გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.
გალაკტიონმა თავადვე დადგა საკუთარი ცხოვრების დრამა, ჩვენამდე მოღწეული ამბები კი ამ დრამის ერთგვარი ანარეკლებია. მკითხველის თვალწინ იხატება, ერთი მხრივ, გენიალური შემოქმედი, ხოლო მეორე მხრივ, ყოფითი პროზის წინაშე მდგომი უმწეო, დაუცველი ადამიანი, რომლის თავდაცვის იარაღი ირონია იყო, ხოლო თავშესაფარი – პოეტური ოცნება.
გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს
საბჭოთა ეპოქაში გალაკტიონის პოეზიას ვერაფერი დააკლეს, თუმცა ლოთი და შეშლილი კაცის იმიჯი შეუქმნეს. დიახ, სვამდა, მუზებს ესაუბრებოდა, მეფის ტიტულს ატარებდა. სხვა რა დარჩენოდა კაცს, რომელსაც სამშობლო წაართვეს, სიღარიბეში, მარტოობაში დატოვეს. მხოლოდ პოეზიაღა დარჩა თავშესაფრად, მთვარე და ღამე...
მიუხედავად შიმშილისა,სიღატაკისა,უსაზღვრო ირონიისა , რასაც "დიდი ამხანაგები" მის მიმართ იჩენდნენ , მაინც ავიდა მწვერვალზე და დაიდგა პოეზიის გვირგვინი.ვის რა უნდა დაეწერა ან ვინ რა უნდა დაწეროს ოდესმე ისეთი , რომ გალაკტიონს ოდნავ მაინც მიუახლოვდეს.
ავიდა მწვერვალზე,გადადგა ნაბიჯი და 1959 წლის 17 მარტს გადაეშვა უკვდავებაში.
"მიდიხარ...შენს ბედს ბევრი ინატრებს მშვენიერს,ბედი სხვა არსად არი, შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს - შენ უკვდავების ხარ ბინადარი."
" მაშინ ნაზი ჩუმი ღიღინით მოხიბლული ,შენ რაღავა სხვას ფიქრობდი შორეულს...და უცებ წამოიძახე :"ყველაფერს დააგვიანდა..." მე ისევ განვაგრძე სიმღერა უფრო დაბალი ხმით.შენ ჩუმად წაიჩურჩულე : "ყველაფერი სიზმარია"... "
"იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის არ შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა." - ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამის" გადაკითხვა, მხოლოდ ამ ეპიზოდის გამოც (მი)ღირს... მანამდეც მიყვარდა დუმბაძე, მაგრამ პირველად რომ ეს ეპიზოდი ამოვიკითხე, გულამოვარდნილი ვტიროდი. არაფრის განმარტება რომ არ სჭირდება, ისეა ყველაფერი აღწერილი. პრინციპში, ამ წიგნისა და გალაკტიონის ცხოვრების დასასრულის ფორმის პათოსსაც ხსნის.
სასაცილოა მიწაზე დაშვებული გალაკტიონიო, მისი ძმა ამბობდა. მე კი მგონია, რომ უფრო უხერხული იყო.
საინტერესოა, საინტერესო. სინანულიც საინტერესოა მათი, ვისაც ალბათ რაღაცის შეცვლა შეეძლოთ (ამაში კი დიდად მეპარება ეჭვი). ასე იყო თუ ისე, 1959 წლის 17 მარტს, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან, გალაკტიონი "გადმოიქცა" და უსასრულობას შეერია.
შემოდგომაზე დაბადებული, მარტის ტოტების ქარს გადაჰყვა. ხოლო ამ მცირე ამბებს/მოგონებებს, შემოდგომისა და გაზაფხულის მარადიულ ხიდს რომ ჰკრავენ, სულ ცოტათი კიდევ ახლოს მოჰყავს შენამდე გალაკტიონი- ქაოსი, კოსმოსი, ნგრევა, პოეზია, სილამაზე, უბედურება, აღფრთოვანება, მუსიკა(სიტყვის მუსიკა)...