“მექსიკური დღიურის” საყიდლად, ფაქტობრივად, ისეთივე მოგზაურობა გამომივიდა, როგორც არჩილ ქიქოძეს - მექსიკაში. გამიზნულად არ გავდიოდი რუსთავი მოლში, სულაკაურის გამომცემლობაში წიგნის შესაძენად. ავდიოდი ჭავჭავაძის ფილიალში ლექციიდან გამოსული და დათვალიერების შემდეგ შევიტყობდი, რომ ტირაჟი ამოიწურა. მეორე დღეს ისევ მივიდოდი, ისევ არ იყო, ხვალ ისევ მივაკითხავდი - ისევ არ იყო. ბიბლუსში აქამდე არ შევდიოდი, ლიტჰაიკერის ფასდაკლებით მინდოდა მესარგებლა, მაგრამ ახლა სხვა რა გზა მქონდა?! პირველი კორპუსის მოპირდაპირედ არსებულ ბიბლუსის ფილიალში შევედი, არც იქ ჰქონდათ. შემომთავაზეს სხვა ადგილიდან მოვიტანთო, თუმცა გავუღიმე და უარი ვუთხარი. მომწონდა ეს მოგზაურობა წიგნისთვის, ათასგზის რომ გაიწელა. საბოლოოდ რუსთაველის მეტროსკენ მიმავალმა, გზად ბიბლუსის ფილიალს შევუარე და იქ ჩემდა გასაკვირად, შევიძინე.
რა დამიტოვა წიგნმა? რამდენიმე თვეში რომ ვეცადო გახსენება თუ რა დამიტოვა წიგნმა, ალბათ ბევრი ვერაფერი. უფრო ჩემი ცხოვრების დღეები გამილამაზა, როცა თბილისიდან რაჭისკენ მომავალს მინდოდა გზაში წამეკითხა, მაგრამ მთელი 5 საათი მხოლოდ მზისგან დაისიცხა და მეტი არაფერი. იმ დღესვე “იძულებული ვიყავი” 20:00სთ-მდე წამეკითხა რაღაც ნაწილი მაინც, რათა ლიტჰაიკერის ტესტი მეწერა. ეს დრო ნამდვილად დაუვიწყარი იყო. წიგნი წყალივით იკითხება, თითქოს ავტორთან ერთად შენც მოგზაურობ მექსიკაში. შენც გიფუჭდება ფოტოაპარატი, რის გარეშე ყოფნაც დაუშვებელია. არც შენ იცი მობილურის გამოყენება, მეგობარი გიჯავშნის სასტუმროს თუ სხვ. შენც რჩები დერეფანში ტრუსების ამარა, კარი შიგნიდან გეკეტება და ელოდები როდის მოვა მარტინი, შინ შესვლა რომ შეძლო.
“მექსიკური დღიურის” დაუვიწყარი პერსონაჟია მარიო, მაგრამ მაინც ვერაფრით გავიხსენე რომელი მანქანით მოაკითხა არჩილ ქიქოძეს პირველად მექსიკაში მოგზაურობისას(ტოიოტა ყოფილა). აი, ის კი დანამდვილებით ჩამრჩა გონებაში, ქიქოძეები კაშნეს რომ არასდროს იკეთებენ.
სასიამოვნოა ნაცნობი სახელების შეხვედრაც წიგნში. ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი. ისინი გვადალახარას სტუმრობენ, რათა წიგნის ფესტივალს დაესწრონ. მეც
მოუთმენლად ველოდები მაისის მიწურულს, რომ წავიდე თბილისის წიგნის ფესტივალზე, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ.
ყოველივეს მიუხედავად, წიგნს უფრო კარგად რომ გავუგო ვიცი, კიდევ რამდენჯერმე უნდა წავიკითხო, თუმცა ჯერ არა, ჯერ სხვა რაღაცები დგას რიგში.
ჰოდა, როგორც ტურაშვილი ამბობდა ხოლმე Viva Mexico, Cabrones!