Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Revaz Gachechiladze.

Revaz Gachechiladze Revaz Gachechiladze > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-30 of 64
“ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლისას ჩვენ, ბუნებრივია, უკუვაგდებთ ისეთ აშკარა ბარბარიზმებს, როგორიცაა ბალკონი, ფანტანი, ბასეინი, ჩაინიკი, პლაშჩი, ზონტიკი, სუმკა, პოლი, აკოშკა, რამკა, ჩაშკა, ვილკა და მათ ნაცვლად ვამჯობინებთ ქართულ სიტყვებს აივანი, ქოლგა, ჩანთა, იატაკი, ფანჯარა, ჩარჩო, ფინჯანი, ჩანგალი. სინამდვილეში ყველა ეს სიტყვა ქართულში ასევე სპარსულ-არაბულ-თურქულიდან შემოვიდა.
(ამ, აღმოსავლეთმცოდნისათვის სრულებით ბანალური, ინფორმაციის პირველად მოსმენა რიგით ქართველში რაღაც შოკისმაგვარს იწვევს ხოლმე. მინდა დავამშვიდო ჩემი თანამემამულეები ანალოგების მოშველიებით: რუსულში ნასესხობები არანაკლებია და მრავალი სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას ისინი მონღოლურიდან, თათრულიდან, გერმანულიდან და სხვა ენებიდან შესული აღმოჩნდება; ინგლისური ენის ლექსიკის ლამის ნახევარი ფრანგული ან ლათინური წარმოშობისაა; ძველთურქულის (ოსმალურის) ლექსიკის ოთხ მეხუთემდამდე სპარსული ან არაბული წარმოშობისა იყო და თურქული ენის გაწმენდის პროცესმა ეს წილი, უკეთეს შემთხვევაში გაამესამედა. მაგრამ არც ერთ ამ დიდ ერს ამის გამო არ განუვითარდა არასრულასოვნების კომპლექსი. მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში სიტყვათა სესხება და გათავისება წესია და არა გამონაკლისი. ამით ნებისმიერი ენა მხოლოდ მდიდრდება!)”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“ტერმინი "შუა აღმოსავლეთი", შესაძლოა, ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა თავის არსებობას ევროპული გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ ის, მცირე ყოყმანის შემდეგ, საყოველთაოდ დაამკვიდრეს ამერიკულმა პრესამ და პოლიტოლოგებმა, რომლებისთვისაც მის ულოგიკურობას, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა: ვაშინგტონიდან დასავლეთ ევროპაც კი აღმოსავლეთია, თანაც მისთვის ყველაზე ახლო!”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“მიახლოებითი შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველები არც ერთ ხალხზე არც უარესები და არც უკეთესები არა ვართ. ობიექტური კრიტერუმები ასეთ შედარებას არც შეიძლება ჰქონდეს. ყველა ხალხს ჰყოლია თითო-ოროლა გენიოსი მაინც. სულელები ყველგან მრავლადაა. ხოლო სხვა ქვეყნების მთავრობები, ხალხის არჩეულიც კი, ჩვენს მთავრობებზე არანაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, უშვებენ და დაუშვებენ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“იმპერია პოლიტიკურად შეიძლება მოკვდეს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს არსებობდეს. რომის იმპერია ფაქტობრივად აღარ არსებობდა V საუკუნიდან, მაგრამ მისი სახელი აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდა, ხოლო მის კანონებს საუკუნეების შემდეგაც იყენებდნენ. ოსმალეთის გაქრობიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რიგში ოსმალური კანონმდებლობა კვლავაც გამოიყენება მიწათმფლობელობის, პირადი სტატუსის, უმცირესობათა უფლებების განსასაზღვრავად. ისრაელიც კი, რომელიც სულ სხვა ცივილიზაციის პროდუქტია, იძულებულია ცნოს მიწის ფლობის ოსმალეთის დროინდელი კანონმდებლობის ელემენტები.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“საქართველოს დემოკრატია 1918-21 წლებში იყო დიქტატურა სოციალ-დემოკრატიისა, ე.ი. მარქსიზმის მემარჯვენე ფრთისა და იგი იყო საქართველოში საბჭოთა დიქტატურის მომამზადებელი ხანა

ზურაბ ავალიშვილი”
რევაზ გაჩეჩილაძე, საქართველო მსოფლიო კონტექსტში
“მოსეს მაგალითი ამტკიცებს, რომ რელიგია პოლიტიკის მძლავრი იარაღია. ერთი ღმერთის რწმენა აძლიერებდა შინაგან სოლიდარობას მტრულ გარემოცვაში მყოფ ხალხში, რომელიც არ იყო მიბმული მიწასთან და თან დაჰქონდა თავისი სალოცავი.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“განსხვავებით ზომიერი (რაციონალური, ლიბერალური, სამოქალაქო-ტერიტორიული, რეფორმისტული... ტერმინები მრავალგვარია) ნაციონალიზმისაგან, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი შეფასება არ ეკუთვნის, ულტრანაციონალიზმი (მასაც აქვს სხვა სახელები, მაგალითად, ინტეგრალური ნაციონალიზმი) გამოირჩევა აგრესიული არატოლერანტობით, ქსენოფობიით, საკუთარი ერის "სულიერი მისიის" წინწამოწევით. თუ ასეთი განწყობა მოსათმენია ჩაგრულ ერში, მას შემდეგ, რაც ერი ჩაგრული აღარ არის (მაგალითად, დმოუკიდებლობას მიაღწევს), ასეთი განწყობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“საკუთარი და ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემა სავსებით ლოგიკურია ერთი წარმოშობის ტომისათვის: ის შეკრული უნდა იყოს, რათა ყველა მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს საერთო ძალით გაუმკლავდეს. ერთი, მფარველი და მხოლოდ თავის რჩეულ ხალხზე მზრუნველი ღმერთის იდეა კი პოლიტიკური მონოლითიის ჩამოყალიბებას იძლევა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“ხალხის მასა ხომ ტოტალიტარიზმის პირობებში აღიზარდა და მისი [მონური?] ფსიქოლოგია მოითხოვს, რომ "ქვეყანას პატრონი ჰყავდეს". ეს "პატრონი" ერთი კაცი უნდა იყოს. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყველა პირველი მდივანი ხომ "ერის მამა" იყო? ტოტალიტარულმა აზროვნებამ შექმნა კვარცხლბეკი ასეთი "ერის მამისათვის", ხოლო კომუნისტების ჩამოცილებამ ხელისუფლებისაგან ეს კვარცხლბეკი ცარიელი დატოვა.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“არაბების წვლილზე მსოფლიო მეცნიერებაში მეტყველებს მრავალი არაბული სიტყვა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ევროპულ ენაში იყენებენ - ალგებრა, ქიმია (ალქიმია), ალგორითმი, ლოგარითმი, ციფრი, ალმანახი, ალკოჰოლი, სოდა, ზენიტი, ჩეკი და სხვ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც, საერთაშორისო მასშტაბით, სიმართლე იმის მხარესააა, ვისაც მეტი ძალა აქვს.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ და დასავლეთ პერიფერიაზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო ბრიტანული ქმნილებაა. ლონდონმა არ მისცა მათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ნახევარკუნძულის შუაგულში დაწყებულ არაბთა გამაერთიანებელ მოძრაობაში, რის შედეგადაც მთელი ნახევარკუნძული ერთი სახელმწიფო შეიძლებოდა გამხდარიყო. სხვა კუთხით დანახვის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ "ლონდონმა თავისი პროტექტორატები დაიცვა იბნ-საუდის ექსპანსიონიზმისაგან". დიდ ბრიტანეთს აქ საკუთარი მიზნები ჰქონდა: თავიდან სანაპირო პუნქტების სტრატეგიული მდებარეობა იზიდავდა, შემდეგ კი ეკონომიკური ინტერესი (ნავთობი) გაუჩნდა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“როდესაც 19 წლის ქართველმა გოგონამ ნონა გაფრინდაშვილმა 1962 წელს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ამან ქალთა ჭადრაკის საოცარი ბუმი გამოიწვია საქართველოში. მომდევნო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჭადრაკში ყველა მსოფლიო ჩემპიონი ქალი ქართველი იყო”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ზოგი, ალბათ, არ დაეთანხმება ამ "კრამოლურ აზრს": ისტორიის სახელმძღვანელებმა ჩაუნერგეს მათ, რომ ქართველი ერი XII საუკუნეშიც არსებობდა. სინამდვილეში, ასე დიდი ხნის წინ არ არსებობდნენ არც ფრანგი, არც ინგლისელი, არც გერმანელი, არც იტალიელი, არც რუსი, არც თურქი, არც ქართველი, არც სომეხი და არც სხვა ერები (ნაციები) თანამედროვე გაგებით, თუმცა, გარკვეული პირობითობით, მათ ასეც იხსენიებენ ხოლმე. თანამედროვე ევროპულმა ერებმა (ნაციებმა) ბევრად უფრო გვიან დაიწყეს წარმოქმნა - XIV-XVIII საუკუნეებიდან და ეს მრავალსაუკუნოვანი და მტკივნეული პროცესი იყო.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ყურანი ქრისტიანებსა და იუდეველებს (აგრეთვე საბაელებს) "ალჰ ალ-ქითაბ"-ად ("წიგნის ხალხად") მიიჩნევს და მათ მიმართ ტოლერანტობალ მოითხოვს. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს მოთხოვნა ცხოვრებაში ხშირად არ ხორციელდებოდა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“მშვიდობისა და მიმტევებლობის მქადაგებელი იესო ქრისტეს მოძღვრება კეისრებმა თავისი დაპყრობითი პოლიტიკის სამსახურში ჩააყენეს.
ზეეროვნულობის მიუხედავად (თეორიულად "ყველა ქრისტიანი ძმაა"), ქრისტიანობა ერწარმომქმნელი და სახელმწიფოწარმომქმნელი ფაქტორის როლის შესრულებას იწყებს, განსაკუთრებით დასავლეთ აზიაში.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“სხვისი სიმდიდრე და წარმატება ხშირად ხდება შურის საბაბი, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც "უსამართლოდ დაჩაგრულად" მიიჩნევს თავს. ადვილია საკუთარი წარუმატებლობა სხვა თემს გადააბრალო და საკუთარ თემში მოახდინო ასეთივე "დაჩაგრულების" მობილიზაცია. შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში ებრაელთა რბევა, ძირითადად, შურის მიზეზიდ ხდებოდა და ის, თითქმის ყოველთვის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული.
თუ უცხო რჯულის ხალხის სიმდიდრე შურის საგანი ხდება, ახალგამდიდრებული პირებისათვის დამახასიათებელი ამპარტავნობა - გაღიზიანებას იწვევს, ხოლო ვიწრო ეთნიკურ წრეში ჩაკეტილობა - ეჭვს ბადებს. ეს ყველაფერი აშკარად სუბიექტური ფაქტორებია, რომლებიც შეიძლება სულაც არ ეფუძნებოდეს რეალობას. მაგრამ ფაქტია, რომ XIX საუკუნის ევროპაში სულ უფო მეტად იკიდებს ფეხს ის, რასაც დერქმევა სხარტი, მაგრამ ამავე დროს საშინელი სახელი - ანტისემიტიზმი.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“აიზენჰაუერს ჟუკოვისთვის უთქვამს, რომ ვერმახტის მიერ დანაღმული ველები მოკავშირეთა არმიას ყველაზე დიდ სირთულეს უქმნიდა და აფერხებდა შეტევას, რადგან განაღმისთვის საჭირო იყო სპეციალური ტექნიკური საშუალებების მოზიდვა. დაუნდობლობით ცნობილმა მარშალმა ჟუკოვმა კი პოპულარულად აუხსნა გამოუცდელ ამერიკელს დანაღმულ ველზე შეტევის განხორციელების საბჭოთა მეთოდი: "როდესაც ჩვენ მივადგებით დანაღმულ ველს, ჩვენი ქვეითი ჯარი ზუსტად ისე უტევს, როგორც ნაღმებისაგან თავისუფალ ადგილზე. ნაღმებით მიყენებულ დანაკარგს ჩვენ ვუთანაბრებთ იმ დანაკარგს, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, თუკი გერმანელები ტყვიამფრქვევებითა და არტილერიით დაიცავდნენ იმავე ადგილს".
ერთი სიტყვით, საბჭოთა ჯარისკაცებს საკუთარი ფეხით უშვებდნენ ნაღმზე ასაფეთქებლად. როგორც წესი, ამ მიზნით "საჯარიმო ბატალიონებსა და ასეულებს" (штрафные батальоны и роты) იყენებდნენ, სადაც ხანდახან უმცირესი დანაშაულისათვის იხდიდნენ სასჯელს საბჭოთა ოფიცრები და ჯარისკაცები. საჯარიმო ბატალიონებში და ასეულებში ომის დროს გაიარა 490 ათასმა საბჭოთა სამხედრო მოსამსახურემ. მათი უმეტესობა დაიღუპა. ცოცხალი ძალის დანაკარგი "штрафбат"-ებში ხუთ-ექვსჯერ სჭარბობდა ჯარის სხვა ნაწილების დანაკარგს.
ვერმახტსაც ჰქონდა ასეთივე საჯარიმო ნაწილები, სადაც ომის დროს 34 ათას გერმანელ ოფიცერსა და ჯარისკაცს მოუხდა, მაგრამ მათ არ ექცეოდნენ ისე ველურად, როგორც წითელ არმიაში.
აიზენჰაუერი იქვე ასკვნის "მე ნათლად წარმოვიდგინე, თუ რა რა დაემართებოდა რომელიმე ამერიკელ ან ბრიტანელ მეთაურს, თუკი იგი ასეთი ტაქტიკის გამოყენებას შეეცდებოდა! ...ამერიკელები ომის ფასს ადამიანთა დანაკარგით ვითვლით, რუსები - სახელმწიფოს მთლიანი დანაკარგით".”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“მინდა გამოვთქვა, შესაძლოა, წინააღმდეგობრივი აზრი: თავისუფალი აზრი უფრო მეტად ფასობს მძიმე შეზღუდვების პირობებში. ასეთ დროს მწერალს და ხელოვანს რაღაც სტიმული უჩნდება, წარმოაჩინოს საპროტესტო თუ არა, არაკონფორმისტული შეხედულება მაინც, რომელსაც გამგები გაიგებს. თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება" 1980-იან წლებში ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე, ვიდრე ახლა ახდენს. ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"-ში აღწერილი სეთური, სტალინს რომ გვაგონებს, სწორედ მაშინ იყო ფასეული.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“საქმე ისაა, რომ ნებისმიერი წარმოშობის, თუნდაც არაგაბატონებული ერის, არისტოკრატია იმპერიაში პრივილეგირებულ კლასს წარმოადგენს, ეთნიკურ დისკრიმინაციას ის ჩვეულებრივ ვერ გრძნობს ხოლმე: არისტოკრატიისთვის ბატონი არის არა სხვა ეთნოსი, არამედ უშუალოდ ხელმწიფე, რომლის ეთნიკურ წარმოშობას მნიშვნელობა არა აქვს. ასე იყო რუსეთის იმპერიაში. იგივე ითქმის ავსტრია-უნგრეთზეც, სადაც პოლონური თუ ჩეხური არისტოკრატია ჰაბსბურგთა დინასტიის ერთგულ დასაყრდენს წარმოადგენდა. ასეთი "ელიტარული ინტერნაციონალური ლოიალობა" ყველა იმპერიის მდგრადობისათვის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია.
სამაგიეროდ, ეთნიკურ დისკრიმინაციას ნათლად გრძნობენ რიგითი ადამიანები, რომლებიც არ განეკუთვნებიან გაბატონებულ ეთნოსს/ეთნოსებს.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ორი ათასი წლის წინ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და დასავლეთ ევროპისათვის პოლიტიკური ცენტრი პირველი (და ერთადერთი ნამდვილი) რომი იყო. შეგახსენებთ, რომ "მეორე" და "მესამე რომად" თავს აცხადებდნენ კონსტანტინოპოლი და მოსკოვი. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში კი მსოფლიოს გაუჩნდა "მეოთხე რომი", იგივე Washington D.C., რომელსაც მსოფლიოს პრობლემების თავის ტკივილიც ერგო წილად: მსოფლიო ლიდერობა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა!”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“გავიხსენოთ XII-XIII საუკუნეების საქართველოს მონარქების ტიტულატურა: "მეფე აფხაზთა და ქართველთა, კახთა, რანთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა... "რანნი" რანში ცხოვრობდნენ, შარვანშა კი შირვანის შაჰი იყო (მიიჩნევენ, რომ "შარვანშა"-დან მოდის შარვაშიძეთა/შერვაშიძეთა გვარი).
მეზობლების საყურადღებოდ: ამ ისტორიული ფაქტების მოტანა სულაც არ ნიშნავს რაღაც ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას. შუა საუკუნეები კარგა ხანია დამთავრდა!”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“თბილისის მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენდნენ ქართველები, რუსები, პოლონელები, გერმანელები, სპარსელები და სხვები, რომელთაც სომხებზე არანაკლები წვლილი მიუძღვით თბილისის აღმშენებლობაში. სომეხი მილიონრები კი საგანგებოდ იმიტომ ვახსენე, რომ მაშინდელ თბილისში ფინანსურად ისინი დომინირებდნენ და ბევრს აშენებდნენ კიდეც. ამას აღვნიშნავ, თორემ დღევანდელ სომხებს სწყინთ, როდესაც თბილისში მათი თანამემამულეების სამშენებლო ღვაწლს "არავინ ახსენებს".”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ამიტომაც, ერთ ადგილას მომხდარმა ლოკალურმა პოლიტიკურმა თუ ეკონმიკურმა მოვლენამ მალე შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინოს. XX საუკუნემ ეს ნათლად დაამტკიცა და წიგნში რამდენიმე ასეთი მაგალითია მოყვანილი. მაგალითად, 1914 წელს ტერორისტის მიერ სარაევოში ნასროლმა რამდენიმე ტყვიამ საბოლოოდ ოთხი იმპერია შეიწირა; 1929 წელს ნიუ-იორკის ბირჟაზე მომხდარი ფინანსური კრახის ერთგვარი გამოძახილი იყო გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის აღზევება; 1973 წელს ეგვიპტის ტანკების მიერ სუეცის არხის ფორსირებამ დაარღვია ნავთობის ფასების საუკუნოვანი სტაბილობა და მომდევნო ენერგოკრიზისების წინამორბედი გახდა; 1979 წელს თეირანში მომხდარმა რევოლუციამ არაპირდაპირ განაპირობა, რომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ საქართველო ნახშირწყალბადოვანი რესურსების სატრანზიტო ქვეყანად იქცა, რამაც მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას მეტი რეალობა შესძინა და ა.შ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“1917 წლის ბოლოს ლენინის უშუალო დავალებით ძერჟინსკიმ შექმნა "ჩეკა" (ВЧК - Всероссийская Комиссия по борьбе с контрреволюцией, саботажем и спекуляцией, "კონტრრევოლუციასთან, ცაბოტაჟთან და სპეკულაციასთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია"), რომლის სისასტიკემ ყველა გააოგნა.
ფელიქს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი ეთნიკური პოლონელი იყო, თანაც შლიახტიჩი (აზნაურიშვილი).
"ჩეკა"-ს 1922 წლის 6 თებერვლიდან ჩაენაცვლა "გეპეუ" (Государственное политическое управление, 1924 წლიდან ОГПУ - Обьединенное государственное политическое упровление: "გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო"), რომელიც შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატს ექვედემბარებოდა და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო კოისარი ან მისი მოადგილე. 1934 წელს "ოგეპეუ"-ს ფუნქცია პირდაპირ დაეკისრა "ენკავედე"-ს (НКВД - Народный комисариат внутренних дел, "შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი"), რომელსაც, თავის მხრივ, გამოეყო "ენკაგებე" НКГБ - Народный комиссариат государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი"). ამ უკანასკნელის მემკვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა "ემგებე" (МГБ - Министерство государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო"), ხოლო 1954 წლიდან და საბჭოთა კავშირის აღსასრულამდე - "კაგებე" (КГБ - Комитет государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი"). 1980-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი იმავე ორგანიზაციის სახელის ქართული აბრევიატურა "სუკ"-ი: ის უფრო დამამცირებლად ჟღერდა!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ასე ცხოვრბა ადვილიც იყო და საამურიც!
იმდროინდელ გაზეთებს თუ წაიკითხავთ, საბჭოთა კავშირში, ყოველ შემთხვევაში 1980-იან წლების შუაგულამდე, ძალიან იშვიათი იყო დანაშაული ან ავტოავარიები, საერთოდ არ ხდებოდა სტიქიური უბედრებები. მაგალითად, ის, რომ 1948 წელს მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია ქალაქი აშხაბადი, მხოლოდ მიწისძვრას გადარჩენილმა თურქმენებმა იცოდნენ, მაგრამ ამას არავის უყვებოდნენ, რადგან ციმბირში გადასახლებას ისევ მიწისძვრა ერჩივნათ. ყველანაირი ტორნადო, ტაიფუნი, ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა, ტყის ხანძარი, კატასტროფა რკინიგზაზე ან მაღაროში მხოლოდ კაპიტალისტურ ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო. საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა არც ტექნოლოგიური კატასტროფები. მას შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ მიღწევები ეკონომიკაში, ხალხის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებაში, სპორტში!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“არჩევა" მარტივად ხდებოდა, რადგან ყველა საარჩევნო ბიულეტინში ერთადერთი კანდიდატის გვარი იყო მითითებული.
ამომრჩევლებს ევალებოდათ "მოეხადათ თავიანთი სამოქალაქო ვალი" - მისულიყვნენ საარჩევნო უბანში და ხმა მიეცათ პარტიულ კომიტეტებში წინდაწინ შერჩეული "ხალხის რჩეულისათვის". არჩევნებში მონაწილეობისათვის თავის არიდება საშიში იყო: ეს სამუშაო ადგილზე სერიოზული გარჩევის საგანი გახდებოდა. ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 99,99 პროცენტი: გაუგებარია, ვინ იყო ის მამაცი 0,01 პროცენტი, რომელიც რატომღაც არ მოდიოდა საარჩევნო ურნასთან! როგორც ჩანს, ამ ციფრს იგონებდნენ - 100 პროცენტი მაინც რაღაც უხერხულობას ქმნიდა. მხოლოდ ესტონეთს სსრ-ში იყო ხოლმე არჩევნებზე გამოუცხადებელთა მაჩვენებელი მაღალი: ის 0,02 პროცენტს აღწევდა!
ამომრჩეველთა 99,99 პროცენტი ხმას აძლევდა საარჩევნო ბიულეტინში ჩაწერილ ერთადერთ კანდიდატს. მამაცი 0,01 პროცენტი ბიულეტინს აფუჭებდა: პროტესტის სხვა ფორმა არ არსებობდა.
ყველამ იცდა, რომ არჩევნები ფიქცია იყო. მაგრამ ვერავინ ბედავდა ამის თქმას.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ინ პერიოდში ახლო აღმოსავლეთშ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების იდენტობა ძირითადად რელიგიით განისაზღვრებოდა (უცხო კაცზე უპირველესად კითხულობდნენ: "რა რჯულისაა?").”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
“ის, რომ ადამიანებს არ ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოებრივი საქმის მიმართ, კომუნისტურ პირობებში ცხოვრების შედეგია.
"ეს მე არ მეხება", "ეს მთავრობამ უნდა გაგვიკეთოს" - ასეთი რამ დღემდე გვესმის.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავიდან ბოლომდე იბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, იყო დიდი ბრიტანეთი, რომელსაც 1940 წლის 10 მაისიდან ომში გამარჯვებამდე სათავეში ედგა პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. გერმანიამ ის ვერ დაამარცხა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I

« previous 1 3
All Quotes | Add A Quote