს გახსენებს. თავს გახსენებს ტექსტში ამოზრდით, იმ თემებით, რომელზეც ავტორი ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ კი ძალიან ფრთხილად, ნატიფად მიანიშნებს. რომანის დასაწყისში განცდა დამრჩა დიდ, გამომწვევ წითელ ფარდას ვუყურებდი, შუა კითხვისას კი მივხვდი, რასაც ფარავდა ავტორის განზრახვა. კარგად შერჩეული სევდა, გემოვნებიანი ხიფათი, დღევანდელი დღე და ეს ყველაფერი წარსულის მძიმე, ტრავმული მოგონებებით გამოწრთობილი, თითქოს ფარდა დროში და ტანჯვაში გამოკვეთილ ადამიანის ქანდაკებას გვიმალავდა, ანდაც ადამიანს (გნებავთ, ადამიანებს), რომელსაც ყველა უბიძგებდა უსულო ქმნილება გამხდარიყო. ყველაზე მეტად კი წიგნის ის ნაწილი აღმაფრთოვანებს, სადაც ავტორი სავარძელში მოკალათებული თანამედროვეობის ოდნავ ზიზღნარევ კრიტიკას გვთავაზობს. [და აღმაფრთოვანებს სიყვარული, რომელიც ოდნავ ზიზღნარევი კრიტიკითაა გაჯერებული] მოკლედ, სასიამოვნო მოგზაურობა იყო მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი შეყვარებული ბიჭის სახელის მქონე პერსონაჟთან ერთად, დანტეს ჯოჯოხეთივით მძიმე ცხოვრებაში.
[და მართლაც, არაფერი იყო სასიამოვნო, თუმცა - რომეო იცინოდა!]
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ამიტომაა ხანდახან მოლოდინების შექმნა დათვური სამსახური საკუთარი თავისთვის. არადა ისეთი კარგი პერსონაჟები ჰყავს, მნიშვნელოვან თემებზეც წერს, მაგრამ, საერთო ჯამში, რომანადაც ვერ აღვიქვი მთელი წიგნი. არათუ თავიდან თავამდე, აბზაციდან აბზაცამდეც კი ერთიანი ნარატიული სტრუქტურა არ იქმნება. და კი, დროში მონაცვლე თხრობა, განსხვავებული პერსონაჟების პერსპექტივა და სწორხაზოვან თხრობაში პარალელური ჩართვები პირველად არ წამიკითხავს, საერთო განწყობა როგორი იქმნება, ამას ვგულისხმობ.
ასევე ის სოციალურად კრიტიკული ეპიზოდები, რომლებიც ტექსტში გვხვდება, ხშირად შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იმდენად უახლესი აწმყოს ნაწილი ან სულაც იმ ამბებით შთაგონებულია, რომლებისგანაც ავტორი საკმარისად დაშორებული არ არის განზოგადებისთვის, რომ უმი კარალიოკის ჩაკბეჩას ჰგავს, პირს რომ გიშუშხავს, რადგან დამწიფება აკლია.
ასეთ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე, სიღარიბეზე, უსამართლობის განცდაზე, უიღბლობასა და წარუმატებლობაზე, დეპრესიაზე, კრიზისზე, უსიყვარულობაზე, ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებზე ასე მსუბუქად, ლაღად, თითქოს ერთი ხელის მოსმით წერა ურთულესია, თან ამ ყველაფერს რომ ორას გვერდში ატევ, უდავოდ ნიჭიერების ზეიმია. ყოველ გვერდს ისე მარტივად ჩაიკითხავ, სულ ღიმილ-ღიმილით, გაგეცინება კიდეც, ოღონდ სხვანაირად, სევდიანია ეს სიცილი და გული დაგწყდება, იმიტომ რომ ძალიან ნაცნობი, მძიმე ამბები გხვდება, გითრევს და ამოსუნთქვას ვერ ასწრებ, ისე მალე მთავრდება. თხრობის სტილია უკარგესი, უსწრაფესი და ყოველდღიურობისგან განსხვავებით, ლამაზად გადმოცემული. რომანი უსწრაფესად და სიამოვნებით გაკითხებს თავს.
ეს წიგნი სხვისი რეკომენდაციით წავიკითხე და გული მწყდება იმედგაცრუების გამო. ის თემები, რასაც ავტორი ეხება, უთუოდ ყველასთვის ნაცნობი დს მტივნეულია, თუმცა ვფიქრობ რომანი კარგად შეკრული ტექსტი არ არის და კითხვისას ცოტა დამღლელია. ავტორის ენას ეტყობა, რომ ტექსტზე ბევრი აქვს ნაფიქრი და ნამუშევარი, ვფიქრობ ნიჭიერი და პერსპექტიული ავტორია.