მინდა, რომ ყველაზე დიდი განხილვა ამ შედევრს, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის კონსანტინეს მარჯვენას” დავუთმო.
პირველი მინდა დავიწყო მეფე გიორგით. როგორც ვიცით, მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე არსაკიძეა, ოსტატი, თუმცა ვფიქრობ, ხალხის გული მაინც მეფე გიორგიმ მიითვისა. მმართველი, რომელიც ორ უდიდესს მეფის შორის იყო გაჭყლეტილი, დიდი ბაგრატ მესამის,გიორგის მამისა, და ბაგრატ მეოთხესი, გიორგის ძისა. გიორგი იყო განსახიერება პატრიოტის, იგი იყო მეფე, რომელსაც ბავშვობაშივე დაადგეს თავზე გვირგვინი და შემოსვეს ტახტზე, მთელი ბავშვობა შემდეგი სიტყვები ჩაესმოდა:
,,მეფე ხარ და ხამს…
მეფე ხარ და გმართებს…
მეფე ხარ და გევალება…
ასეთ წუთებში მეფედ არყოფნას ნატრობდა გიორგი”.
იგი იყო მეფე, რომელმაც ცხოვრება იმ სიცარიელის ამოვსებას დაუთმო, რაც მთელი ბავშვობა დააკლდა, გადაიცვამდა ძონხებს, შეიღებავდა წვერს ინით და წაიყოლებდა რამდენიმე ბავშვობის მეგობარს ტყეში სანადიროდ. მინდა რამდენიმე ჩემი საყვარელი ციტატა მოვიყვანო მასთან დამოკიდებულებაში:
,,ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე”
,,როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას”
“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”
,,ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს”
და ბოლო რომელზეც ალბათ საათები ვტიროდი, ახლაც ვტირი არ დაგიმალავთ:
,,არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი”
კარგი, ჩემი აზრით, გიორგი მეფეზე საუბარს ვერასდროს მოვრჩები, ალბათ ვერ აგიხსნით რამხელა გრძნობები გააღვიძა მისი ეპიზოდების წაკითხვამ, ალბათ ვერ აგიღწერთ თუ როგორი მწვავეა ჩემი სიყვარული გიორგისადმი, არა, არ გეგონოთ ფანატი გოგოსავით ვგულისხმობდე, პირიქით.
ახლა გადავალ თვით მთავარ გმირზე. კონსტანტინე არსაკიძე იყო დიდი ხელოვანი, მინდა ვთქვა, რომ მეც ხელოვანი ვარ (იმიტომ ჩავთვალე ამის თქმა საჭიროდ, რათა უკეთ ჩასწვდეთ ჩემს დამოკიდებულებას მისადმი). არსაკიძე იყო, ჩემი აზრით, ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, ყველაზე უმანკო და გულუბრყვილო. ვფიქრობ, უფრო მეტად იმიტომ მიყვარს, რომ მასთან დაკავშირებული ციტატები მიყვარს. ამიტომ მინდა რამდენიმე ჩემი საყვარელი ციტატა მოვიყვანო:
,,ხელოვნებაა თვით უკვდავება”
,,როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი
შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის
მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის
ნისლთან.”
,,არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად”
,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც შეჰყურებს პირში”
,,ვაი მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს.
და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით.
დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად, სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს”
და ბოლო, რომელზედაც ალბათ ყველაზე დიდიხანს ვფიქრობდი, ვტრიოდი და დღემდე ყოველდღე მახსენდება:
,,შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”
ვფიქრობ, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ თუ რა დამოკიდებულება მაქვს ამ წიგნთან, შეიძლება უკვე გიჟიც გგონივართ. თუმცა როცა წაიკითხავთ შემდეგ დამაფასებთ! გ პ ი რ დ ე ბ ი თ
p.s სვეტიცხოველი ყველამ ნახეთ.