მეორედ წავიკითხე, ისევ იგივე ემოციებით, თვალზეც ცრემლები შემატოვა. თითქმის დამვიწყებია როგორ მიყვარს ბიშაი და როგორი დიდებული პერსონაჟია.
ყველა წიგნს ხომ თავისი დაუვიწყარი ატმოსფერო აქვს, არომატები, გემოები, შეგრძნებები მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და განსაკუთრებული დაჰყვება. ორმაგად განსაკუთრებულია ეს ყველაფერი, როცა საქმე აღმოსავლეთს და არაბულენოვან ავტორებს ეხებათ. კითხვისას აშკარად გრძნობ, რომ გაუსაძლის სიცხეში, ეგვიპტის ერთ პატარა სოფელში მიაბიჯებ და მონასტრის წინ ფაცხაში გასაგრილებლად შეჩერებული ამ გულისმომკვლელ ამბავს ისმენ, თან ყველაფერს მთელი სიცხადით შეიგრძნობ, როგორ დნება პირში ფაფუკი და ნაზი ღურაიბა, გესმის შეღამებულზე ჰარბის ჩახშული, ტკივილნარევი სიმღერა, რომელშიც თავის ცხოვრებას და უბედობას გამოხატავს, უყურებ დაჭრილ კურდღელთან ჩამუხლულ ბიშაის და შენც, მასთან ერთად, ცრემლი გისველებს თვალებს, და რა თქმა უნდა, უსიტყვოდ გესმის, გრძნობ რა იმალება ნაადრევად დაბერებული საფიას, კვლავ მწვანე სხივჩამდგარ თვალებში შურისძიების სურვილის უკან..
თავისებურად ნოსტალგიურია და ბიბლიური ალუზიებიც შთამბეჭდავადაა ჩართული წიგნში, ძალიან ტრაგიკული და ემოციურიცაა, დიდ ტკივილს, ბევრ ფიქრს, პერსონაჟებისადმი დიდ სიყვარულს გიტოვებს გულში და ამავე დროს ხვდები, რომ ცალსახად დადებითი თვისებების გამო არაა ეს გრძნობა შერჩენილი შენს გულს, უბრალოდ ყველა გიყვარდება ისეთი როგორიცაა, გიტოვებს ჩაშაქრული ფინიკის გემოს, ლუკსორის რაიონის მზე მკლავებს გიწვავს, ბიჭის მიერ მოთხრობილი ამბავი კი, რომელიც თეთრ ყუთში ჩაწყობილ ტკბილეულს ხვატში მონასტრისკენ მიარბენინებს, შენეული ხდება, არ გტოვებს და ვერც დაივიწყებ..