მიხეილ კვესელავა > Quotes > Quote > Nino liked it

“...და აქ მოხდა საოცრება, რომლის გამო ვყვები ამ ამბავს. მე როგორღაც უნგრული რევოლვერი მომხვდა ხელთ, უშველებელი რაღაც იყო, ჩვენებურ ძველ დამბაჩას ჰგავდა, მსხვილყალიბიანს... ავწიე თუ არა ეს ჩემი "მზადყოფნაში მოყვანილი" დამბაჩა... გვერდით მდგომ მაიორს უცებ სიცილი წასკდა. ეს ისე მოულოდნელი იყო და ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს სადღაც უფსკრულის პირას ჩამავლო ვიღაცამ ხელი და შემაჩერა. მგონი ცალი ფეხი უკვე გადადგმულიც მქონდა იქით, მაგრამ ამ უეცარმა სიცილმა ადგილზე გამაშეშა...
მე არასოდეს არ დამავიწყდება ეს სიცილი. ალბათ, რამდენი კაციცაა ამ ქვეყნად, სიცილიც იმდენნაირია. ყველა თავისებურად იცინის. ადამიანის სულიერი სამყარო სიცილშიც მჟღავნდება. ზოგი ისე გაიცინებს, რომ შეგზარავს, ზოგის ღიმილი კი ცის კარებს გაგიხსნის. გესლიანი სიცილი გულს გიკლავს, დამცინავი - გაღიზიანებს. ადამიანი სიხარულის გამო იცინის, მაგრამ ზოგჯერ დიდი მწუხარებაც იწვევს ნერვიულ სიცილს.
ახლა ისიც ვიცი, თომას მანი რომ წერს "შემაძრწუნებელი სიცილის" შესახებ. ადრიან ლევერკიუნმა ისეთი სიცილი იცოდა, რომ შიშის ზარს სცემდაო თავის მეგობრებს. "ჯოჯოხეთური სიცილიც" გამიგონია. ისიც მინახავს, შეშლილი რომ სიცილით გამოხატავს თავის უბედურებას.
იმ მაიორის სიცილი კი სულ სხვა იყო, ძლიერი, ნერვიულიც, მაგრამ მაინც ხალისიანი; გულიანი სიცილიო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი, თუმცა იმ სიტუაციაში ისეთი მოულოდნელი და უცნაური, რომ შეშფოთებულმა შევხედე, ხომ არ გაგიჟდა-მეთქი. სხვებმაც მოიხედეს. ალბათ, იმათაც ასე იფიქრეს. ის კი ისევ მხიარულად იცინოდა. მერეც ტუჩებზე ღიმილი არ მოშორებია, ისე მითხრა:
- შე იდიოტო, სად ნახე ეგ ზარბაზანი! თუ თავის მოკვლაა, რაღა ამ უსაშველო ტყვიით იხეთქავ თავს, აგერ მოიცადე ცოტა და...
უცებ ხმას დაუწია, სახეზეც ღრუბელმა გადაურბინა და ერთბაშად ჩამოხსნა ღიმილი მის ტუჩებს. სული რომ მოითქვა, ისევ წყნარი, მაგრამ უკვე გაჟეჟილი ხმით თქვა:
- მერე ამ ჩემს "ბრაუნინგს" აიღებ და ის იქნება...
ამაზე სხვებსაც გაეცინათ. შეიძლება ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე კი იყო. ალბათ, ამ უეცრად მოვარდნილმა სიცილმა წალეკა ტრაგიკულობის შეგრძნება და ერთი წუთით მაინც მისცა გზა ხალისიან განწყობილებას. იმას კი ვინ იტყვის, თვითონ სიცილი საიდან მოვარდა ასე უეცრად, ან იმ ღობემძვრალმა იუმორმა სად მოძებნა ხვრელი, რომ სიკვდილის ამ სამეფშიც შემომძვრალიყო!
ამაზეც ახლა ვფიქრობ, თორემ ამაშინ არც არაფერი მიფიქრია. ისე, ერთი წუთით ამიტაცა ცაში ამ უცნაურმა სიცილმა და... კიდევაც გადამარინა "თვითლიკვიდაციას"...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

No comments have been added yet.