Arundhati Roy > Quotes > Quote > Igor liked it

Arundhati Roy
“***SPOILER***

სწორედ იმ არქიტექტურულ კოლეჯში სწავლისას გადაეყარა ლარი მაკ-კასლინს, რომელიც დელიში მასალებს აგროვებდა თავისი სადოქტორო დისერტაციისათვის „ადგილობრივი არქიტექტურის ენერგეტიკული ეფექტურობა“.
რაჰელი პირველად კოლეჯის ბიბლიოთეკაში შენიშნა, მეორედაც – „ხან-მარკეტში“. ლურჯი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, მხრებზე კი ძველი, ჭრელი ნაკუწებისაგან შეკერილი გადასაფარებლის ფრაგმენტი მოეგდო, რომელიც ყელთან ღილით იკვრებოდა და უკან მოსასხამივით დასთრევდა. გრუზა თმა საგულდაგულოდ შეეკრა, ეგებ სწორი გამომიჩნდესო, მაგრამ არ უჩანდა. ერთ ნესტოზე ციცქნა ბრილიანტი უბრწყინავდა. უღმერთოდ ლამაზი ლავიწის ძვლები და სასიამოვნო, სპორტული ნაბიჯი ჰქონდა.
ნამდვილი ჯაზი ეს არისო, გაიფიქრა ლარი მაკ-კასლინმა და წიგნების მაღაზიაში ფეხდაფეხ შეჰყვა, თუმცა წიგნები არც ერთს არ დაუთვალიერებია.
ხელი რომ სთხოვა, რაჰელს ისე გაუხარდა, დაღლილ ­მგზავრს რომ გაუხარდება აეროპორტის მოსაცდელში ვაკანტური სკამის დანახვა – არიქა! მგონია, დაჯდომა მეღირსებაო. და ლარი მაკ-კასლინს ბოსტონში გაჰყვა.
როდესაც მაღალი ლარი ცოლს ეხვეოდა, რაჰელი ლოყით მკერდზე ეკვროდა და ქმარი მხოლოდ მის კინკრიხოს ხედავდა, მის გაბურძგნილ გიშრისფერ თმას. ქალს ტუჩის კუთხეში თითს რომ მიადებდა, სუსტ პულსაციას გრძნობდა. სიგიჟემდე მოსწონდა, პულსაცია სწორედ ტუჩის კუთხეში რომ ჰქონდა; მისი ნაზი კანის ქვეშ ეს სუსტი და გაუბედავი ფეთქვა გონებას უმღვრევდა. ხელს შეახებდა და გაფართოებული თვალებით აყურადებდა – ზუსტად ისე, სულგანაბული მამა რომ აყურადებს ხოლმე მუცლად მყოფი შვილის მოძრაობას.
გულში ისე იხუტებდა, როგორც საჩუქარს, როგორც სიყვარულით მირთმეულ განძს. როგორც პატარა, ჩუმსა და სათუთ არსებას, გაუსაძლისად ძვირფასს.”
Arundhati Roy, The God of Small Things

No comments have been added yet.