მგონია, რომ მედეა ის პერსონაჟია, რომელთანაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ბევრი საერთო იპოვოს. სწორედ ამიტომაა იგი უსაზღვრო და მარადიული. თანაც, განდიდებული მკითხველთა მიერ, როგორც ქალი რომელიც უყვართ და რომლისადმიც ემპათიით არიან განწყობილნი. არადა თითქოს ასე არ უნდა იყოს, იგი საშინელი, ბოროტი გმირია. ყველა ცოდვასა და საზიზღრობას ზურგით ატარებს.
" მე ვცრუობდი, ვატყუებდი, ვქურდობდი, მე ბინძური ვარ... ჩემ გამოა, რომ დევნილი ხარ და შენ ირგვლივ ყველაფერი სისხლითაა მოთხვრილი. მე ვარ შენი უბედურება, იასონ, შენი წყლული, შენი ფუფხი. მე ვარ შენი დაკარგული ახალგაზრდობა, შენი გაფანტული კერა, შენი მოხეტიალე ცხოვრება, შენი მარტოობა, შენი სამარცხვინო სენი. მე ვარ შენი ბინძური საქმეები და ბინძური ფიქრები. მე ვარ სიამაყე, ეგოიზმი, გარყვნილება, მანკიერება, დანაშაული. მე ვყარვარ, ვყარვარ, იასონ! "
მედეას მედეად ჩემთვის სწორედ ეს თვისება აქცევს. იცოდეს თავისი საშინელება და უსწორებდეს ამას თვალს და სხვანაირად არ იქცეოდეს. ეს მედეაა. ესაა მისი არჩევანი. მოიპაროს, მოკლას და იყოს მედეა. ერთადერთი და დაუვიწყარი. ეს იცის იასონმაც, უხსნის კიდევაც რომ სწორედ ამიტომ უყვარს. მისი ბნელი მხარე არის ის, რაც მას საოცრებას სძენს.
"მშვიდობით, მედეა. ვერ გეტყვი, ბედნიერი იყავი-მეთქი... იყავი, ვინც ხარ."
ანუიმ განსაკუთრებით კარგად მედეას ორი სახე, თვისება, ნარატივი წარმოაჩინა. პირველი ისაა, რომ მას საკუთარი თავი ებრალება და ყველაზე მეტად აზიზღებს საკუთარ თავს. და ამას ყველანაირად ებრძვის. ესაა ის ხიდი, რომელსაც მიჰყავს იგი საბედისწერო გადაწყვეტილებებამდე. და ამას კიდევ აიტანს, თავს მოიტყუებს, მაგრამ როცა იასონიც შეიცოდებს, ეს უკვე მისთვის განაჩენია. გატყდება იგი, როგორც ბროლის სარკე და წასვლის წინ ქმარს ბოლოჯერ სთხოვს, იქნებ თავიდან ცადონ ყველაფერი. ესაა სრული სიგიჟე მწერლის მხრიდან, როგორ იდეალურად დახატა ეს ტრაგედია. ყველაზე ძლიერი ადამიანის ბუნებაც, რომ მაინც გაიხსნა. ვეღარ გაუძლო ამდენს და უარის მიღების შემდეგ, იმწამითვე გაიყინა. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გაყინულა.
"- მე მებრალები შენ, მედეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს იცნობ, რომელსაც მხოლოდ იმისთვის შეუძლია მოგცეს, რომ მიიღოს, მე მებრალები, რადგან მიმაგრებული ხარ მუდმივად საკუთარ თავს, გარშემორტყმული ხარ შენ მიერ დანახული სამყაროთი...
- შენთვის შეინახე სიბრალული! დაჭრილი მედეაც საშიშია. ჯობს, თავი დაიცვა. "
" - (ჩურჩულებს) ბედნიერება... (ისევ პაუზა. უეცრად აგრძელებს ხმადაბლა, მორჩილად, გაუნძრევლად.) იასონ, ძნელი წარმოსათქმელია, თითქმის შეუძლებელია. ეს მახრჩობს და მრცხვენია. ახლა, რომ მეთქვა, მინდა ვცადო ახლა შენთან ერთად-მეთქი, დამიჯერებდი?
- არა.
- (პაუზის შემდეგ) სწორიც იქნებოდი (უმატებს, ჩვეულებრივი ხმით) აი. ყველაფერი ვთქვით, არა?
- დიახ. "
მეორე კი მისი მიზანია. მიზანი, რომ იასონმა ვერასოდეს დაივიწყოს. და მზადაა, ამისთვის ყველაფერი გაიღოს. დედამიწის თითოეული ცოცხალი არსება, ბნელეთის ღმერთს მსხვერპლად შესწიროს. ეს სიგიჟეა? შურისძიება? თუ უბრალოდ ისაა, რაც მედეაა სინმადვილეში.
"მაშ, შენ შეგიძლია წარმოიდგინო სამყარო უჩემოდ?"
"- მე საერთოდ არ მინდა შენი სიკვდილი. შენი სიკვდილი ისევ შენ ხარ. მე მინდა დავიწყება და მოსვენება.
- ეგ არასდროს გეღირსება იასონ! "
" ეს მე ვარ. ეს მე ვარ! ეს საშინელი მედეაა! და ახლა სცადე და დამივიწყე! "