“- ისტორიის ამ ყველაზე აზარტულ სამეცნიერო თამაშში ჩვენ ორი მილიარდი დოლარი დავდეთ და მოვიგეთ...
დიახ, "სამეცნიერო თამაშშიო" - ასე თქვა პრეზიდენტმა. ამით ომმა გონების სფეროშიც გადაინაცვლა. მეცნიერები ჯარისკაცებად იქცნენ. მათ თავიანთი ოფიცრები ჰყავდათ, სარდლები, მთავარსარდლებიც. მერე და როგორი? მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიკოსები და მათემატიკოსები, ფრიად პატივცემული ადამიანები: აინშტაინი, ოპენჰაიმერი, ფერმი, ვინერი, ჟოლიო-კიური და, ვი იცის, კიდევ ვინ. ყველამ იცოდა, ამ "სამეცნიერო თამაშს" რომ კატასტროფული შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ ისევ ის საბედისწერო კითხვა იქცა გადამწყვეტ ფაქტორად: ვინ - ვის? მეცნიერება დიდი გამოცდის წინაშე დადგა. ადრე თუ Homo sapiens-ს უხმობდნენ სინდისის სამსჯავროს წინაშე, ახლა Homo scientificus-ის საქმეები დადეს მართლმსაჯულების ქალღმერთი თემიდას სასწორზე, რომლის ერთ თასზე მომავლის ბრწყინვალე პერსპექტივა იდო: ატომური ენერგიით მოპოვებული "აღთქმული ქვეყანა", მეორეზე კი - "პაწაწინა" ყუმბარა, რომლითაც მთელი ქალაქის მოსპობა შეიძლებოდა. ერთი სიკეთეს მოასწავლებდა, მეორე - ბოროტებას. არჩდევანი მეცნიერებს უნდა გაეკეთებინათ. ამან ზნეობის საკითხიც დასვა. მერე აუცილებლობის ფაქტორიც დააწვა ამ მეორე თასს და "გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა". ჯოჯოხეთმაც ერთბაშად დააღო ხახა... მეცნიერებამ მას მართლაც დიდი სამსახური გაუწია. ამან სინდისი შეაშფოთა, ითქვა კიდეც: ნუთუ ახლა ჩვენ გავხსენით პანდორას ყუთიო. ზოგმა იმ "ფატალურ აუცილებლობას" შეაფარა თავი: ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, სხვები გააკეთებდნენო. შეიძლება ეს სამართლიანიც იყოს. ოპენჰაიმერს რომ უარი ეთქვა თავის საქმეზე, ტელერი გააკეთებდა. თუმცა, რაღა ტელერი! განა აინშტაინმა, ვინერმა ან ჟოლიო-კიურიმ უარი თქვეს "ჯოჯხეთისთვის სამსახურის გაწევაზე?"
-მე რომ მომესპო ყოველი სიტყვა, რომელთაც შეეძლოთ იმის გამჟღავნება, რასაც ვაკეთებდი, ის სიტყვები მაინც გაჩნდებოდნენ სხვათა შრომებში, - იმართლა თავი ვინერმა.
ჟოლიო-კიურის ურჩიეს, არ გამოექვეყნებინა თავისი შრომა ატომგულის გახლეჩის შესახებ, მაგრამ არ დაიჯერა, სულერთია, სხვები გამოაქვეყნებენო.
- ატომის ჯაჭვისებური რეაქციის აღმოჩენა იმაზე მეტ საშიშროებას არ უქმნის კაცობრიობას, ვიდრე თავის დროზე ასანთის გაკეთება იყოო, - ინუგეშებდა თავს აინშტაინი. ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს დელბრიუკი წერს:
- როცა 1905 წელს აინშტაინმა აღმოაჩინა მასისა და ენერგიის ეკვივალენტობა, მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქედან რომ ატომური იარაღი მიიღებოდა.
თვით აინშტაინსაც ეგონა, "ღმერთები ზარს არ თამაშობენო", მაგრამ მოტყუვდა: ღმერთები კი არა, თურმე ამა ქვენის მეუფენიც აგორებენ კამათლებს. მერე თვითონ აინშტაინიც მიხვდა ამა, მაგრამ... უკვე არა ჩვეულებრივი, არამედ "კოსმოსური ასანთი" იყო ანთებული.
ოპენჰაიმერის უარის თქმაც ნაგვიანევი აღმოჩნდა. იმ "ოსმოსური ასანთის" ერთ-ერთმა მთავარმა შემქმნელმა ენრიკო ფერმიმ კი ატომის ყუმბარის გამოცდის შემდეგაც თქვა:
- უწინარეს ყოვლისა, ეს არის საინტერესო ფიზიკა.
ამ "საინტერესო ფიზიკამ" ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია გამოიწვია...”
―
მიხეილ კვესელავა,
ას ერგასის დღე წიგნი III